Accessibility links

logo-print
საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კიდევ ერთ კანდიდატს გაუუქმა რეგისტრაცია საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე, ანუ იმის გამო, რომ მარნეულის გამგებლობის კანდიდატს, აკმამედ იმამყულიევს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში. საოლქო კომისიის გადაწყვეტილებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შეიჭრნენ და, მათი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის აქტიურობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად შეაფასა. მომხდარის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს პრმიერ-მინისტრმა და მმართველმა პარტიამ. რა მოხდა მარნეულის რაიონში?

ხმაური იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კობა ასანიძის კაბინეტში, სადაც გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები აკმამედ იმამყულიევის რეგისტრაციის გაუქმებას აპროტესტებდნენ. კომისიის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ გადაწყვეტილება იმ საჩივრის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, აკმამედ იმამყულიევი ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს, რომ კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, სრულიად აშკარაა საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის არაერთგვაროვნად გამოყენების პრაქტიკა:

თუკი ხელისუფლება რეალურად აპირებს გამოძიებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა საჯაროდ და გამჭვირვალედ ითქვას ის გარემოებები, რა გარემოებებშიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს...
„როცა ოპოზიციის წარმომადგენელს ეხება საკითხი, კანონს განმარტავენ კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ხოლო როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ეხება, მაშინ - კანდიდატის სასარგებლოდ, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება საარჩევნო კომისიების იმიჯზე, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენი დამკვირვებლის აღქმა მარნეულში მიმდინარე პროცესისადმი იყო ასეთი: ვიღაცა ახდენდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის, თქმით, მას პირადად პარლამენტის თავმჯდმარემ ურჩია იმამყულიევის კანდიდატურის შეცვლა. აი, რა განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ უწყებათაშორისი კომისიის წევრია:

„თუკი ხელისუფლება რეალურად აპირებს გამოძიებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა საჯაროდ და გამჭვირვალედ ითქვას ის გარემოებები, რა გარემოებებშიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტიის გამგებლობის კანდიდატს მოეხსნა კანდიდატურა. სამწუხაროა, რომ მან მოხსნის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ეთნიკური ნიშანი“.

აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი...
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოსთხოვა:

„ასეთი რამ შეიძლება ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს და მის მიერ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ვიცი, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა მივმართო შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს, რომ პირადად გააკონტროლონ ამ გამოძიების ყველა დეტალი“.

6 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების პასუხად, განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დაადასტურა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა დასძინა:

„აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც „დამითმე-დაგითმობ“ და არც „თუ არადა, მაშინ“ საუბარი. საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაიარა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. მე მოვისმინე რამდენიმე საყურადღებო და მგრძნობიარე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში ამავე მიმართულებით განვითარებულ მოვლენებსა და პროცესებზე. არავის ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს. აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს“.

მარნეულის ინციდენტსა და აკმამედ იმამყულიევის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ზაურ ხალილოვს, რომლის თქმითაც, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე არ დასტურდება საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის დარღვევის ფაქტი:

„იქიდან გამომდინარე, რომ იმამყულიევს სხვა ქვეყანაში ცხოვრებისას (იყოს სამი თვე თუ ერთი თვე) რეგისტრაცია არ გაუვლია, შესაბამისად, ითვლებოდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი ამ პერიოდში იყო საქართველო. და კიდევ: ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქვემო ქართლში რაიონის პირველი პირის თანამდებობისათვის კანდიდატურად დაასახელეს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ძალიან ბევრი ადამიანი მიესალმა რაიონში, სადაც 80 პროცენტი ეთნიკური აზერბაიჯანელია. როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა იმამყულიევის კანდიდატურა, ყველა ელოდა, რომ „ქართული ოცნებაც“ ეთნიკურ აზერბაიჯანელს დაუპირისპირებდა“.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარი არჩევანი გააკეთა. კოალიციის სახელით რაიონის გამგებლობისათვის მერაბ თოფჩიშვილი იბრძვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიამ მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. კომისია საჩივარს ორი დღის ვადაში განიხილავს.
XS
SM
MD
LG