Accessibility links

logo-print

ეროვნული უმცირესობების როლი 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში


ავტორი:ირაკლი გედენიძე

ბოლო, 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 16 %-ს ეროვნული უმცირესობები შედგენენ. ყველზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია აზრბაიჯანელები (6.5%) და სომხები (5.7 %). აღნიშნული 2 ეთნიკური ჯგუფის ხმების მოზიდვა ნებისმიერი პარტიისთვის, ნებისმიერ არჩევნებში განსაკუთრებულად პრიორიტეტული უნდა იყოს, პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე. პროპორციულ არჩევნებში მოსახლეობის 13.2%-ის ხმები თავისუფლად შეიძლება გახდეს გადამწყვეტი პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში საშუალოზე ბევრად მაღალი საარჩევნო აქტივობების პირობებში. მაგ. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი ახალქალაქში 78.96% იყო, ხოლო ახალციხეში კი 85 %. მეორეს მხრივ, მარნეულის და წალკის რაიონში საშუალო აქტივობა იყო (46 % და 54 %), თუმცა მაინც 50 %–თან მიახლოვებული .
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ აზერბაიჯანელების და სომხების ხმების მოზიდვას გაცილებით უკეთესი და ოპტიმალური შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მათი განსახლების კონცენტრაციის გამო. აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებულები ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში, ხოლო სომხები ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის და ქვემო ქართლის წალკის რაიონში. შესაბამისად მათი მხარდაჭერის მოპოვება უზრუნველყოფს ამ რაიონებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამარჯვებას.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოიკვეთა ქცევის ერთი მოდელი – აქ ხმას ძირითადად მმართველ პარტიას აძლევენ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყრის კენჭს. ასეთ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვრების წაშლა.
ერთი–ერთი ფაქტორია ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობის დაბალი დონე. ამას ძირითადად განაპირობებს სახელმწიფო ენის არასათანოდო ფლობა. ამ კუთხით მათი ინტეგრირებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2008 და 2010 წლებში გაატარა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საარჩევნო სიების და ბიულეტინების ორ ენაზე დაბეჭდვა, ზოგადი საინფორმაციო რადიო და სატელევიზიო პროგრამები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, სომხურენოვან „ვრასტანში“, აზერბაიჯანულ „გურჯისტანში“ და რუსულნოვან „სვობოდნაია გრუზიაში“ საინფორმაციო მასალების დაბეჭდვა, ასევე კონსულტაციები და მრგვალი მაგიდები სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, საერთო ჯამში ეს ქმედებები მიმართული იყო არჩევნების პროცედურულად გამართვისკენ და გაყალბების აღმოფხვრისკენ. ეთნიკური უმცირესობების არჩევანის მოდელის ცვლილება პარტიების პრეროგატივად რჩებოდა.
2008 წლის არჩევნების დროს ოპოზიციის კანდიდატებმა საჭიროდ არ ჩათვალეს საარჩევნო კამპანიის ჩატარება ეთნიკური უმცირესობებით დასხლებულ რაიონებში. განსაკუთრებული აქტიურობით არც ნაციონალური მოძრაობა გამოირჩეოდა, თუმცა აქტიურობდნენ ცალკეული მაჟორიტარობის კანდიდატები.
განსაკუთრებულად საყურადღებოა პარტიების მიერ კანდიდატების შერჩევა. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კანდიდატის შერჩევას შეიძლებოდა პირდაპირ განეპირობებინა მისი გამარჯვება, თუმცა ეს, პარტიებმა პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს. პარტიულ სიებში, მონაწილე 1767 კანდიდატიდან მხოლოდ 24 იყო აზერბაიჯანელი და 16 სომეხი. ყველა მათგანს სიაში ისეთი ნომერი ჰქონდა, რომ მათი არჩევა მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობის სიაში 29-ე, 31-ე, 50-ე ნომრად , რესპუბლიკური პარტიის სიაში მე–9 და მე–11 ნომრად, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას საერთოდ 85–ე ნომრად.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, 434 მაჟორიტარიდან მხოლოდ 15 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ( 10 აზერბაიჯანელი, 4 სომეხი და 1 აფხაზი). ქალაქებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების მაღალი კონცეტრაცია იყო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მაჟორიტარ კანდიდატს დიდი შანსი ექნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაითვალისწინა, ისიც მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ახალქალაქში სომეხი კანდიდატი უალტერნატივო გამოდგა. თუმცა, ასევე მაღალი კონცენტრაციის, წალკის რაიონში ერთადერთმა სომეხმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ მინიმალური მცდელობების და ოპოზიციის სრული უმოქმედობის ფონზე, რასაც ისინი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი სახსრების სიმწირეს იმიზეზებდნენ, აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებულ რაიონებში ზემოთ აღნიშნული მოდელი განმეორდა და მმართველმა პარტიამ (მათ შორის მაჟორიტარებმა) ხმების უმრავლესობა მიიღო. საპარლამენტო მანდატი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნომინირებულმა 6– მა უმცირესობის წარმომადგენელმა მიიღო.
2012 წლის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შეეძლოთ 2008 წელს დაშვებული შეცდომები გაეთვალისწინებინა და ახალი მიდგომები შეემუშავებინა.
ქართულმა ოცნებამ სულ 9 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩართო პარტიულ სიაში , აქაც საუკეთესო მხოლოდ 35–ე ნომრით ქურთი კანდიდატი იყო. ეთნიკური უმცირესობების ინტერესებზე მიმართული სპეციფიკური კამპანიის არარსებობის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურ პარტიას არ უცდია ეროვნული უმცირესობების ხმების მიზიდვა.
ნაციონალური მოძრაობა ისევ მინიმალური მცდელობით შემოფარგლა. მმართველ ძალას რაიმე განსაკუთრებული საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. პარტიულ სიაში 12 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩართეს, თუმცა საარჩევნო სიის იმდენად ბოლო პოზიციებზე, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი მინიმალური იყო.
თუმცა საბოლოოდ, ქართული ოცნების მიერ ნომინირებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს უფრო გაუმართლათ – სამი მათგანი პარლამენტის წევრი გახდა ( ქურთი, სომეხი და აზერბაიჯანი), ხოლო ნაციონალური მოძრაობის სიაში მყოფი ვერც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი . ვერ მოხვდა პარლამენტში.
2012 წლის არჩევნებზე აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა –საშუალოდ 60%. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების არჩევანს, შენარჩუნდა ზემოაღნიშნული მოდელი.. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, გარდა ბორჯომისა, ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ქართულ ოცნებას რომ აქტიურად ებრძოლა ამ ხმების მოსაპოვებლად, შეეძლო პარლამენტის მანდატების ¾ ან მეტი მოეპოვებინა, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროს აღარ გახდიდა დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვებას.

საერთო ჯამში, ჯერ–ჯერობით პარტიების უმრავლესობა საჭიროდ არ თვლის ეთნიკური უმცირესოსების ხმებისათვის ბრძოლას და მათ კანდიდატებად წარდგენას (როგორც მინიმუმ პარტიულ სიაში ნორმალური ნომრით). მათ არა მხოლოდ არ აღელვებთ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში ინტეგრირება, არამედ არ თვლიან საჭიროდ დაინახონ პრაგმატული პოტენციური სარგებელი თავად პარტიისათვის. იმედს ვიტოვებ რომ ეთნიკური უმცირესობების ზოგადი ინფორმირებულობის დონის გაზრდა იძულებულს გახდის პარტიებს პრიორიტეტულად მიიჩნიონ ეს საგანი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG