Accessibility links

1 ივნისი, კვირა
გამთენიისას ვერონიკა დაგვესხა თავს. ვერ გავაგებინეთ ამ ქალს, რომ ჩვენ, ქართველებს, საუზმე 7 საათზე არ გვეწყება! და, საერთოდ, 7 საათზე არაფერი არ გვეწყება. გვძინავს. ისე, როგორც ნორმალურ ქართველს უნდა ეძინოს ლოგინში. ვერონიკა ზალცბურგის თეატრის მსახიობია, ავსტრიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩვენი გიდია, ჩვენ კი ამ ქვეყნის სტუმრები ვართ მერვე დღეა. ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა სპექტაკლი ჩემი მონაწილეობით ორი დღის წინ გამართა. როგორც ირკვევა, არცთუ ისე ცუდად! ზუსტად თორმეტჯერ შევქმენით ეგრეთ წოდებული „სატაშე მდგომარეობა“. გვიკრავდნენ კიდეც ტაშს, რაც სხვათა შორის, არ მომხდარა ჰოლანდიელების, იტალიელებისა და გერმანელების სპექტაკლებზე. სწორედ ამიტომ არის, რომ ორი დღეა, გამარჯვებულების გამომეტყველებით დავაბიჯებთ მოცარტის ქალაქში. ახლა კი ვერონიკა მოსვენებას არ გვაძლევს. „ფრუშტუკზე“ გვეპატიჟება, რათა დროულად გავემგზავროთ ავსტრიის ალპებში. ქალაქ აბტენაუს შვიდსაუკუნოვან სახლში მივდივართ, სადაც, ეთნოგრაფიის გარდა, პორნოგრაფიაც გველოდება: ისტორიულ ავსტრიულ სახლში ლატვიელებმა უნდა ითამაშონ, სადაც ისეთი ეროტიკა დაატრიალეს, კარგა ხანი გონს ვერ მოვედით. ფესტივალი თანდათან დასასრულს უახლოვდბა. ხვალ ვენაში მივემგზავრებით, ავსტრიის ალპებიდან უამრავი მოგონება და ფოტო მომაქვს.

ვუყურებ ამ მთებს, კლდეებს, ივნისის თოვლს და მწვანე ველებს. თან ვფიქრობ რაფიელ ერისთავის სტრიქონებით: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა...“ უიმე, ღმერთო კი მომკალი, სხვებსაც ჰქონიათ სალი კლდეები. ისევ ვიმეორებ (რა თქმა უნდა, გულში) „არ გავცვლი სალსა კლდეებსა...“ და მახსენდება ფრთიანი ფრაზა: „ვინ გიცვლის? ვინ?“

საღამოს ისევ ზალცბურგში ვბრუნდები. მე და ჩემი პარტნიორი სცენაზე, მსახიობი სოფო ჩირაძე პატარა „შპაცირენს“ ვაწყობთ, ანუ ვსეირნობთ. ერთი პატარა კაფეა ჩვენს ქუჩაზე, სადაც საოცარ ყავას ხარშავენ და ვენურ ტორტს აცხობენ. ჩემი დიეტა ერთი კვირით ანულირებულია, თუმცა იმედიანად ვარ. საკუთარ სინდისათან მორიგ გარიგებას ვდებ: საქართველოში რომ ჩავალ, ზედმეტ ათ კილოსა და ამდენივე წელს მოვიკლებ. დაწოლის წინ გერმანულენოვან არხებს ჩამოვუვლი, სადაც თითქმის ყველგან აღვირახსნილი სექსი მიდის. იძულებული ვარ, ისევ რუსულ არხებს ვუყურო და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესია ვისმინო.

2 ივნისი, ორშაბათი
დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ვენა უნდა ვნახო კიდევ ერთხელ! ერთი კვირის წინ ორი დღით ვიყავი ვენაში და სრული კულტურული შოკი განვიცადე. ევროპის ბევრ ქალაქში ვყოფილვარ, გასულ წელს ათენი და რომი დავათვალიერე, მაგრამ ვენა მაინც სულ სხვაა, მისი არქიტექტურა აშკარად ჟღერადია, მუსიკალური. აი, მიდიხარ შტეფანსპლაცზე და მოცარტის მუსიკა გესმის. სამწუხაროდ, ჩემი მუსიკალური „განსწავლულობა“ არ მაძლევს საშუალებას, ზუსტად შევადარო მოცარტის რომელ ნაწარმოებს ჰგავს ვენა, მაგრამ უდავოდ ეკუთვნის მსოფლიო მუსიკალური დედაქალაქის სტატუსი.

ვენაში ზალცბურგიდან მატარებლით ჩავედით. ვესტბანჰოფზე ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები დაგვხვდნენ: ნესტანი, თიკო და ქეთი. ღმერთო, როგორ შევაწუხეთ ეს ბავშვები! თან გადაგვყვნენ ეს დღეები, მთელს ჩემს თეატრს, მარტო მე არა. ჩემი ძველი მეგობრებიც მოვიდნენ აეროპორტში გასაცილებლად, ძირითადად „ნანუკას შოუზე“ იყო საუბარი, ზოგი მაქებდა, ქუთაისი დაიცავიო. რა ჭირდა ქუთაისს ჩემი დასაცავი, არ ვიცი. ჩვენი სიცილით შევაწუხეთ აეროპორტში მყოფი მრავალი ეროვნების მგზავრები, ერთმა აფროამერიკელმა გვითხრა, თქვენ იტალიელები ხართ ალბათო. დიახ-მეთქი, ვუპასუხე. ვიცრუე, რადგან იმ წუთში ჩემი ქვეყნის იმიჯზე უნდა მეფიქრა. სამაგიეროდ, იმ აფროამერიკელს სარეგისტრაციო მაგიდასთან ბარგის მიტანაში მივეხმარე და ამით ჩემს მეგობრებს და დანარჩენ მსოფლიოს ტოლერანტობის ნიმუში ვუჩვენე! ვხუმრობ, რა თქმა უნდა!

თურქეთში ჩავფრინდით და იქღა გამახსენდა, რომ ჩემი დისშვილებისთვის არაფერი მიყიდია. უფრო შევშინდი, ვიდრე შევწუხდი, რადგან ლილეს და ბარბარეს თუ გადავურჩი, მათ ბებიას, ანუ დედაჩემს, ვერ გადავურჩები, ზუსტად ვიცი. გოგჩენის აეროპორტშივე ვყიდულობ კარგად დასურათებულ ზღაპრების წიგნებს, ინგლისურენოვან ზღაპრებს უკვე მეასედ ვათვალიერებ. რა საქმე მაქვს სხვა?! ვათვალიერებ და ვასკვნი, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ქართული ზღაპრები. ძველი ზღაპრები გათვლილი იყო ძველ დროზე, ახლა სხვა რამე უნდა მოვატყუოთ ბავშვებს. იმით, რომ დევს შეუძლია ხუთტონიანი ქვა აიღოს და გადააგდოს, ბავშვებს ვერ გავაოცებთ: ამას ხომ დღეს ტექნიკა აკეთებს; ვერ მოვატყუებთ სარკით და სავარცხლით. აი, გადააგდეს ლილემ და ბარბარემ სავარცხელი და არ გაჩნდა ტყე. პრინციპში, ჩვენ გვაქვს ახალი ქართული ზღაპრები წინასაარჩევნოდ. ახლა ხომ არჩევნებია, სულ არ მახსოვდა, მაგრამ ნინო ბურჯანაძის და შალვა ნათელაშვილის საარჩევნო პროგრამით ვერ დავაძინებთ ბავშვებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ქართული ზღაპრები.

3 ივნისი, სამშაბათი
დილის 5 საათია. ჩვენს ბარგს და თეატრალურ რეკვიზიტს წინასწარ გამოცხადებული გასასვლელისკენ მივაჩოჩებთ. მგზავრებს გადავხედე, ვერავინ ვიცანი. ჩემი კოლეგების გასაგონად ხმამაღლა ვხუმრობ, ცნობადი სახეებიდან, მგონი, მარტო მე მივფრინავ საქართველოში-მეთქი. სხვა ქართველებსაც ეცინებათ. ეს ხუმრობა მას შემდეგ წამოვიწყე, რაც თეატრში გადაწყვიტეს, რომ „ნანუკას შოუში“ ჩემი სტუმრობის შემდეგ თავში ამივარდა. არადა, ის კი არ იციან, რომ შემდეგ ოთხშაბათსაც ნანუკა ჟორჟოლიანთან ვარ სტუმრად! ახლა ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ „მაესტროს“ „დღის შოუში“ ვიყავი სტუმრად და ამ კვირაში თავისუფლების დღიურებს ვწერ, ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, მართლა ხომ არ ამივარდა თავში? 20 წლის წინანდელი დათო ლიკლიკაძე გამახსენდა. 17 წლის ვიყავი, როცა „იბერვიზიაში“ ჩემი პირველი სიუჟეტი გავიდა. მაშინ გადასასვლელზე ფრთხილად გადავდიოდი: არ დავღუპო ქართული ჟურნალისტიკა-მეთქი. მერე ამან, რა თქმა უნდა, გამიარა და ჩვეულებრივი ჟურნალისტი გავხდი. ერთ ცნობად სახეს მაინც წავაწყდი თბილისის რეისზე: კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მარინა მიზანდარს. მე და ქალბატონ მარინას გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა! გამთენიისას თბილისში ვარ. ეგრევე ქუთაისში მივდივარ.

4 ივნისი, ოთხშაბათი
სამსახურში დილით გამოვცხადდი. არც ერთი თანამშრომელი არ მელაპარაკება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათთვის არაფერი ჩამომიტანია. მაგრამ მალე შემირიგდნენ. მათ ჩემი მომდურება დიდხანს არ შეუძლიათ. ვიცი, ვუყვარვარ. ამას ყოველთვის ვგრძნობ. ალბათ, მეც ამიტომ არ ვუფრთხილდები მათ... ღმერთო, რა კეთილები არიან! გაბრაზებაც კი არ შეუძლიათ. დიდი-დიდი, ჩემს კომპიუტერთან მივიდნენ, როცა მოსაწევად გავდივარ, და ჩემი ფეისბუკით რამე დაპოსტონ. დღეს, მაგალითად, ჩემი ფეისბუკით დაპოსტეს, რომ ცეცხლოვანი ღამე მქონდა. ეგრევე შევვარდი და მივაწერე, არა, მეგობრებო, ეს ჩემმა კოლეგებმა იხუმრეს. ცეცხლოვანი ღამე არ მქონია, სინამდვილეში ღამე საერთოდ არ მქონია - პროექტის წერაში გავათენე. ძალიან ვიხალისე დათო პაიჭაძის კომენტარზე: „ჩემს მეგობარს 90-იან წლებში წიგნითა და მოკიდებული სიგარეტით ხელში, მარტო მყოფს ჩაეძინაო; ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ცეცხლოვანი ღამე იყოო. ასე რომ, მირჩია, დროულად შევირთო ცოლი“.

მთელი დღე ვაქვეყნებ ფოტოებს. ვენის საოპერო თეატრი, ავსტრიის პარლამენტი, შტეფანსდომი, შადრევნები, ქანდაკებები... მართლაც, რა ლამაზი ქანდაკებებია! გული მწყდება, რომ არც ერთი კარგი ქანდაკება არ დგას ჩვენთან. საბჭოთა საქართველოს ქანდაკება მკაცრად რეალისტურია, არ კეთდებოდა შიშველი ნატურა, ამ მხრივ არანაირი კომპრომისი. ცენზურა მკაცრად იდგა საბჭოთა მოქალაქის მორალის სადარაჯოზე. ჰიტლერის ქანდაკება შიშველი და ათლეტურია, თუმცა ეს სხეულები ეროტიკულობას მოკლებულია, ფორმა სრულიად ცივია და ხშირად უშინაარსო, მაგრამ მაინც მოგწონს, გიზიდავს, ფოტოს გადაღებისკენ გიბიძგებს.

5 ივნისი, ხუთშაბათი
ზეკოსთან ვარ დილიდან. ზეკო გუბერნატორის პიარია, ამავდროულად - ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელიც. მერვე წელია, ეროვნულ გამოცდებზე მისი თანაშემწე ვარ. წესით უნდა ვეხმარებოდე, მაგრამ ძირითადად ხელს ვუშლი, ბოლო დროს ნერვებსაც. ახლა სწორედ ასეა: გაიგო, რომ ერთ კვირაში აფრიკაში, მაროკოში, მივდივარ. მართალია, გამოცდების დაწყების დღეს ჩამოვალ, მაგრამ მაინც მეჩხუბება: რომ მჭირდები მაშინ უნდა შემატოვო ყველა საქმეო?! ხმას ვერ ვიღებ. მართალიც რომ ვიყო, ზეკოს არ უნდა შეეპასუხო - ძალიან დიდი სიტყვის მარაგი აქვს, ვერ მოუგებ. უხერხულობას არღვევს ჩაის სახლის მენეჯერის, ნატალიას ზარი. ღმერთო, როგორ სულ მეხმარება ნატალია, ახლაც რა დროული იყო მისი დარეკვა! ახლავე გადმოდი ჩაის სახლში, ტელეკომპანია „რიონის“ დილის პროგრამაა მოსული, შენი ჩაწერა უნდათო. რუბრიკა აქვთ ჩაის სახლთან ერთად: „საუბრები ჩაიზე“. თუმცა, რომ გადავედი, ყავა დამალევინა. ნატალიას, ჩემი არ იყოს, ბევრი საქმე აქვს, თუმცა ჩემთვის სულ რჩება დრო. ამბობს, რომ ჩემი საუბარი მას ეხმარება. სინამდვილეში ის მეხმარება. ის ყველას ეხმარება, ძალიან კეთილია.

ჩაწერა მალე სრულდება, ისევ სამსახურში გავრბივარ. საღამოს ისრაელის ელჩს უნდა შევხვდე. თავად ისურვა ჩემთან შეხვედრა, მადლობა უნდა მითხრას. ქუთაისში 8 ივნისს ისრაელის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ჩამოდის. ალექსანდრე კორსანტიას ჩამოჰყავს. საშამ ამ კონცერტის ორგანიზება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ამერიკიდან მთხოვა, ეს ამბავი აუწყეს ისრაელ დიპლომატს. ისიც დიპლომატიურად იქცევა. დღეს „ფაქტჩეკიდან“ დამირეკეს. კორპორაციული „ივენტია“. მე მათი საპარლამენტო კორესპონდენტი ვარ. ჯანდაბა, უკვე მეორედ ვერ მივდივარ ასეთ ქეიფზე! აშკარად ვაწყენინე ამ ნიჭიერ ხალხს...

6 ივნისი, პარასკევი
ზესტაფონის ფეროში ერთი მუშაა გარდაცვლილი, ვანში ახალგაზრდა ბიჭი ნაღმზე აფეთქდა. ზუსტად არ ვიცი, რა ხდება. ეგრევე ვრეკავ ჩემს სააგენტოში. „ინტერპრესნიუსიც“ პირველი ავრცელებს ამ ინფორმაციას, შემდეგ დეტალებს ვაზუსტებ და უფრო ვრცლად რადიო „პალიტრას“ ვერთვები. საღამოს ოპერაში მივდივარ: მაესტრო გოგი ჭიჭინაძე ლეონკავალოს „ჯამბაზებს“ დირიჟორობს. სპექტაკლს ბოლომდე ვერ ვესწრები, რადგან ქეთი ბერძენიშვილი მირეკავს და დაუყოვნებლივ შეხვედრას მთხოვს. ჩაის სახლში ვხვდებით ერთმანეთს, ამჯერად ღვინო მოვწრუპეთ. რაც ჩამოვედი, ჩაის სახლში ყველაფერი დავლიე, ჩაის გარდა!

ქეთი რადიო „ძველი ქალაქისთვის“ დავალებებს მაძლევს, გადაცემა გვაქვს ჩასაწერი. მანამდე კი მახსენებს, დღიურებს ხომ წერო. მაფრთხილებს, რომ კარგი უნდა გამოვიდეს, ყველას უნდა ვაჯობო. შემდეგ ეკა ტოგონიძის წიგნის პრეზენტაციას ვესწრებით, რა კარგი გოგონა ყოფილა! არც ვიცოდი, ასე თუ წერდა.

7 ივნისი, შაბათი
„თბილისი მერიოტში“ იმ კვირაში პროექტის პრეზენტაცია მაქვს. პროექტის მენეჯერი, ქალბატონი ბელა მირეკავს და მთხოვს, უფრო სწორად, მოითხოვს, სასწრაფოდ გადავაგზავნო „პაუერ პოინტი“. ამ დროს ისრაელის კამერატაზე მოსაწვევების გამო მაწიოკებს მთელი ქუთაისი. დღეს 5 საათზე ტრენინგიც მაქვს ჩასატარებელი: ახალციხელი ბავშვები ჰყავთ ჩამოყვანილი, ჩემთან შეხვედრა თავად უსურვებიათ.

პარალელურად დღეს „ნანუკას შოუს“ ახალი ანონსიც წავიდა „რუსთავი 2“-ზე. თავბრუდამხვევი პოპულარობის მოლოდინში ვარ! საღამოს ქეთი ბერძენიშვილის დავალებები უნდა შევასრულო... შაბათი უძახე შენ, აშკარად მძიმე დღე მაქვს! ზეგ კიდევ ჩემი მეგობრის, თემურის სასამართლოა. აშკარად თემურზე მეტად განვიცდი ამ ამბავს, მართლა უდანაშაულოა, პროკურატურასაც არ ეპარება ეჭვი მის პატიოსნებაში. უბრალოდ, ვიღაცაზე უნდათ გასვლა, ალბათ, ჩვენ კი დაგვტანჯეს! ერთი წელია, მართლა სისულელეს ედავებიან. კულტურის სამსახურის უფროსი რომ იყო, იმ პერიოდის საქმეა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

ახლა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გავრბივარ, ოჯახში ძალადობაზეა დისკუსია, ფასილიტატორი ვარ. წმინდა ნინოს ქუჩით პუშკინზე ჩავდივარ, სულით ავადმყოფი გოგონას შეძახილმა შემაჩერა: „ბებია მალე მოვა?“ დავიბენი. თან მეჩქარება, თან პასუხი მინდა გავცე. ამ მომენტში გოგონა გულწრფელია, მას მართლა აინტერესებს, სად არის მისი ბებია. საკუთარი ავადმყოფობის გამო მან არ იცის, რომ პირადი განცდების ხმამაღლა თქმა და, მით უმეტეს, უცხო ადამიანისათვის მიმართვა არ შეიძლება, კარგ ტონად არ ითვლება. მე მგონია, სულით ავადმყოფობის ერთ-ერთი კლინიკური ნიშანი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანმა არ იცის ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თამაშის წესები, იგი არანორმალურად გულწრფელია.

საღამოს ბალახვანში ჩავდივარ, ჩემს მეგობარ ოჯახში ირინე ასათიანთან. ირინე ახლა თბილისშია, მაგრამ ენდი დამხვდება, მსახიობი ენდი ძიძავა, ჩვენი „ანა კარენინა“. ცოტას ვიკამათებთ ქართულ თეატრზე, ცოტა ყავას დავლევთ, ბევრ სიგარეტს მოვწევთ და ასე დაგვათენდება. მერე ისევ უნდა ვიმუშაო. ყოველთვის ვამბობდი, მე სულ ვმუშაობ, გარდა ახალი წლის, შობის, აღდგომისა და ჩემი დაბადების დღისა-მეთქი. სინამდვილეში ვტყუოდი. ამ დღეებშიც ვმუშაობ. უბრალოდ, მინდოდა, ყველას შრომისმოყვარე ვგონებოდი და არა შრომისგან გამოთაყვანებული.
XS
SM
MD
LG