Accessibility links

გორში, თეატრის სკვერში, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს 14 წლის გოგონას, რომელიც სამი დღის წინ ერთ-ერთ კორპუსთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს - გოგონას კიდურების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. ამჟამად იგი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის. პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან, აქციაზე შეკრებილები კი გამოძიების ობიექტურად ჩატარებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ და „კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“. „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური აცხადებს რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

აქციაზე ახალგაზრდები, მოსწავლეები, დაზარალებული გოგონას ახლობლები იმყოფებოდნენ. ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი აცხადებს, რომ აუცილებელია მთავრობამ აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.

ამ აქციას თბილისიდან ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფიც შეუერთდა. თინიკო თაყაძე აცხადებს, რომ დღეს გორში ჩამოსვლით კიდევ ერთხელ უთხრეს „არა“ ძალადობას.

თეატრის სკვერში დღეს პედაგოგებიც მივიდნენ. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი მანანა ჩუხრუკიძე ამბობს, იმ დროს, როცა ამ საქმის ირგვლივ უამრავი კითხვის ნიშანია, სოციალურ ქსელებში ათასი მოსაზრება და ჭორი ვრცელდებაო, და საზოგადოებას მოუწოდებს, პირველ რიგში, ბავშვთა უფლებები იყოს დაცული.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები გამოძიების დაჩქარებასა და სამართალდამცავებისგან ამ საქმეზე დაუყოვნებელ პასუხს ითხოვენ, რათა შეწყდეს სხვადასხვა ვერსიებისა და ჭორების ტირაჟირება.
XS
SM
MD
LG