Accessibility links

logo-print
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, პრვენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებებში. ანგარიშში ასევე მოცემულია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სისტემური ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები.

2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა უფლებების დარღვევის როგორც ცალკეული ფაქტები, ასევე სისტემური ხასიათი. მონიტორინგი გავრცელდა სასჯელაღსრულების შვიდ დაწესებულებაზე, სამ დროებითი დაკავების იზოლატორსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე. ანგარიშში შევიდა პატიმარ ბ.ა.-ს შემთხვევა, რომელიც თვალსაჩინოდ ასახავს შშმ პატიმრის მიმართ სამარტოო საკნის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას:

„დაახლოებით, 3 კვ. მეტრი ფართობის სამარტოო საკანი, ბნელი. რკინის გისოსებიანი კარი დაკეტილია რკინის დიდი ბოქლომით. პაციენტი წევს საკნის კუთხეში, ცემენტის ფილაქანზე დაგებულ ჭუჭყიან ღრუბლის ნაგლეჯზე. აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი. თმები და მოშვებული წვერი ჭუჭყიანი და დაუვარცხნელი აქვს. საკნის კუთხეში დგას ფინჯანი და ორი ჯამი, საკვების ნარჩენებით. იატაკზე ყრია პურის ნატეხები. საწოლი, სკამი ან რამე სხვა ნივთი საკანში არ არის. საკნის კართანაც კი ანტისანიტარიით გამოწვეული უსიამოვნო სუნი დგას. აღსანიშნავია, რომ იქვე იყო სამი ცარიელი საკანი, შუქით. შეკითხვაზე, რატომ მოათავსეს მაინცდამაინც საკანში, სადაც შუქი გაფუჭებული იყო, თანამშრომელმა გვიპასუხა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მისთვისო“.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნიკა კვარაცხელიას თქმით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა იდენტიფიცირების პრობლემასთან - ყოველივე ეს კი პრობლემას ქმნის შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების კუთხით. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ამის თობაზე ნიკა კვარაცხელია ამბობს:
დაწესებულებებში იმ პატიმრების რიცხვი, რომლებიც სავარძლებს იყვნენ მიჯაჭვული, 254-დან 20-მდე ჩამოვიდა. ყველა არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარით...

„არ არის დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამები, შრომითი თერაპია. „პერსონალური დამხმარე“ ძალიან აქტუალური თემაა და დაკავშირებულია თვითმოვლასთან, გადაადგილებასთან და ა.შ. ამ კუთხით ერთადერთი, რაც არის, როგორც წესი, სხვა პატიმრები გვევლინებიან დამხმარეებად. დღესაც რჩებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები, რომლებიც ვერ იყენებენ სეირნობის კანონით დადგენილ უფლებას“.

სახალხო დამცველის აპარატის კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, შშმ პატიმართა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. პირველ რიგში, გაკეთდა მაღალი სტანდარტის შესაბამისი განყოფილება სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მძიმე ხარისხის შეზღუდულობის პატიმრები იმყოფებიან ადაპტირებულ გარემოში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.


გაიზარდა მომსახურების დონე. შედიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები... უკეთესად მარაგდებიან წამლებით. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში მოხდა ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების გათავისუფლება ამ დამოკიდებულებისგან...
„რაც შეეხება პერიფერიას, დაწესებულებებში იმ პატიმრების რიცხვი, რომლებიც სავარძლებს იყვნენ მიჯაჭვული, 254-დან 20-მდე ჩამოვიდა. ყველა არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარით (სავარძლები, ხელჯოხები და ა.შ.) და უახლოეს მომავალში, ისევე როგორც ცენტრალური საავადმყოფოს ადაპტირება მოვახდინეთ, ყველა ახალ პროექტში იქნება გათვალისწინებული პირობები, რომლებიც სჭირდება შშმ პირებს“, უთხრა არჩილ თალაკვაძემ რადიო თავისუფლებას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სამინისტრო ცდილობს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით გაათავისუფლოს ან სასჯელის მოხდის ვადა შეუმციროს მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პატიმრებს. სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმის პოზიტიურ შედეგებზე ლაპარაკობს ლალი წულეისკირიც, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ,,თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“:

„გაიზარდა მომსახურების დონე. შედიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები... უკეთესად მარაგდებიან წამლებით. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში მოხდა ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების გათავისუფლება ამ დამოკიდებულებისგან, რასაც ადრე ბოროტად იყენებდნენ“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხშირად საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების იგნორირება პაციენტთა უფლებების აშკარა დარღვევას - მათ ფიზიკურ შეზღუდვასა და სასტიკ მოპყრობას - განაპირობებს. სახალხო დამცველის ანგარიში სრულდება რეკომენდაციებით, რომლის ადრესატები სასჯელაღსრულების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან.

„მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ სისტემა არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, არ არის გათვალისწინებული ის სპეციფიკა და ის მოთხოვნები, რაც ამ პირებს გააჩნიათ. აქ არა მარტო ინფრასტრუქტურა იგულისხმება, არამედ დამოკიდებულებაც, თუმცა რეალურად ეს არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს შესწავლა შშმ პირთა მდგომარეობისა დახურულ დაწესებულებებში“, განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.
XS
SM
MD
LG