Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ხერხდება შიმშილის პრობლემის გადაწყვეტა


ავტორი: თეიმურაზ ბრეგაძე

შიმშილის პრობლემა მსოფლიოში დღეს ისევე შორს დგას გადაწყვეტისგან, როგორც ნებისმიერ სხვა დროს მდგარა წარსულში. მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის შეფასებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი კარგად იკვევება, ერთი მესამედი არასაკმარისად, ხოლო ერთი მესამედი კი შიმშილობს.
ამასთან, მსოფლიოში საკვების ნაკლებობა არ არის: მსოფლიო უკვე აწარმოებს საკმარის საკვებს იმისათვის, რომ გამოიკვებოს მთელი მოსახლეობა და შეუძლია გამოკვებოს ახლანდელი მსოფლიოს ორმაგი მოსახლეობა.
ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მსოფლიოში შიმშილის პრობლემა არ არის კარგად გააზრებული.
შიმშილი – საკვების მიღების ძლიერი სურვილი, წარმოადგენს (ქრონიკულ) სტრესს, კერძოდ არასასიამოვნო სტრესს. საჭმელი არის სასიამოვნო სტრესის წყარო. ამიტომ (ქრონიკულად) მოშიმშილე ორგანიზმი ყოველთვის სტრესის ქვეშ იმყოფება: ზოგჯერ ეს სტრესი სასიამოვნოა (მაგალითად, ჭამის დროს და უშუალოდ ჭამის შემდეგ, ან საჭმელზე ოცნების დროს), დანარჩენი დროის განმავლობაში ეს სტრესი არის არასასიამოვნო (ადამიანი გრძნობს შიმშილს, რაც უსიამოვნო შეგრძნებაა). სტრესი სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტია: მის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ცხადია, უკეთესია თუ სტრესი სასიამოვნოა, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, თვით არასასიამოვნო სტრესიც კი უკეთესია, ვიდრე სტრესის არარსებობა.
როცა საინტერესო წარმოდგენას უყურებთ, თქვენ შეგიძლიათ მაყურებლის სავარძელში ზედიზედ რამდენიმე საათი გაატაროთ მნიშვნელოვანი დისკომფორტის გარეშე. მაგრამ უზარმაზარი ნებისყოფაა საჭირო იმისათვის, რომ ზედიზედ რამდენიმე საათი უსაქმოდ იჯდეთ ან უინტერესო წარმოდგენას უყუროთ.
სტრესის ნაკლებობა არის მდგომარეობა, რომელსაც შეიგრძნობთ, როცა უსაქმოდ ხართ (არ იცით რა გააკეთოთ) ან ასრულებთ არასაინტერესო, არამიმზიდველ სამუშაოს (ანუ ისეთს, რომელიც არ აღძვრავს საკმარის სტრესს).
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ შინაგანი ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ (შეეგუონ) სტრესულ სიტუაციებს, მაგრამ ვერაფერს გვეუბნებიან ჩვენს ორგანიზმში უსტრესო სიტუაციებთან შეგუების რაიმე ეფექტური მექანიზმის არსებობის შესახებ. ასე რომ, თუ სტრესის წყაროები არ არის ჩვენს გარშემო, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისინი, რაც გარკვეული ქმედებებისკენ გვიბიძგებს, რომლებიც კონსტრუქციულიც შეიძლება იყოს და დესტრუქციულიც.
როდესაც მოშიმშილე ადამიანებს საკმარისი საკვებით მოამარაგებთ, თქვენ მათ სტრესის მთავარ წყაროებს უსპობთ: ისინი შიმშილს აღარ გრძნობენ და საჭმელიც ადრინდელივით გემრიელი აღარ ეჩვენებათ. ასე რომ, მოგიწევთ სტრესის სხვა წყაროებით მათი მომარაგებაც, თორემ ისინი თავისი რისკით შეეცდებიან მათ მოძიებას.
ამრიგად, მხოლოდ საკმარისი საკვების ხელმისაწვდომობა არ წყვეტს შიმშილის პრობლემას, ვინაიდან `შიმშილის~ ახალი ფორმა – სტრესის მიღების ძლიერი სურვილი – იწყებს მოქმედებას, რომელიც სულაც არ არის ნაკლებად საგანგაშო.
სტრესის ალტერნატიულ წყაროებს შეიძლება მივაკუთვნოთ საინტერესო სამუშაო, ცოდნის და უნარების შეძენა (სწავლა, ერთი სიტყვით), ბიზნესი და პოლიტიკური აქტივობა, შემოქმედებითი და კვლევითი სამუშაო, სპორტი, ოჯახური საქმეები, ფულისა და ქონების დაგროვება, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ნაციონალიზმი და ქსენოფობია, რელიგია და რელიგიური (ან ნებისმიერი სხვა სახის) ფანატიზმი, ნებისმიერი სახის გართობა (სექსის და სასიყვარულო ურთიერთობების ჩათვლით), კრიმინალური ქმედებები, ჰობი, ავადმყოფობა, ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების მოხმარება, გემრიელი საჭმელი, ფიქრი, ოცნება, წარსული ამბების (სასიამოვნოს ან არასასიამოვნოს) გახსენება და ა. შ.
ჩვენს დროში შიმშილის პრობლემაში საკვების ნაკლებობა და მისი მაღალი ფასები კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის, რომ ადამიანებს არ აქვთ საშუალება იპოვონ სტრესის ალტერნატიული წყაროები, ე. ი. მათ შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ იმისათვის, რომ განავითარონ და გამოყენება უპოვონ თავიანთ ნიჭს, ტალანტს, უნარებს. თუ მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ, ნებისმიერი, თუნდაც უღარიბესი, ქვეყანა თავად მოახერხებს თავისი მოსახლეობის გამოკვებას.
ვინაიდან შეუძლებელია ჩვენს ცხოვრებაში ყველა შეზღუდვის მოხნა, ყოველთვის მოიძებნება ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ შიმშილზე უკეთესი სტრესის წყაროს პოვნას თავიანთთვის. იმისათვის, რომ შიმშილი ქვეყანაში დაბალ დონეზე იყოს, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მოხსნას ყველა არააუცილებელი შეზღუდვა და მისცეს ხალხს შესაძლებლობების მაქსიმუმი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ალტერნატიული გზა შიმშილის დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად: (ულტრა)ნაციონალიზმის და/ან (რელიგიური) ფანატიზმის განვითარება. უბედურება ის არის, რომ შიმშილის ჩანაცვლება სტრესის ერთი (ან მხოლოდ რამდენიმე) სხვა წყაროთი არ არის ეფექტური, ვინაიდან სტრესი შეგუებადია და საჭიროა სტრესის წყაროს ინტენსიურობის მუდმივი ზრდა. გამუდმებით უნდა ვეძებოთ მტრები, უთანხმოებები სხვა ქვეყნებთან (მაგალითად, ტერიტორიული პრეტენზიები), უნდა გამოვიგონოთ ახალი იდეოლოგიები და ცივილიზაციის პოლუსები, ვაძლიეროთ შეიარაღებული ძალები, რაც საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, კატასტროფით დასრულდება.
ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ეფექტურად ჩავანაცვლოთ შიმშილი, როგორც სტრესის წყარო, არის ის, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ სტრესის სხვადასხვა წყაროების მაქსიმალური რაოდენობა, რასაც ზოგჯერ მოკლედ `თავისუფლებას~ ეძახიან.
საკვები არის მატერიალური საგანი; სტრესის შეგრძნება (სასიამოვნო-არასასიამოვნო) არამატერიალურია. თუ ხალხს მისცემთ ყველა მატერიალურ საშუალებას (მიწას, მანქანებს და ა. შ.), რომელიც საჭიროა საკმარისი საკვების დასამზადებლად, და ვერ (ან არ) უზრუნველყოფთ მათ ალტერნატიული სტრესის წყაროებით, `საკმარისი საკვები~ არ დამზადდება. ჩვენ ვიცნობდით ქვეყანას, უსასრულო ბუნებრივი რესურსების მქონეს, რომელმაც ვერ შეძლო თავისი მოსახლეობის ნორმალურად გამოკვება. მის ხელისუფალთ მიაჩნდათ, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი იყო მატერიალური საგნები (მიწა, საკვები, ნავთობი, გაზი, ელექტრობა, ტანკები და ა. შ.), ხოლო დანარჩენი ყველაფერი კი (როგორიცაა თავისუფალი ნება, ბედნიერებისკენ სწრაფვა, სამართალი, სიმართლე ა. შ.) _ ნაკლებად მნიშვნელოვანი, და მათი უგულებელყოფა, როცა კი დასჭირდებოდათ, დასაშვებად მიაჩნდათ. ეს ფატალური შეცდომა აღმოჩნდა.
სამწუხაროდ დღესაც ბევრი იმეორებს ამ შეცდომას, რომელიც ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომაა. მატერიალური საგნები რომ მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩვენი სულიერი მდგომარეობა, მაშინ ქვეყნები, რომელთაც მდიდარი ბუნებრივი რესურსები მოეპოვებათ, ყველაზე წარმატებულნი იქნებოდნენ, მაგრამ ეს აშკარად არ არის ყოველთვის ასე. ამ პრობლემის განხილვა სცდება წინამდებარე წერილის თემის ფარგლებს. თუმცა ალბათ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ქვეყნის სიმდიდრე არ არის რეალიზებული სათანადო თავისუფლებებით ან თუ ქვეყანაში თავისუფლებები არ არის გამყარებული სათანადო მატერიალური ზრდით, ჩვენ გვექნება არასტაბილური საზოგადოება აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG