Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“PleasentVille, ანუ არჩევნები ერთ ჯადოსნურ ქალაქში“


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

მინდა, გიამბოთ ერთ ჯადოსნურ ქალაქზე. ქალაქზე, რომელიც წელიწადის ყველა დროს ერთნაირია. ქალაქზე, სადაც ყველას შავი Range Rover ჰყავს და შავი ტანსაცმელი აცვია. ქალაქზე, სადაც ყველა ყველას იცნობს. ქალაქზე, სადაც ყველა ყველას უცინის, თუმცა სინამდვლეში, არავის არავინ არ მოსწონს. მინდა, გიამბოთ ქალაქზე, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში არჩევნების დღეა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ირჩევენ ამ ქალაქში. მთავარი ისაა, რომ ამ დღეს ქალაქში არსებული ყველა შენობა საარჩევნო უბნადაა გადაქცეული და ქალაქის ყველა მცხოვრები გარეთაა გამოფენილი. წელიწადის დანარჩენი დღეები ამ ქალაქისთვის მრუმედ და უჟმურად მიედინება. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის არც შობას სცალია ვინმეს და არც ახალ წელს. წლევანდელ ახალი წლის დღესასწაულზე ამ მწვანე ქალაქში საახალწლო კონცერტი 30 დეკემბერს გამართეს. აბა, მერე ბათუმის პიაცაზე აქვს კონცერტი ნინო ჩხეიძესო-გამოუცხადეს მწვანე მოქალაქეებს და მათაც 30-ში,ბრძანებისამებრ, ნაადრევად დაიყენეს ახალი წელიწადი.
ქალაქში სიცოცხლე მოსაწყენი და ერთფეროვანია მანამ, სანამ არ ცხადდება ის ერთი, განგების მიერ დადგენილი, დღესასწაულის რანგში აყვანილი, ღვთივკურთხეული დღე. ჯადოსნურ ქალაქში არჩევნებია.
ზღაპრული ქალაქის მცხოვრებთ სულ არ ადარდებთ, ვის ან რას ირჩევენ: ახალ მთავრობას, ახალ მუნიციპალიტეტს, სასოფლო საკრებულოებს, თუ თვით მის აღმატებულება პრეზიდენს. მათთვის მთავარია, რომ საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე იღება და გვიან ღამის 12 საათამდე პროცესია განუწყვეტლივ, შეუჩერებლად, სრული აგონიისა და ველური სიამოვნების მოხეთქილი ნაკადის ფონზე მიმდინარეობს. ესაა დღე, როცა უკლებლივ ყველა მოქალაქე ჯადოსნური ქალაქისა იკერავს/ყიდულობს ახალ კაბას, ახალ პიჯაკსა და შარვალს. ესაა დღე, როცა წელიწადის ყველა დღეზე მეტი დატვირთვით მუშაობენ სილამაზის სალონები და რესტორნები. ესაა დღე, როდესაც ამ ქალაქში ყველაზე მეტი მზესუმზირა ეყიდებათ მოხუც ბებიებს. ქალაქის მაცხოვრებლები სამუზეუმო ექსპონანტებივით არიან ქუჩაში გამოფენილები და ვაი, შენს ტყავს, თუ შენს მეზობელ დალის ის კაბა აცვია, შენ რომ გქონდა დაგულებული ამ დღისთვის საყიდლად და წინა დღით გაიგე, რომ ვიღაცამ ცხვირწინ აგაცალა. ამ ქალაქში მანქანა ყველა ოჯახს ჰყავს, თუმცა ამ დღეს, რატომღაც ყველა ფეხით ამჯობინებს საარჩევნო გოლგოთამდე მანძილის გავლას. აქეთ მხარეს შენი მეზობელი ნათელა, ეთერი, გულიკო და თამრიკო მოგყვებიან. იქით მხარეს შენი საგულდაგულოდ გამოპრანჭული შვილები. მართალია, არც ერთი არაა საარჩევნო ასაკის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ნახოს, რომ მათთვისაც იყიდე ახალი სამოსი და მერე რა, თუ საარჩევნო კაბინასთან უნდა დააყენო ორივე, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, მფარველი მთავარანგელოზებივით. საარჩევნო უბანზე ყველას საგულდაგულოდ დააკვირდები. რა თქმა უნდა, მოიტყუები და იმას არ იტყვი, რომ ყველა კანდიდატი გადახაზე, ან იმას იტყვი, ვინც არ შემოგიხაზავს და შვილებსაც დაიფიცებ „მაგას რა შემომახაზინებდა, გოგო“-ო თუმცა, ვინ გაიგებს? გარეთ უფრო მნიშვნელოვანი სამყარო გელოდება.
უბნის გარეთ ამ ჯადოსნური ქალაქის მცხოვრებნი სრულ საარჩევნო ექსტაზში არიან ჩაცვენილები და პროცესით მაქსიმალურად „კაიფობენ“. ყველა აქაა. აქ შეგიძლია, ყველა იპოვნო. ძველი კლასელი, რომელიც სკოლა რომ დაამთავრეთ მას მერე თვალით არ გინახავს. ბოზი თინიკოც აქაა, თურმე მართლა გამოუგდია მესამე ქმას, ამას კიდევ თავი ისე უჭირავს, ვითომ ჯერ კიდევ ქალწულია. გაიხედ-გამოიხედე და შენი მევალეებიც იქნებიან სადმე. მიხვალ, ჯერ კარგა გვარიანად გაუღიმებ, მერე გვერდით გაიყვან და ჩუმად, თუმცა ქვასავით მტკიცე ტონით უსაყვედურებ: „ებიჯო, დამიბრუნე ეს ჩემი ოხერი ფული, ადამიანი არ ხარ?“. აქეთ ვიღაცას მოიკითხავ, იქით ვიღაცაზე იტყვი, რომ რა სასაცილოდ გამოიყურება, რა გასუქებულია, რას დამსგავსებულა, თავი ახლადდაბანილი პუდელივით აქვს და დღის ნახევარიც წარმატებით გაილია.
საღამოხანს ყველა იღლება, თუმცა აზრადაც არავის მოსდის საბრძოლო ველის დატოვება. მზემ თუ ძალიან დააჭირა,მერე აღმაფრენის ახალი სტადია იწყება:“წამოდი, არ წამოვალ“, „დღეს ჩემი ჯერია, შვილებს გაფიცებ“, „ იცი, აქვე რა მაგარ ქაბაბს აკეთებენ?“ და ღიპიანი მოქალაქეები ერთმანეთს რესტორნებში მიათრევენ. აი, სწორედ აქ იწყება ნამდვილი მასკარადი ! თამადა ყოველ ახალ სადღეგრძელოში დაუზარებლად ანთხევს საკუთარ პოლიტიკურ განათლებას და სუფრას ცხელ ქაბაბთან ერთად ნელ-ნელა ემატება ახალ-ახალი ამბები საარჩევნო უბნიდან, სადაც უკვე ხმებს ითვლიან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იგებს, რა აზრი აქვს ვინ გახდება ქვეყნის ახალი პირველი პირი? ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება, ჩვენნაირი გაჭირვებული ხალხისთვის მაინც არავინაა ,- ერთი ამოსუნთქვით ამბობს ღიპიანი თამადა, რომელსაც კაციშვიმა არ იცის ამხელა ღიპი ქაბაბისთვის აქვს თუ ქაბაბის გამო. აგონია 12 საათამდე გრძელდება. საათის ისრები 12-ს ჩამოკრავენ თუ არა, ჯადოსნურ ქალაქში, ისევე როგორც კონკიას ზღაპარში, მეჯლისიდან ყველა საკუთარ სახლს უბრუნდება. იხდიან სამეჯლისო სამოსს და ირთვება ახალი წამზომი შემდგომ მეჯლისამდე.
ღმერთმა დალოცოს არჩევნების დღე, ამ ჯადოსნურ ქალაქში.
Happy Elections!
The End!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG