Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესაქტივობა 2014 წლის დასაწყისში


ავტორი: ირინა გურული

2014 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, წარმოების მაჩვენებელი საშუალოდ 15 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა სოფლის მეურნეობაში აღინიშნა - ამას მოწმობს 2014 წლის პირველი კვარტალის ბიზნესსექტორის მაჩვენებლები, რაც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ, 5 ივნისს, გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ზრდა უმეტესად მსხვილ საწარმოებზე მოდის, სადაც პროდუქციის გამოშვება 18 პროცენტით არის გაზრდილი. უმნიშვნელოდ - საშუალოდ, მხოლოდ ერთიდან ორ პროცენტამდეა გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები.

ეკონომიკურ ჭრილში ყველაზე მაღალი ზრდა, გამოშვებული პროდუქციის მიხედვით, როგორც ვთქვით, სოფლის მეურნეობის სექტორში აღინიშნა და 61 პროცენტი შეადგინა, თუმცა აქვე 35 პროცენტით შემცირდა თევზჭერის სექტორი. დასაქმების კუთხით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე სფეროებიდან - მრეწველობა 15 პროცენტით, ხოლო მშენებლობა 19 პროცენტით გაიზარდა.

რეგიონალურ ჭრილში პროდუქციის გამოშვების მხრივ, ყველაზე მაღალი - 52%-იანი - ზრდა დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, 17%-იანი ზრდაა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 52%-იანი კლების მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აღსანიშნავია, რომ მაღალია რეგიონალური უთანასწორობა: მთლიანად ბიზნესსექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციისა და დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 65 პროცენტი თბილისზე მოდის. სავარაუდოდ, კახეთში ასეთი ზრდა ღვინის პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან არის დაკავშირებული როგორც რუსულ, ისე სხვა ბაზრებზე.

მიუხედავად გამოშვებული პროდუქციის მასშტაბის ზრდისა, დასაქმების ზრდის მაჩვენებელზე ეს ნაკლებად აისახა. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2 პროცენტით არის გაზრდილი. ზრდა უმეტესად მოდის ვაჭრობის, ავტომობილების შეკეთების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორებზე. დასაქმებულთა კლება შეინიშნება თევზჭერისა და სასტუმროების და რესტორნების სექტორებში. პროდუქციის გამოშვების სტატისტიკის ანალოგიურად, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც უმეტესად მსხვილ ბიზნესზე მოდის, მაშინ როცა 9 პროცენტით არის შემცირებული მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი.
რეგიონალურ ჭრილში, თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ ყველგან იკლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია 45-პროცენტიანი კლება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 25- პროცენტიანი კლებაა გურიასა და სამცხე-ჯავახეთში, 20-პროცენტიანი კლება დაფიქსრიდა შიდა ქართლში.

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო ანაზღაურება, პირველი კვარტალის მდგომარეობით, 780 ლარია; 10 პროცენტით არის გაზრდილი მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება და საშუალოდ 946 ლარს უდრის, საშუალო საწარმოებში კი, პირიქით, შემცირებულია და 550-ს გაუტოლდა. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალია მცხეთა-მთიანეთში, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და შიდა ქართლში.
XS
SM
MD
LG