Accessibility links

logo-print

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა გაეროში წელსაც გაიზარდა

  • ნიკო ნერგაძე

დევნილთა დასახლება წეროვანში

დევნილთა დასახლება წეროვანში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს ნიუ იორკში მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იღებს. ამჯერად რეზოლუციას 69 ქვეყანამ დაუჭირა მხარი 13-ის წინააღმდეგ. 79-მა თავი შეიკავა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა წელს შვიდით გაიზარდა.
„მინდა შეგახსენოთ შარშანდელი ციფრები - 62 მხარდამჭერი და 16 მოწინააღმდეგე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოს დიპლომატიური სამსახურის და მე მინდა ეს მივულოცო ყველას“.

რატომ არის მნიშვნელოვანი რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობის ზრდა? თავად რეზოლუცია შესასრულებლად არასავალდებულოა. რეზოლუცია უკვე რამდენიმე წელია მოუწოდებს გენერალურ მდივანს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკი შეიმუშაოს, თუმცა გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში ნათქვამია, რომ არანაირი მსგავსი გრაფიკი არ შემუშავებულა „არსებული გარემოსა და მხარეებს შორის მიმდინარე დისკუსიების გამო“.
რუსეთი ამ ბოლო წლების განმავლობაში ავითარებს აზრს, რომ ამ დევნილებს, პირველ რიგში, აქვთ უფლება, რომ მოხდეს მათი რეინტეგრაცია იქ, სადაც არიან დევნილები და, შესაბამისად, მათი დაბრუნების უფლება აღიარებული არ არის...

ამის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების აზრით, რეზოლუციას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს რეზოლუცია ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უპირისპირდება დოქტრინას, რომლის დამკვიდრებასაც რუსეთი ცდილობს. ამ დოქტრინის მიხედვით, დევნილებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლება არ უნდა ჰქონდეთ:

„რუსეთი ამ ბოლო წლების განმავლობაში ავითარებს აზრს, რომ ამ დევნილებს, პირველ რიგში, აქვთ უფლება, რომ მოხდეს მათი რეინტეგრაცია იქ, სადაც არიან დევნილები და, შესაბამისად, მათი დაბრუნების უფლება აღიარებული არ არის. ჩვენ ვცდილობთ ამ რეზოლუციით, რომ საქართველომ და დანარჩენმა მსოფლიომ უპასუხოს, რომ არა, ამ ხალხს აქვს დაბრუნების უფლება. რაც უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს ამ საპასუხო კონცეფციას, მით უფრო ძლიერია ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტი“.
ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან ქვეყნები ისეთი რეგიონებიდან, საიდანაც ჩვენ არასოდეს არც ერთი ხმა არ მიგვიღია. ეს არის ცენტრალური და ლათინური ამერიკა, ეს არის არაბული სამყარო და ამით ძალიან ვართ გახარებულნი...

სერგი კაპანაძის თქმით, რეზოლუციას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს: კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, თუ ვინ სად დგას. მისი თქმით, ეს რეზოლუცია არ არის მხოლოდ დევნილებთან დაკავშირებული, იქ საუბარია ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კუთვნილებაზე და ძალიან კარგად ჩანს, თუ მსოფლიოში რომელი რეგიონი ვის უჭერს მხარს საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში.

რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება - 2008 წელს პირველ ასეთ რეზოლუციას მხარი მხოლოდ 14-მა ქვეყანამ დაუჭირა 11-ის წინააღმდეგ, 105-მა თავი შეიკავა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა, არამედ იმის გათვალისწინებაც, თუ რომელ რეგიონებს წარმოადგენენ ქვეყნები, რომლებიც ადრე არ უჭერდნენ მხარს რეზოლუციას, ახლა კი პოზიცია შეცვალეს - მაგალითად, საუდის არაბეთი და მექსიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: „ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან ქვეყნები ისეთი რეგიონებიდან, საიდანაც ჩვენ არასოდეს არც ერთი ხმა არ მიგვიღია. ეს არის ცენტრალური და ლათინური ამერიკა, ეს არის არაბული სამყარო და ამით ძალიან ვართ გახარებულნი, რადგან მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში“.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, კუბამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ, შრი-ლანკამ, სირიამ, სუდანმა და ვიეტნამმა. სერბეთმა, რომელიც წინა წლებში რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ამჯერად თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG