Accessibility links

logo-print

მედვედევმა დიდი შვიდიანის განცხადებას „უსაზღვრო ცინიზმი“ უწოდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა გააკრიტიკა მსოფლიოს წამყვანი შვიდი ინდუსტრიული სახელმწიფოს განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის მხრიდან „მიუღებელი ჩარევა უკრაინის სუვერენულ საქმეებში“. რუსეთის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, მედვედევმა 4 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც, მისი თქმით, „ე.წ. დიდ შვიდიანს ეკუთვნის“, უწოდა „უსაზღვრო ცინიზმი“. განცხადება უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებდა ზომიერი მიდგომა შეინარჩუნოს აღმოსავლეთში სეპარატისტ მეამბოხეებთან დაპირისპირების პროცესში. მედვედევმა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, რომ ქვეყანაში ლტოლვილები არ არიან. მედვედევმა ამას „ტყუილი“ უწოდა და განაცხადა, უკრაინიდან ყოველდღიურად 3,000-მდე ადამიანი ჩამოდის რუსეთის როსტოვის მხარეშიო. სავარაუდოდ, მედვედევი გულისხმობდა, რომ უკრაინიდან ლტოლვილები რუსეთის სხვა ადგილებშიც ჩადიან. მედვედევის თქმით, 4,000-მა უკრაინელმა უკვე ოფიციალურად ითხოვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება ჰუმანიტარულ კრიზისად წარმოაჩინოს. უკრაინა ამ მცდელობას კრიტიკულად ეკიდება.
XS
SM
MD
LG