Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში მთელი საერთაშორისო მედიის ყურადღება ბელგიისა და საფრანგეთისაკენ იყო მიპყრობილი. ივნისის დასაწყისში ბრიუსელში ჯერ ნატოს თავდაცვის მინისტრების, შემდეგ კი „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. გამორჩეული ყურადღება ხვდა წილად ნორმანდიას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავი აღინიშნა და სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც მიიწვიეს.

ბრიუსელში ჩასვლამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნა საავტორო სვეტი, სადაც ლაპარაკია კორუფციაზე, როგორც გლობალურ საფრთხეზე, რომელიც ძირს უთხრის მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკებისათვის, რომლებიც მსოფლიოში სტაბილურობისათვის იბრძვიან, ისეთივე აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მხარდაჭერა უკრაინისათვის, რომელიც კლანური კაპიტალიზმისაგან განთავისუფლებას ცდილობს, როგორც არაბულ სამყაროში უფრო ძლიერი ღია საზოგადოებების სტიმულირება თუ სიღატაკისა და ცუდი მმართველობის აღმოფხვრა, რითაც აფრიკის მრავალი ქვეყანაა დაავადებული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც „დიდი შვიდეულის“, ისე „დიდი ოცეულის“ ყველა ქვეყანა უნდა შეთანხმდეს ერთიან მიდგომაზე, რათა გამჭვირვალე გახდეს და გამოაშკარავდეს ყველა კომპანიის უკან მდგარი ოლიგარქების, კორუმპირებული ოფიციალური პირებისა და მოხელეების ფინანსური ინტერესები. „დიდ ბრიტანეთში ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ, ასეთი ინფორმაცია საჯარო გავხადოთ. მაგრამ საჭიროა სხვებმაც იგივე გააკეთონ. ვიდრე ყველა ქვეყანაში იოლად ხელმისაწვდომი არ გახდება ასეთი ინფორმაცია, მანამ ჩვენ კორუმპირებულ რეჟიმებს ბოლომდე ჩამოვხსნით საიდუმლო ნიღაბს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ ყალბი ვინაობით დააბანდონ შავი ფული“, - წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გასულ კვირაში უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით შეშფოთებული ევროპის, უფრო სწორად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვან ახალ ამბად იქცა 2 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ვარშავაში გაკეთებული განცხადება პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად დამატებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

„ჩვენ რუსეთს ეკონომიკური საზღაური დავუწესეთ, რაც შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ მომავალში კვლავ დავინახავთ, რომ რუსეთი აქტიურად ახდენს თავისი მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზაციას“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ვარშავაში, სადაც აშშ-ის ლიდერმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში პირველი დემოკრატიული არჩევნების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა კოალიციის წევრ სახელმწიფოებს, რომ, აშშ-ის მსგავსად, ალიანსის სხვა წევრებმაც უნდა გამოიღონ ხელი.

რასმუსენმა მოკავშირეებს შეახსენა, მაშინ როცა ნატოს ქვეყნებმა 20 %-ით შეამცირეს თავდაცვითი ხარჯები, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა სამხედრო უწყების დაფინასებაო. „ასეთი რამ დაუშვებელია. უკრაინა ჩვენთვის გამოსაფხიზლებელ მაგალითად იქცა და ამის საფუძველზე პოლიტიკურმა ლიდერებმა, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გადახედონ საკუთარ სამხედრო დანახარჯებსო“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

აშშ-ის მიერ ევროპაში საკუთარი ძალების განვითარებისა და მოკავშირეთა უსაფრთხოების განსამტკიცებლად დამატებით გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი თავისთავად სოლიდური თანხაა, მაგრამ თუკი ის აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანაზე პროპორციულად გადანაწილდება, მაშინ ამ თანხით რაიმე სერიოზული თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თანაც, ვაშინგტონს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პროგრამებზე აპირებს ამ თანხის დახარჯვას. თუმცა პოლონელ პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ობამა ამით არ შემოიფარგლება და იგი, როგორც თავის დროზე რონალდ რეიგანმა და ჯონ კენედიმ გააკეთეს, პირდაპირ გამოწვევასაც გაუგზავნის რუსეთს. მაგრამ სხვები უფრო ნაკლებად ოპტიმისტურები არიან. ასე მაგალითად, როგორც 6 ივნისს გამოსული „ვაშინგტონ პოსტი“ წერს,
პოლონეთის პირველ პრეზიდენტს, ნობელის პრემიის ლაურეატ ლეხ ვალენსას, „ასოშიეიტედ პრესისათვის“ აშშ-ზე უთქვამს, „მსოფლიო დაქსაქსულია, რადგან მსოფლიოს ზესახელმწიფო ასრულებს ლიდერის როლსო“.

კვირის ბოლოს, პარასკევს, მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთ კოალიციაში შემავალ მოკავშირეთა სადესანტო ნაწილების ევროპაში - ნორმანდიაში - გადასხმის 70-ე დღესასწაული გაიმართა. ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც პირველად შეხვდა დასავლეთის ლიდერებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია განახორციელა. ერთი დღით ადრე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ბრიუსელში შეხვედრაზე წამყვანი ეკონომიკების ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსვლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის ხელშემწყობი მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამუშაო სადილის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება მეტად ვეღარ გაუარესდება და დასავლეთის ლიდერები მზად არიან რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა მან ვითარების განსამუხტად გპრორუსულად განწყობილ სეპარატისტებზე თავისი ზეგავლენა ამოიყენოს. ზუსტად იგივე გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაო, ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სხვათა შორის, ფრანსუა ოლანდი იყო ინიციატორი რუსეთის ლიდერის მიპატიჟებისა ნორმანდიაში, სადაც 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავი აღინიშნა. ნორმანდიაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. პუტინი და პოროშენკო ნორმანდიაში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ინიციატივით, 15 წუთით შეხვდნენ ერთმანეთს საზეიმო დღესასწაულის კულისებში.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოწესრიგებაზე დაიწყება მოლაპარაკება: „შევთანხმდით, რომ უკრაინაში ჩამოვა რუსეთის წარმომადგენელი, რომელთანაც მოვილაპარაკებთ სიტუაციის მოწესრიგების პირველ ნაბიჯებსა და გეგმაზე, რომელიც მე, როგორც პრეზიდენტმა, შევიმუშავე და რომელშიც გათვალისწინებულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან“, - ნათქვამია „უკრაინსკაია პრავდაში“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნორმანდიაში უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და უშუალოდ, შუამავლების გარეშე, დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეებთან. „ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სადამსჯელო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას პირობები რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად ფედერალიზაციის მომხრეებთან. აქამდე ხომ მათთვის კონკრეტულად მართლა არავის არაფერი უთქვამს, არაფერი შეუთავაზებია“, - განაცხადა პუტინმა 6 ივნისს ნორმანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG