Accessibility links

ამ კვირაში ისევ აქტუალური იყო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პრემიერ-მინისტრის შეხვედრამ ჟურნალისტებთან. გაიმართა რამდენიმე ღონისძიებაც, რომელიც ქალებზე ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად იყო ორგანიზებული.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ შეხვდა გერმანიის კანცლერს. ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა.

2 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში 27 ივნისს მისი ხელმოწერის შემდეგ და რომ დროა, ინვესტიციების მოზიდვისთვის მსოფლიომ უკეთ გაიცნოს საქართველო, როგორც ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა.

გერმანიის კანცლერს თავის ძირითად გამოსვლაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ უხსენებია, თუმცა როცა ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს, ანგელა მერკელმა ივარაუდა, რომ საქართველოს უელსის შემოდგომის სამიტზე MAP-ის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს:

”ჩემი თვალთახედვით, MAP-ი არ შედის ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია; ვხედავთ, რა წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში - ავღანეთში, მაგალითად - და, ვფიქრობ, ნატოს მომავალ სამიტამდე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ ცხადვყოთ, რომ ამ რთულ საქმიანობაში საქართველო კარგი პარტნიორია. საამისოდ MAP-ის გარდა, ვფიქრობ, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს”.

დიდიე ბურკჰალტერი

დიდიე ბურკჰალტერი

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი. 3 ივნისს, ერგნეთის მონახულების შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას „ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ”. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში აღდგება ეუთოს მისია, რომელიც 2009 წელს რუსეთის ძალისხმევით დაიბლოკა:

”ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ ფორმატებზე, რომლითაც ეუთოს მისია აუცილებლად უნდა აღდგეს საქართველოში. და, შესაძლებელია, ეს ახალი ფორმატები გამოყენებული იქნეს სწრაფად - სწრაფად იმისთვის, რომ მოხდეს არსებული პრობლემების მონიტორინგი და ადამიანთა უფლებები როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში იყოს დაცული”.

თავად დიდიე ბურკჰალტერმა ეუთოს გეგმებთან მიმართებით განაცხადა, რომ ახალი ფორმატი შეიძლება იყოს დამხმარე მობილური ჯგუფი, რომელიც მართული იქნება ვენის ოფისიდან. მისი თქმით, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.
ხშირად მესმის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა და რომ ყველაფერი იყო ტყუილი... ვერც ერთ დანაპირებს ვერ დამისახელებთ, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ...
4 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება თავის მოვალეობებს წარმატებით ართმევს თავს.

”ხშირად მესმის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა და რომ ყველაფერი იყო ტყუილი... ვერც ერთ დანაპირებს ვერ დამისახელებთ, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.

წარმოების განვითარების კუთხით პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს თავისივე ინიციატივით 1 ივნისიდან ამოქმედებულ პროექტზე ”აწარმოე საქართველოში”. ასევე წარმოების განვითარების კონტექსტში აღინიშნება ”შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში 17 ათასზე მეტმა პირმა სახელმწიფოსგან 400 მილიონ ლარზე მეტი ისესხა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მედია ცუდ საქმეს აკეთებს და, მათ შორის, ინვესტორებსაც აფრთხობს, როდესაც დანაშაულის ფაქტებს ინტენსიურად აშუქებს და ქმნის ”დაძაბულ ფონს”, რომ თითქოს ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია გაუარესდა. პრემიერ-მინისტრი ასეთ შეფასებას არანაირად არ ეთანხმება, თვლის, რომ დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ამის პრევენცია შეუძლებელია და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესანიშნავად მუშაობს.
ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომელსაც კისერზე აწევს პასუხისმგებლობა ხალხის ბედზე, როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხმა ანდო საკუთარი სიცოცხლე, უმთავრესია სამოქალაქო მშვიდობა...

იმავე დღეს პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურად გაიმართა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეხვედრა. უფლებადამცველები ქალების მკვლელობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ და ხელისუფლებას უფრო ქმედითი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ. ამ ფონზე ისევ აქტუალური გახდა პარლამენტში ქალი კანდიდატებისთვის კვოტების გამოყოფის საკითხი.

ამასობაში ცნობილი გახდა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების თარიღი - 2014 წლის 24 აგვისტო. ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა, გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები დაიკავა. ანქვაბმა გადადგომის წინ გაკეთებულ განცხადებაში ბრალი დასდო ოპოზიციას ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. მისი თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული:

ალექსანდრ ანქვაბი

ალექსანდრ ანქვაბი

„ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომელსაც კისერზე აწევს პასუხისმგებლობა ხალხის ბედზე, როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხმა ანდო საკუთარი სიცოცხლე, უმთავრესია სამოქალაქო მშვიდობა და სისხლისღვრის არდაშვება“.

მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით თბილისში აზრთა სხვადასხვაობაა.

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გალის რაიონში მოვლენების დრამატულ განვითარებას არ ელის. ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ცდილობს საფრთხეები თავიდან აიცილოს. პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში შექმნილი რთული ვითარების გამო გალის მოსახლეობას ურჩევს:

„ვთხოვ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩაერთონ არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ნუ დაიჭერენ ნურავის მხარეს და მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვაკონტროლებთ სიტუაციას და, ცვლილების შემთხვევაში, აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“.

5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო, აღუდგებოდა თუ არა თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, შეწყვეტილი უფლებამოსილება, მაგრამ ბრალდების მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. პროკურორებმა მიზეზად სასამართლოსათვის გაგზავნილ განცხადებაში ბათუმში ათდღიანი მივლინება დაასახელეს და პროცესის ამავე დროით გადადება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ შემდეგი სხდომა 10 ივნისს დანიშნა.
XS
SM
MD
LG