Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიხური N156 - „აღმოაჩინე ელიავა“


დღევანდელ მეათე სტუდიაში ერთი პროექტის შესახებ გიამბობთ, რომელსაც „აღმოაჩინე ელიავა“ ჰქვია. მისი მთავარი იდეაა საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებს მიაპყროს, რასაც პროექტის კოორდინატორები ხელოვანთა დახმარებით ცდილობენ. ელიავას ბაზრობაზე უკვე რამდენიმე თვეა სწორედ ამ მიზნით ორი არტისტი გოგო მუშაობს. მათი მისამარტია ჯიხური #156.

ელიავას ბაზრობა. ჯიხური # 156. ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი - დონიკა ჩინა და კატარინა შტადლერი - ჯიხურის წინ ზის და უსარგებლო, გადაყრილი მასალისგან სასარგებლო ნივთების გაკეთებას ცდილობს. ახლა პლასტმასის გადაყრილი ბოთლებისგან სახელდახელო ცოცხი მზადდება. ვერ წარმოიდგინეთ? მართალია, სანამ არ ნახავ, ცოტა ძნელია მიხვდე, როგორ იქცევა ბოთლი ცოცხად, ლუდის ქილის ნარჩენები - საფერფლეებად. ერთიც და მეორეც, დაჭეჭყილი სახით, მხოლოდ სანაგვეში მოსროლილი წარმოგვიდგენია. გარშემო საბურავების, ქანჩების, სამშენებლო მასალების მაღაზიები და ღია დახლებია. ირგვლივ სულ კაცები მუშაობენ. მხოლოდ დროდადრო თუ ჩამოივლის ხაჭაპურის ან ნაყინის დასიცხული გამყიდველი ქალი. ცხელა და მტვერია. ჯიხურის წინ პატარა მაგიდა დგას, სადაც კატარინას და დონიკას საჭირო ნივთები მოუგროვებიათ. ჯიხური თითქმის ცარიელია. აქ, განსხვავებით სხვა დახლებისგან, არაფერი იყიდება. ამ ცარიელ ინსტალაციას თავისი მიზანი და დატვირთვა აქვს.

„გვინდა, რომ აქ პატარა სახელოსნო გავაკეთოთ, სადაც ნათელი გახდება, როგორ შეიძლება გადასაყრელი, მეორადი ნივთების ხელახალი გამოყენება. ყველაფერს აქ აგროვებენ. ზოგი მასალა აქაურებს მოაქვთ გოგოებთან, მერე თავად წყვეტენ რას გააკეთებენ“, - გვიხსნის პროექტის კოორდინატორი და სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარის“ (GeoAIR) წარმომადგენელი სოფო ლაპიაშვილი და „აღმოაჩინე ელიავას“ თავგადასავალსაც გვიამბობს. ეს სამი წლის წინ დაიწყო. ეკოლოგიის თემაზე მუშაობის იდეა კურატორების ჯგუფს გაუჩნდა. პირობითად, „ელიავას ჯგუფი“ დაირქვეს და ეს სახელი დღემდე შემორჩათ კიდეც. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ელიავას ბაზრობასთან ახლოს ცხოვრობდა და ძალიან აწუხებდა იქაური დაბინძურებული გარემო. პირველად ის აზრიც, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე განეხორციელებინათ რაიმე ეკოლოგიური შინაარსის მქონე პროექტი, მისგან წამოვიდა. მაშინ პროექტს „აღმოაჩინე ელიავა“ დაარქვეს. პირველი კომპლექსური ნამუშევარი 2012 წელს არისტერიუმის ფარგლებში მომზადდა ჯგუფის წევრებისა და ამერიკელი კურატორის, ლიდია მეთიუსის სტუდენტების კოლაბორააცით. 2013 წელს „ელიავას ჯგუფმა“ ითანამშრომლა ქართულ არტ-ეკო პროექტთან, „ბაღი ბორბლებზე“, რომელიც ყოველწლიურად იქცა და განსხვავებული ფორმატით წელსაც გრძელდება.

ელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა
მოკლედ რომ ვთქვათ, „აღმოაჩინე ელიავას“ მიზანია, გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ხელოვანთა დახმარებით საზოგადოების ყურადღება მიიპყროს. სოფო ლაპიაშვილი გვიხსნის, რომ ისინი ცდილობენ თვითნაკეთი ნამუშევრების საშუალებით გადამუშავების ციკლი კიდევ უფრო გააფართოონ და ამ პროცესში ელიავაზე მომუშავე ხალხიც ჩართონ.

ამ იდეას სახელოვნებო ორგანიზაცია, „გეოეარი“ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივით Green Art Lab Alliance (GALA), „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან“ ერთად ახორციელებს.

„ამ პროექტის მთავარი კომპონენტი კიდევ ის იყო, რომ მასში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულიყო, რაც, მგონი, ნაწილობრივ უკვე მიღწეულია. კონტაქტი არსებობს. არტისტები თავს გარიყულად არ გრძნობენ, არც აგრესია იგრძნობა ვინმესგან. პირიქით, ყველა დაუმეგობრდა. როცა კატარინა რამის კეთებას იწყებს, მოდიან და ეკითხებიან, რას გააკეთებს, რა მასალას გამოიყენებს“, - გვეუბნება სოფო ლაპიაშვილი.

ელიავას ბაზრობაზე მომუშავეები თავიდან ორი უცნობი გოგოს გამოჩენამ ცოტა დააბნია. ზოგს მთლად ბოლომდე არ ესმის, რას აკეთებენ. ზოგი შორიდან აკვირდება. ზოგიც მიდის და კითხვებს უსვამს. ზოგიც მათ უკვე დაუმეგობრდა.
ჯიხური N156 - „აღმოაჩინე ელიავა“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00
გადმოწერა

„ხელოვანი ხალხია, რაღაც კრეატიული იდეები აქვთ. აი, მაგალითად, საბურავებისგან შეუძლიათ მაგარი რამეები გააკეთონ. მაგალითად... დივანი“, - გვეუბნება ერთი.

„ისე, ელიავაზე მათი ყოფნა უცნაურია. მეზობლური ურთიერთობა გვაქვს, კარგი. ხანდახან რაღაც მასალა მათთვის ჩვენც მიგვაქვს“, - ამბობს მეორე.

დონიკა ელიავას ბაზრობის შესახებ ფილმზე მუშაობს. ძირითადად მაშინ იღებს, როცა ბაზრობა ცარიელია. ცარიელი ბაზრობის ჩვენებაც კონცეფციის ნაწილია. კატარინა კი გვეუბნება, რომ მისი მიზანი არც ყოფილა ლამაზი ნივთების გაკეთება და თაროზე შემოწყობა:

კატარინა შტადლერი
კატარინა შტადლერი
„თავიდან ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა აქ დაყრილი უსარგებლო მასალა და ისეთ ნივთებად მექცია, რაც აქ მომუშავე ხალხს გამოადგებოდა, რადგან ისინი მთელ თავის დროს აქ ატარებენ, დილის შვიდი საათიდან გვიან საღამომდე. მაგრამ პროცესში ჩემი და დონიკას შეხედულებები ამ ბაზრობის შესახებ ნელ-ნელა შეიცვალა. რაც უფრო მეტს ველაპარაკებოდით ამ ხალხს, აღმოვაჩინეთ, რომ სულაც არ არის რაღაცის გადამუშავება საჭირო, რომ ბევრი რამ, რასაც ამ ჯიხურებში ყიდიან, თავისთავად უკვე ერთხელ გამოყენებული და ძველია. გადამუშავების ეს ციკლი აქ ისედაც მიმდინარეობს. როცა ჩვენ აქ ხალხს ვეკითხებოდით, რა სჭირდებოდათ, ისინი ამბობდნენ, რომ აქ ყველა ფულისთვის დგას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ არა რაღაც ლამაზი ნივთების კეთება, არამედ იმ ნივთების ანალოგებისა, რაც აქ ხალხს უკვე აქვს. ამიტომ ვაკეთებთ, მაგალითად, ამ საფერფლეებს ან ყუთებს რაღაცის ჩასაყრელად. ასევე გვინდა, რომ ამ ადგილის აღქმაც სხვანაირი იყოს, რომ ელიავა არც ისე არაორგანიზებული და მოუვლელია, როგორც ეს გარედან ჩანს. მაგალითად, აქ არის ნაგვის პრობლემა, თუმცა არა მოუგვარებელი: თუ მეტ სანაგვეს დავდგამთ, ეს პრობლემა აღარ იარსებებს. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ აქ გარკვეული ცოდნაა დაგროვილი. ჩვენ ამ ცოდნასაც ვაგროვებთ, აუდიოფირზე ვიწერთ და გვინდა ვაჩვენოთ, რომ იმ პრობლემების მიღმა, რაც აქ არსებობს, რომ დასასუფთავებელია ნაგვისგან და ა.შ., აქ არსებობს დიდი ცოდნაც, რაც ჯერჯერობით სხვებისგან დამალულია“.

კატარინა ამბობს,რომ მათთან ყოველდღე ვიღაც მოდის, რაღაც მასალა მოაქვს და ეკითხება, რამეში თუ გამოიყენებენ. შემდეგ, როცა ის კონკრეტული ნივთის კეთებას იწყებს, ურჩევენ ხოლმე, მაგალითად, რაღაცის დასაფიქსირებლად რომელი წებო გამოიყენონ. ამ პატარ-პატარა დეტალებისგან შედგება ხელოვანთა და ელიავას ბინადართა უცნაური ურთიერთობა. ხანდახან იქაურების ქმედება კატარინას ინსპირაციის წყაროც ხდება:

„აქ ყველა გამუდმებით თამაშობს ნარდს. საქმე თითქმის არაფერია, გარდა მყიდველის მოლოდინისა. ეს პროცესი - ნარდის თამაშისა - თითქმის არ წყდება. ხანდახან ეს ისე მოსაწყენი ხდება... სწორედ ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ნივთებისა და ნარჩენი მასალისგან გავაკეთეთ ნარდი, როგორც სიმბოლო იმისა, თუ რაში იხარჯება აქ მომუშავე ადამიანების დრო. ჩვენი ჯიხურიც იმიტომ არ გავავსეთ რაღაც დეკორატიული ნივთებით, არამედ ვაქციეთ ასეთ ცარიელ ინსტალაციად, მივუახლოეთ აქაური მუშაობის რიტმს, როგორიც ის სინამდვილეშია“.

პროექტი, კატარინას და დონიკას გარდა, 2014 წელს კიდევ 4 ხელოვანს უმასპინძლებს. ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაიწყეს ქართველმა არტისტმა გიორგი მაღრაძემ და პოლონელმა იზა როგუცკამ, რომელთა ნამუშევრების გამოფენა ასევე ელიავას ბაზრობაზე ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება.

#156 ჯიხურში მომზადებული ნივთების გამოფენა-ინსტალაცია კი 10 ივნისს იგეგმება. იქ მისულ ადამიანებს მათ მიერ მოწონებული ნებისმიერი ნივთის უფასოდ აღება და წაღება შეეძლებათ. ამ გზით, შესაძლოა, მათაც აღმოაჩინონ თავისი წილი ელიავა და დაფიქრდნენ, როგორც შეიძლება ამ ქალაქში ნაგავიც საყვავილედ იქცეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG