Accessibility links

logo-print

ობამა: ნორმანდიაში ჯარის გადასხმის დღე იყო დემოკრატიის „დესანტირების პლაცდარმი“


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ნორმანდიაში, მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაში, თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მოკავშირეთა 150,000 სამხედროს მიერ განხორციელებულმა შეჭრამ შეცვალა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიის ბედი.
„ამერიკის განაცხადი - თავისუფლების მიმართ ჩვენი ერთგულება, ჩვენი განაცხადი თანასწორობაზე, თავისუფლებასა და ყველა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებაზე - ეს განაცხადი ამ სანაპიროზე სისხლით დაიწერა და სამარადჟამოდ დარჩება“, - თქვა ობამამ.

ობამას შეფასებით, ჯარის გადასხმის დღე დემოკრატიის „დესანტირების პლაცდარმი“ იყო ახალი დემოკრატიული ეპოქისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავისუფლებისთვის საერთო ბრძოლაში გარდატეხა მოხდა და ის დღე ახლა უკვე ახალი თაობის მოგონებებში ცოცხლობს:

„აქ დემოკრატიის დესანტირების პლაცდარმი იყო. იმ ომში ჩვენმა გამარჯვებამ გადაწყვიტა არა მხოლოდ საუკუნის ბედი, არამედ განსაზღვრა მთელი შემდგომი თაობების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავეთ ძველი მტრების ახალ მოკავშირეებად გარდაქმნაზე. ავაშენეთ ახალი კეთილდღეობა. კიდევ ერთხელ დავდექით ამ კონტინენტის ხალხის გვერდით ხანგრძლივი ბრძოლის ბინდბუნდში, სანამ ბოლოს კედელი არ დაინგრა, ისევე როგორც რკინის ფარდა. და დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთამდე, სამხრეთ ამერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე, 70 წლის განმავლობაში გავრცელდა დემოკრატიული მოძრაობა. ერებმა, რომლებიც ერთ დროს მხოლოდ შიშის ფარდას იცნობდნენ, თავისუფლების მადლის შეცნობა დაიწყეს“.

ობამამ თავისი სიტყვა წარმოთქვა სასაფლაოზე, სადაც განისვენებს შეტევის დროს დაღუპული 10,000-მდე ამერიკელი სამხედრო.

უფრო ადრე სანაპიროს იმ მონაკვეთზე, რომელსაც 1944 წელს კოდურ სახელად „ომაჰა“ ეწოდა, დროშები სანახევროდ დაუშვეს. აშშ-ის 29-ე ქვეითი ბრიგადის ვეტერანები იქ სმენაზე იდგნენ ზუსტად დილის 06.30 საათზე - იმ მომენტში, როდესაც 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა პირველი სამხედროები გავიდნენ ნაპირზე.

ცერემონია საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა და პატივი მიაგო იმ მოვლენების დროს დაღუპული 20,000 სამოქალაქო პირის ხსოვნას. ოლანდის განცხადებით, მისი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ამერიკელი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს. ორი ერის მეგობრობა განამტკიცებს ადამიანის უფლებების სიძლიერეს სიძულვილის და ტირანიის პირისპირო, დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც. არის იმედი, რომ ცერემონიაზე გამართული შეხვედრები უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის განმუხტვას მოიტანს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ოფისის განცხადებით, ობამამ და პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს ცერემონიის კულუარებში. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ იქვე ერთმანეთს მოკლედ გაესაუბრნენ პუტინი და უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. ამ ცნობას კრემლიც გამოეხმაურა - მისი განცხადებით, საუბრისას პუტინიც და პოროშენკოც გამოვიდნენ მოწოდებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა სწრაფად უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG