Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამერიკაში კატები არ არიან“


ავტორი: თამარ კურატიშვილი

მას შემდეგ, რაც ამერიკა აღმოვაჩინეთ, ეს მიწა თავისკენ იზიდავს ყველა რჯულის ხალხს,_ქალია-კაცია-ბავშვია, დასაქმებულია-დაუსაქმებელია,_ ყველას თავისი წილი ამერიკული ოცნება აქვს. ზოგი სამუშაოდ ჩასვლაზე ოცნებობს, ზოგი სასწავლებლად, ზოგს კი, უბრალოდ, თავისუფლება უნდა ამერიკულად.
უწყინარი სურვილებია, მაგრამ ყველა მათგანს საფუძველი აქვს საწყენი; სანამ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებული ეიფორია გვჭირდა, ყველას პირზე ეკერა, _ „ასეთი რამ არსად ხდებაო“, „მე ამერიკაში ვცხოვრობდი და იქ ვერსად ნახავთ ისეთ ადამიანს, სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფას გაყენებდესო“, „იქ , შენს ცხოვრებაში არავინ ერევა და არ აინტერესებს ღამით ვისთან გძინავსო“._რას მელაპარაკები?! _ ვის, ვის და სწორედ ამერიკას ვერ გავაკვირვებთ ჩვენი ჰომოფობიით . ამერიკელი ტუსაღების არც ისე მცირე ნაწილი იხდის სასჯელს „შეფერილობით“ ჰომო ან ჰეტეროსექსუალის ქუჩაში გაუპატიურებისთვის, არც იმ ტუსაღ მამაკაცთა და ქალთა რიცხვია მცირე, ციხეში რომ ძალადობს მათზე და არც დამსაქმებელთა რაოდენობა ჩამოუვარდება ორიენტაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების მაჩვენებლით.
რა სახის სტატისტიკური მონაცემის მოყვანაც არ უნდა ვცადო, ადამიანს თუ საკუთარი თვალით არ აჩვენე, ამ შეხედულების ვერც სისწორეში დაარწმუნებ ვერც მცდარობაში. როცა პირველად ვცადე, მენახა, რა არის ამერიკული ოცნება, ჯეიმს ადამსმა თავისი წიგნით _ „The Epic of America” _მითხრა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თვითრეალიზების საშუალება, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა და გამოიტანოს მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებიდან. მან აღწერა ამერიკული ოცნება, როგორც „ოცნება ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრება იქნება უფრო იოლი, მატერიალურადაც იოლი და მისი ცნება "Self-made person" რაც ადამიანის დაუღალავი შრომით წარმატების მიღწევას გულისხმობს გახდა კიდეც მსოფლიო ხალხებისთვის „ამერიკული ოცნების“ საწყისი.
ამ „ოცნების“ რღვევა ჩემში სწორედ „ამერიკული ოცნებითვე“ დაიწყო. ამ სახელწოდების მულტფილმი იმ თაგვების ოჯახზეა, რომელსაც რუსეთში კატები(ჩვენში კანონიერი ქურდები) ავიწროებენ. ერთ დღესაც, მოუვათ ცნობა, რომ ამერიკაში კატები არ არიან, რომ ამერიკაში საჭმელი ქუჩაში ყრია და თაგვები ოცნებას იწყებენ. ამით იღვიძებენ, ამით იძინებენ ამაზე მღერიან. ამერიკაში მოხვედრის პირველი დღიდანვე ეს ილუზია სადღაც ქრება_ პავლოვს სახელი ბილით ეცვლება, ტატიანას_ტელით და იქ კატები(ანუ,განგსტერები) არა თუ არ არიან, სწორედ დამსაქმებლის პოზიცია უჭირავთ_თაგვებს ახლა მათგან გაქცევის საშუალებაც კი არ აქვთ და იძულებულები ხდებიან სიკვდილის შიშის ფასად იშოვონ ნამცეცები.
ხოდა, ჩემი ოცნება არ არის განგსტერული
ეს მულტფილმი ამერიკაში 80-იანი წლების საუკეთესო სურათად ითვლება. ჩვენი ამერიკული ჯინსებით მოსილი ამერიკული ოცნება კი 1983 წელს დაიხვრიტა.
ამერიკა ეს ის ქვეყენაა სადაც ლინკოლნმა მონების ემანსიპაციაზე ფიქრი დააძალა საზოგადოებას, სადაც ამ ფიქრს სამოქალაქო ომი მოჰყვა. .. და მერე რა თუ, 4 მილიონი მონა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გათავისუფლდა?!_ და როგორია ამ „თავისუფლების“ შემდეგ ცხოვრება ამერიკაში?!_ ამ კითხვებზე მხოლოდ დღეს გპასუხობს კვენტინ ტარანტინო ფილმით _“ჯანგო გათავისუფლდა“, დღეს გპასუხობს სტივენ სპილბერგი ფილმით „ ლინკოლნი“ და დღეს გპასუხობს სტივ მაქქუინი „მონობის 12 წელიწადით“. ფიქრობ, რომ ამ რეჟისორებს ამ ბოლო 3 წლის მანძილზე ისტორიაში ქექვა მოეპრიანათ?! ან, იქნებ, იმიტომ გვაჩვენებენ მონობას ამერიკულად, რომ რასისზმის პრობლემა დღესაც ისეთივე მწვავეა შტატებში, როგორც იმ ათეული წლის წინ, როცა როზა პარქსი, შავკანიანი მკერავი ქალი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მან ავტობუსში თეთრკანიანებისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა?! _ ეს ხომ აღარ იყო მეცხრამეტე საუკუნე?!_ეს არის 1955 წელი, პერიოდი, როცა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა.
და მე გეტყვი, რომ ჩემი ოცნება არ არის რასისტული.
სპეციალურად მათთვის, კი_ ვინც ამერიკაზე იმიტომ ოცნებობს, რომ იქ ჰომოფობები არ არსებობენ, როგორც „კატები“, მაგალითად, ჯონათან დემი თავისი ფილმით_“ფილადელფია“ გეტყვის, რომ შტატებში არსებობენ ჰომოფობები ბიზნესში, სასამართლოებში, იურისტებში, ჟურნალისტებში, _ყველგან, სადაც ადამიანი სიმართლეს ეძებს. ამ ფილმში ვერ ნახავ ისტორიის გაკვეთილებს, რადგან ესაა ფილმი 90-იან წლებში მცხოვრებ ჰომოსექსუალ იურისტზე,ტომ ჰენქსის გმირზე, რომელიც შტატის უმსხვილეს კომპანიაში მუშაობს და მალავს ორიენტაციას. თანამშრომლები ამის შესახებ მაშინ იგებენ, როცა ის შიდსით ავადდება. ამ ორი მიზეზის გამო კი სამსახურიდან არა თუ ათავისუფლებენ, ხელსაც არავინ ართმევს. დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო, დისკრიმინაცია დაავადების გამო და დღეს ვირწმუნო, რომ ამერიკას უკვირს ჩვენი ჰომოფობია?!
მე არ მაქვს ოცნება ამერიკაზე,_მე არ მაქვს განგსტერული ოცნება, მე არ მაქვს რასისტული ოცნება, მე არ მაქვს ჰომოფობიური ოცნება.
მე მაქვს პრობლემები ჩემს სახელმწიფოში, სწორედ ის პრობლემები, რაც არცერთი სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს კი შტატებისათვის არ არის უცნობი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG