Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პოლიტიკური კამპანიის მნიშვნელობა კანდიდატებისათვის და მისი მახასიათებლები“


ავტორი: ქრისტინე ქაფიანიძე

მოახლოვდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ ვის შეიძლება დაუჭიროს მხარი ადამიანმა, გაამართლებენ თუ არა არჩეული კანდიდატები იმ მანდატს, რომელსაც მოქალაქეები მიანიჭებენ და რა პროგრამას გვთავაზობენ პარტიები და მათი წარმომადგენლები. იმისათვის, რომ წარდგენილმა კანდიდატებმა საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვონ საჭიროა ჩაატარონ საკმაოდ გამართული პოლიტიკური კამპანია, რომელსაც რიგი მახასიათებლები აქვს, რომლის მეშვეობითაც ფასდება თუ რამდენად გამართული იყო ეს კამპანია, არის თუ არა არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი და საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, რომელიც ხშირად, სწორედ პოლიტიკური კამპანიის დროს წარმატებულად ჩატარებული სამუშაოების დამსახურებაა. იმისათვის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უფრო მარტივი გახდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი თუ ვინ აირჩიონ და რა ფაქტორებზე დაყრდნობით განსაზღვრონ კანდიდატის სარგებლის მოტანის უნარი, გთავაზობთ რამდენიმე კომპონენტს პოლიტიკური კამპანიისა.
მათთვის ვინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თუ რას წარმოადგენს პოლიტიკური კამპანია ვიტყვი, რომ ეს არის კოლექტიური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების სათავეში მოსვლას. მას შემდეგ, რაც მედიის როლი გაიზარდა, არჩევნებში ხშირად გადამწყვეტი სვლა „მეოთხე ხელისუფლებას“ განუხორციელებია, ვინაიდან ახლა უკვე ძირითადი ყურადღება არა პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პლატფორმას ენიჭება, არამედ პოლიტიკოსის უშუალო გაყიდვას, როგორც მარკეტინგული პროდუქტი. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ არჩევნები ეს არის კარგად შეფუთული პროდუქტის სარფიანად გაყიდვა. სარეკლამო კამპანია, ხშირად მთავარი აგიტატორის როლში გვევლინება. წარმატების უშუალო ფორმულაა, კარგი იმიჯი, რომელზეც უამრავი ადამიანი მუშაობს და საკუთარი წარმატების რწმენა. კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, საიმედო და კომპეტენტური თავის სფეროში. იმისათვის, რომ პარტიის პოლიტიკურ პროდუქტს ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა საჭიროა პერმანენტული პოლიტიკური კამპანია, რომლის მეშვეობითაც პარტია და მისი კანდიდატი მოაგროვებს მხარდამჭერთა მუდმივ რაოდენობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები, ხალხის მომსახურეობის იმიჯს ქმნიან. ისინი ამომრჩევლებს მომსახურეობას ანუ სერვისს პირდებიან და ზოგჯერ ახორციელებენ კიდეც.
მეორე კომპონენტი პოლიტიკური კამპანიისა არის კარგი სლოგანი, რომელიც იქნება მატარებელი პარტიის ძირითადი იდეისა. ეს იქნება ემოციების ენაზე გადაყვანილი ძირითადი იდეა, რომლის წარმოთქმა საკმაოდ კარგად გამოსდის ქარიზმატულ ლიდერებს და ასევე საკმაოდ აღაფრთოვანებს ხოლმე ემოციებზე და ირაციონალურ ქმედებებზე დამყარებულ საზოგადოებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი უნდა იყოს მარტივად დასამახსოვრებელი, ორიგინალური, არ უნდა არსებობდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება. უნდა იყოს ასოციაციების გამომწვევი და კონცენტრირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი სარეკლამო კამპანიის არსი.
მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი პოლიტიკური კამპანიისა არის უნიკალური პოლიტიკური შეთავაზება. ფსიქოლოგების მიერაა ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობითა დადგენილი, რომ ადამიანს შეუძლია, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, სამი ძირითადი მესიჯის დამახსოვრება, სწორედ ამიტომ ხშირად არჩევნებში წარდგენილი კანდიდატები გვთავაზობენ სატელევიზიო სივრციდან, ან თუნდაც სხვადასხვა შეხვედრებიდან, რომელიც მოსახლეობასთან ტარდება, ერთ ან სამ ძლიერ არგუმენტს, რომლის გამოც ჩვენ, მოსახლეობამ მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ხშირად ეს უნიკალური შეთავაზება შესაძლოა სულაც არ იყოს რაციონალური და გამოხატავდეს მხოლოდ აბსტრაქტულ ცნებას, თუმცა საზოგადოება, რომელიც სწორედ მსგავს მიდგომებზეა ორიენტირებული და მისთვის მთავარი ქარიზმაა, ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევს და კანდიდატის მიერ გაკეთებულ ემოციურ შეთავაზებას თვალდახუჭული იღებს.
იმისათვის, რომ ზემოთ მოცემული პირობები იქნეს ადეკვატურად გაგებული მაგალითისათვის მოვიყვან თვითმართველობის არჩევნებისათვის უკვე ჩატარებულ სამუშაოებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტად მერობის კანდიდატები აქტიურობენ, ხოლო სხვადასხვა უბნებში წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ძირითადად არ ჩანან. ხშირია საიმიჯო ბანერები, რომლებიც ხალს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. სხვადასხვა პარტიები შემოიფარგლებიან ზოგადი და კერძო დაპირებებით. იმისათვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობის სიმპათია დაემსახურებინა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გადაწყვიტა თავისი საიმიჯო რეკლამები დაეტვირთა დადებითი ემოციების გამომწვევი კადრებით, სადაც მას უშუალო კავშირი ექნებოდა მოსახლეობასთან და გაიზიარებდა მათ პრობლემებს, თუმცა ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით კანდიდატები თავიანთ რეკლამებში საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც არ აქვთ კომპეტენცია. მარტივი სლოგანი, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, რომლითაც წინა წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სარგებლობდა, ნიკა მელიამ ორი მარტივი სიტყვით შეცვალა და თავისი ეკონომიკური პრიორიტეტები გამოხატა სლოგანით: „ავამუშაოთ თბილისი“. მთავარი პრობლემატიკა კი რომელის შესახებაც ძირითადად პარტიები და მათი წარმომადგენლები საუბრობენ არის იმ კვლევებიდან ნაკარნახევი, რომელიც ტარდება ბოლო ხანებში. სოციალურ უზრუნველყოფასა და ხალხზე მზრუნველობაზე საუბარი ირონიული, რომ არ გამოსულიყო ამ პარტიის მხრიდან, ისინი ძირითადად აქცენტს აკეთებენ ეკონომიკურ წინსვლაზე, უმუშევრობის შემცირებასა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას, მისი პოლიტიკური რეკლამა ასევე მკვეთრი ეკონომიკური დაპირებებით ხასიათდება, თუმცა იმისათვის, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს თავისი კანდიდატურის წარმატებულობაში იგი იყენებს ძირითადად ცნობილ სახეებს, რომლებიც ავტორიტეტულნი არიან საზოგადოებისათვის, რაც ექსპერტების შეფასებით საკმაოდ რეალისტური არჩევანია.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას ისინი პრიორიტეტს განსხვავებულ ნიშანს ანიჭებენ. პარტიის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ყურადღება ფუჭ დაპირებებზე კი არა, არამედ პოლიტიკური გაერთოანების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი სლოგანია, „დროა მოვაწესრიგოთ თბილისი“.
ქარიზმატულ, ემოციურ გამოსვლებს უთმობს ყურადღებას ერთიანობის დარბაზის კანდიდატი მერაბ ხიმშიაშვილი. წინასაარჩევნო შეხვედრებს აწყობენ დანარჩენი კანდიდატები და ცდილობენ ამ მხრივ მოიპოვონ წარმატება პოლიტიკურ სფეროში არჩევნების შემდგომ. თუმცა მაინც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არჩევნები მიმდინარეობს მხოლოდ სამ რეალურ სუბიექტს შორის, რომლებიც არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ქართული ოცნება და გაერთიანებული ოპოზიცია.
იმედია წაკითხული დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG