Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას


თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად აფასებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას მიესალმება. “ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ასე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც“, - ნათქვამია ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებაში. ის აღნიშნავს, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და პროცესი წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. „ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც უნდა მოდიოდეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და არცერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების და რეაგირების გარეშე“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG