Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სახლიდან წაგვიყვანეს“


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული იმ 14-დან, რომლებიც პოლიციამ კვირას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით წაიყვანა სახლიდან, სადაც, თვითმხილველთა განცხადებით, წვეულება იმართებოდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, 13 პირს დაუდგინდა მარიხუანის მოხმარება და ისინი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებული სასამართლო პროცესამდე, სადაც კანონით განსაზღვრული 500-ლარიანი ჯარიმის დაწესებაზე უნდა იმსჯელონ. ერთ დაკავებულს კი ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გასაღებას ითვალისწინებს. რას ჰყვებიან ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე უკვე გათავისუფლებული პირები და ჰქონდა თუ არა პატრულს კერძო სახლში შესვლის უფლება?

როგორც 8 ივნისს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პატრულის მიერ წაყვანილი დიმიტრი შარაშიძე ჰყვება, რამდენიმე მეგობარი ე.წ. საირმის ნაკვეთების ტერიტორიაზე იყო სახლში შეკრებილი გასართობად, რადგან მათთან სტუმრად იმყოფებოდა უცხოელი დი-ჯეი. შეკრებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში ფანჯრიდან საპატრულო ეკიპაჟის ოთხი მანქანა შენიშნეს.

„ვსვამდით, ვერთობოდით და უცებ, ფანჯრიდან რომ გადავიხედე, დავინახე პატრულის 4 ეკიპაჟი. ამასობაში ამოვიდნენ კიდეც. რამდენიმესართულიანი სახლია და შემოვიდნენ და საერთოდ ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ძირითადად არის ხოლმე მიზეზი, რომ მეზობლები წუხდებიან ხმამაღალი მუსიკის გამო და ეს რომ ვკითხეთ, რომ არის თუ არა ეს მიზეზი, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ“.

საპატრულო პოლიციის მისვლას იხსენებს ვასო ქუთიძეც, რომელსაც მოგვიანებით მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა, თუმცა, მისივე განმარტებით, მარიხუანა იმ დღეს არ მოუხმარია:

„ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ არც ორდერი წარმოუდგენიათ, რომ სახლში შემოსვლის უფლება ჰქონდათ, არც უკითხავთ ვინმესთვის, რომ სახლში შემოსვლის უფლება ჰქონდათ. კარი იყო ღია. პირდაპირ შემოვიდნენ. ჩვენ ვიყავით მესამე სართულზე. ეს კერძო სახლია და ისე მოვიდნენ, რომ არც მანამდე ვიცოდით რამე და არც მერე უთქვამთ. ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ რაღაცებს ეძებდნენ, ჩანთას ხელს ჰკიდებდნენ გარედან, ერთ ადგილას რაღაც პარკები ეყარა - ნაგვისმაგვარ რაღაცებს ვაგროვებდით - და ერთმა პოლიციელმა იარაღი ამოიღო და ამ იარაღით ქექავდა რაღაცებს, რომ რამე ენახათ. ძალიან უცნაური რაღაც ხდებოდა“.

ვასო ქუთიძე იმასაც ჰყვება, თუ როგორ მოუწიათ საპატრულო ეკიპაჟთან ერთად რამდენიმე საათის გატარება და ერთი ლაბორატორიიდან მეორეში სიარული:

„იმის გამო, რომ ჯერ ჩვენ იმდენი ვიყავით და, მეორეც, რიგები იდგა, ჯერ ორთაჭალაში წაგვიყვანეს, სადაც ძალიან დიდი რიგი იყო, მაგრამ ნაწილი იქ დატოვეს, ნაწილი დიღომში წამოგვიყვანეს, სადაც იმხელა რიგი იყო, ისევ ორთაჭალაში მიგვაბრუნეს. 3 საათი იყო, რომ წაგვიყვანეს, და 9 საათი იყო, ანალიზებიდან რომ გამოვედი. მთელი დღე მოანდომეს ამის კეთებას“.

8 ივნისს პატრულის მიერ ნარკოტიკული შემოწმების მიზნით დაკავებული პირები 2 ივნისს სახელმწიფო კანცელარიის წინ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები იყვნენ, თუმცა ისინი ამჯერად მათ მიმართ გამოჩენილ ინტერესს აქციაში მონაწილეობასთან ვერ აკავშირებენ. მათივე განცხადებით, ჯერჯერობით იურისტებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ და, შესაბამისად, არ იციან, გაასაჩივრებენ თუ არა პატრულის საქციელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ საპატრულო პოლიცია ადგილზე მეზობლების სატელეფონო გამოძახების საფუძველზე მივიდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პატრულს ეს ადგილზე არ განუმარტავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ, კანონის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის დროს პატრულს შეუძლია კერძო ბინაში შევიდეს, თუმცა მას არ აქვს ჩხრეკის ჩატარების უფლება. ამასთან, პატრულს უნდა განემარტა, რის საფუძველზე მივიდნენ. ლევან ვეფხვაძის თქმით, ამ ეპატზე ბევრი ნიუანსის გარკვევაა საჭირო:

„პირველ რიგში, რის საფუძველზე მოხდა პოლიციის გამოძახება, შემდგ - რა საფუძველი ჰქონდათ, რომ სახლში შევიდნენ, იყო თუ არა ჩხრეკის თუ რაც ჩაატარეს, იმის საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობა, შემდეგ დაკანონდა თუ პირდაპირ არსებობდა განჩინება, ანუ ეს მთელი ნიუანსებია ამ ეტაპზე გასარკვევი“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG