Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კონსულტანტიზმი და მისი გავლენა ქართულ პარტიულ პოლიტიკაზე


ავტორი: ზურაბ ლომიძე

დღევანდელ სამყაროში პოლიტიკის წარმოება წარმოუდგენელია პოლიტიკური კონსულტირების გარეშე და მითუმეტეს პარტიული პოლიტიკისა.ზოგადად პოლიტიკური კონსულტირების არეალმა გაფართოება დაიწყო XX საუკუნიდან და იგი მკვიდრდებოდა პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი მუდმივ პოლიტიკურ მექანიზმად ჩამოყალიბება. ალბათ ყველასთვის ნათელი წარმოსადგენია თუ რაოდენ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა პოლიტიკის წარმოება და ზოგადად ეს წარმოების პროცესი რამდენად შრომატევადია. ამ პროცესის წარმოების მთავარ აქტორებად კი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვევლინებიან, რომლებიც ადრეული პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის იზღვევდნენ საკუთარ თავებს შეცდომების დაშვებისგან და აქედან გამომდინარე კითხულობდნენ რჩევა დარიგებებს სხვა პირისა თუ პირებისაგან. შეიძლება „მრჩეველთა“ შთამომავლადაც ჩავთვალოთ „პოლიტიკური კონსულტირება“ როგორც თანამედროვეობის ტერმინი. თანდათანობით მრჩეველი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პროფესიის სახით ჩამოყალიბდა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დღესაც სხვადასხვანაირად იწოდებიან: პოლიტიკური კონსულტანტები, პოლიტიკური მენეჯერები და ა.შ. მათი მოღვაწეობა გულისხმობს პოლიტიკოსებისათვის დახმარების გაწევას სხვადასხვა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის დროს. კერძოდ, ისინი რჩევებს აძლევენ პოლიტიკოსებს ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის მიღწევის ყველაზე ოპტიმალური გზის თაობაზე და ეხმარებიან ამ მიზნების რეალიზებაში. პოლიტიკური კონსულტირება ორგვარად შეიძლება განვიხილოთ: როგორც პროფესიონალური საქმიანობის განსაკუთრებული სფერო და როგორც მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დახმარება გაეწიოთ კლიენტებს და მიეცეთ მათ პრაქტიკული რჩევები.თანამედროვე მსოფლიოს გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, კონსულტანტების უმეტესობა ან ჟურნალისტია ან ყოფილი პოლიტიკოსი. არჩევნებში წარმატება კი დამყარებულია იმაზე, დაარწმუნა თუ არა კანდიდატმა და მისმა გუნდმა ამომრჩევლები თავიანთი საარჩევნო კამპანიის ქმედითუნარიანობაში. ამომრჩევლების ზემოქმედების ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას კი ტელევიზია წარმოადგენს თავისი აუდიტორული სიმრავლისაგან გამომდინარე და ცხადია ვიზუალური აღქმის ეფექტიც მყარ იარაღად ითვლება. იშვიათად გამოდიან პოლიტიკოსები თავიანთი ორგანიზაციის მენეჯერებად. მაგალითად, რეკლამის კარგი გრძნობა ქონდა ცნობილ ინგლისელ პოლიტიკოსს ჰაროლდ მაკმილანს. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი კი ამბობდა _ “თავიდან რომ მომიწიოს ცხოვრების დაწყებამ, რეკლამის სფეროში მოღვაწეობას ავირჩევდიო”. თავისი საარჩევნო კამპანიების კარგი ორგანიზატორი იყო რიჩარდ ნიქსონი.ასევე ხდება, რომ კონსულტანტები პოლიტიკოსებად იქცევიან ხოლმე. ამის კარგი მაგალითია რობერტ კენედი, რომელიც თავისი ძმის ჯონ კენედის საარჩევნო კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობდა. კონსულტანტების რანგში დაიწყეს თავისი კარიერა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, სენატორებმა ბარი გოლდუოტერმა და გერი ჰარტმა. საფრანგეთში ამგვარი ევოლუცია განიცადა პოლიტიკური მარკეტინგის ცნობილმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა მიშელ ნუარმა, რომელიც შემდეგ პარლამენტარი გახდა.პოლიტკონსულტანტის მოქმედების ველი ფართოა. ესაა სოციოლოგიური მონაცემების ანალიზი და, აქედან გამომდინარე, საარჩევნო კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, საარჩევნო კომუნიკაციების აწყობა. მაგრამ კონსულტანტის ყურადღების ცენტრში კანდიდატის იმიჯის ფორმირება დგას. სწორედ ამიტომ კონსულტანტს ხშირად იმიჯმეიკერსაც უწოდებენ, თუმცა ეს მთლად სწორი არაა. კლასიკური იმიჯმეიკერი დაკავებულია უმთავრესად კლიენტის გარეგნობით, მისი მანერებით, მეტყველებით და ა.შ. პოლიტიკური კონსულტანტი ზრუნავს არა იმდენად ფსიქოლოგიურ ან ესთეტიკურ მხარეზე, რამდენადაც მის სოციალურ-პოლიტიკურ შინაარსზე: კანდიდატი ყოველთვის ბუნებრივი უნდა იყოს, ამავე დროს პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას გარკვეული ტიპის ლიდერზე, განასახიერებდეს ამომრჩეველთა გარკვეულ პოლიტიკურ იდეას. არსებობს კონსულტირების ორი სახეობა: შიდა და გარე. შიდა კონსულტირება, როდესაც მაღალი რანგის პრაქტიკოს პოლიტიკოსს ეხმარებიან მისი აპარატის თანამშრომლები, თანაშემწეები, მრჩევლები, კონსულტანტები, აგრეთვე ამისთვის სპეციალურად შექმნილი სტრუქტურები, მაგალითად, პრეს-სამსახურები და ზკ-სამსახურები.გარე კონსულტირება, როდესაც პრაქტიკოსს პოლიტიკოსებს ემსახურებიან უწევენ დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულებები, დამოუკიდებელი სააგენტოები, პოლიტიკურ კონსალტინგში სპეციალიზირებული ფირმები. შიდა კონსულტირების მთავარი თავისებურება ისაა, რომ კონსულტანტები უშუალოდ არიან ჩართულნი სტრუქტურაში, რომელსაც პრაქტიკოსი პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს, ისინი მის სამსახურში არიან და მათი ფუნქციები პირველ რიგში საშტატო განრიგით განისაზღვრება. ასეთ კონსულტანტებს, გარდა ოფიციალურად განსაზღვრული ფუნქციონირებისა, არაფორმალური დახმარების გაწევაც შეუძლიათ, მაგრამ მაინც მათი მოვალეობების ძირითადი წრე შიდა ფორმალური განრიგით განისაზღვრება.
რაც შეეხება ამერიკულ მაგალითს პოლიტიკური კონსულტანტების შესახებ შემდეგნაირად გამოიყურება : „მკვლელები“ (პოლიტიკური რეკლამირების მკვლელები, 1980), „იმიჯით მოვაჭრენი“
(Hiebert et al., 1971), „საკითხის ამომრჩევლები“ (O’Shaughnessey, 1990) ეს არის იმ ნუსხათა ჩამონათვალი, რომლითაც ამკობენ ამერიკულ პოლიტიკურ კონსულტანტიზმს. ყველაზე დიდ ბრალდებას კი პოლიტიკური კონსულტანტების მიმართ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი ხელს უწყობენ პარტიების როლის შემცირებას საარჩევნო პროცესში. ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს დავა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური კონსულტანტები უწყობენ თუ არა ხელს პარტიების როლის დაქვეითებას ? ზოგიერთნი ამბობს, რომ პარტიული კონსულტანტები თავს ესხმიან პატარა პარტიებს ფულის გაკეთების მიზნით და ისინი ძირს უთხრიან ზოგადად პარტიულ ჩართულობას, ხოლო საპირისპირო მხარე კონსულტანტებისა და პარტიების ურთიერთობაში მსგავს საფრთხეს ვერ ხედავს, პირიქით დადებითად და თანამედროვე პოლიტიკის შეუქცევად პროცესად აფასებს ამ ყველაფერს. ზოგადად კონსულტანტებისა და პარტიების ურთიერთობების შესახებ არ არსებობს კვლევები და მეცნიერული დასკვნები,მაგრამ აღწერის დონეზე ჩატარებული კველვებიდან ერთი რამ ნათლად ჩანს, შეიძლება ჰიპოთეზადაც კი ჩავთვალოთ, რომ მოდერნისტულ პოლიტიკაში ამ ორი უკანასკნელის თანაფარდობა შეუქცევადი პროცესია.
ზოდად პარტიული პოლიტიკის წარმოება საქართველოში დაკავშირებულია ისეთ პროცესებთან, რომლებსაც მხოლოდ არაჯანსაღ სახელმწიფოში თუ შევხვდებით. მაგალითად მოწინააღმდეგე პარტიის წევრებზე თავდასხმა, მათი ცემა, დაშინება, საკუთრების ხელყოფა და სხვა ათასი სიბინძურე, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა. პოლიტიკურ კონსულტანტების კი განსხვავებული მიმდინარეობა არსებობს ჩვენთან ესე, რომ ვთქვათ. აქ უფრო შოუ-ბიზნესს ეძახიან პოლიტიკურ კონსულტანტებს, გამომდინარე იქედან, რომ ქართული წინა საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს სიმღერებისა და ცეკვების ფონზე, სადაც მთავარ აქტორებად გამოდიან სწორედ ამ შოუ-ბიზნესის მომღერლები თუ მოცეკვავეები. ძირითადად კი არსებული ხელისუფლების წარმომადგენელი პარტიები არიან ამ საქმით დაკავებულნი. ამ ყველაფერს კი მივყვავართ ერთ გარემოებამდე, რომელსაც ჰქვია „პოლიტიკური კულტურა“ და რაც საერთოდ არ გააჩნია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე წარმოადგენს ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს პოლიტიკური კონსულტანტიზმის არ არსებობისა საქართველოში. მეორე ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ ის ხარჯები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური კონსულტანტების დაქირავებას, თუმცა არსებობს რიგი პარტიებისა, რომელთა ბიუჯეტიც შეძლებს ამ პროცესში ჩართულობას, მაგრამ ეს პარტიები უფრო შოუ ბიზნესითა და ცნობილი სახეებით ლობირებენ. თუკი ამ ყველაფერს შევხედავთ იმ კუთხით, რომ კონსულტანტიზმის პრინციპი ხელს უწყობს პარტიული როლის დაქვეითებას, მაშინ ამ კუთხით საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა როცა ამას ვამბობთ ქართულ რეალობაზე დაყრდნობით ცოტა არ იყოს კომედიური განცდები მეუფლება. ჯერ იყო და 1999-2004 წლებში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მხარდამჭერად „არტ-იმედი“ გვევლინებოდა თავიანთი მომღერლებით, 2004 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც არ ჩაუვლია უკვალოდ აქაც ვარდების რევოლუციის მიმართ მიძღვნილი სიმღერის სმენის ფუფუნებაც გვქონდა, 2007 წელს კი როდესაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ საპროტესტო გამოსვლების ტალღამ დაიწყო აგორება გოგა ხაჩიძე შეეცედა თავისი დაწერილი სიმღერით „მიშა მაგარია“ აეწია პრეზიდენტის რეიტინგი, უპასუხოდ არც იმ დროინდელი ოპოზიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმა დარჩენილა და სიმღერა „დედა ენა “ წარუდგინა პუბლიკას, 2008 წლიდან კი უკვე მკაფიოდ შეითავსეს კონსულტანტთა როლები შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მხარში ედგნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, არც ქართული ოცნების საარჩევნო კამაპანიას ჩაუვლია ტაშფანდურის გარეშე და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სიმღერით ამხნევებდა საკუთარი ვაჟი ბერა.
აი ეს არის ზუსტად ის სასაცილო, სატირალი, რომ არ იყოს ქართული წინა საარჩევნო რეალობა, რომელიც მეტყველებს პირველ რიგში სახელმწიფოს არადამაჯერებლობაზე და შემდგომ ხაზს უსვამს იმ პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ინსტანციების უუნარობას, რომელთა არსებობაც უპირობოა განვითარებული სახელმწიფოსთვის. ქართული პოლიტიკური კონსულტანტიზმი არის აბსოლუტურად დეგრადირებული რეალობის ფონზე. ამ ყველაფრის გამოსწორება კი შესაძლებელია პირველ რიგში სწორი საარჩევნო კამპანიის წარმოებით და იმ საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკური კონსულტანტიზმის ამაღლებასა და განვითარებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG