Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობის შეტანას ცდილობს


მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 ივნისს მომხდარი ფაქტის გამოძიების პირადად გაკონტროლებისკენ მთავარი პროკურატურისა და შსს-ს ხელმძღვანელებს მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მოხდა პირდაპირი ზეწოლა და შეტევა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, დღევანდელი მთავრობა კი ამას არ დაუშვებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს და საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობის შეტანას ცდილობს. ღარიბაშვილმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა არეულობებისგან თავი შეიკავონ, რადგან საქმე ეხება ქვეყნის წინსვლისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან არჩევნებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს ისეთივე პირობებში, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნა. 5 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მანამდე კომისიამ იმ მოტივით, რომ საქართველოში ორი წლის განმავლობაში არ უცხოვრია რეგისტრაცია გაუუქმა გამგებლობის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობიდან აკმამედ იმამ ყულიევს. ყოფილმა მმართველმა პარტიამ მარნეულოს საოლქო კომისია უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG