Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამხრეთის ნაკადს“ შესაძლოა სერბიაც გამოეთიშოს


სერბია აცხადებს, რომ, შესაძლოა, იძულებული გახდეს შეწყვიტოს „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის გაყვანა თავის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას გაზსადენის მონაკვეთზე, რომელიც მის ტერიტორიაზე გადის. რა ბედი მოელის ამის შემდეგ „სამხრეთის ნაკადს“ - რუსეთის პროექტს, რომელსაც კრიტიკულად აფასებენ დასავლეთში?

გაზსადენი „სამხრეთის ნაკადით“ რუსეთი მიზნად ისახავს ევროპაში გაზის ექსპორტს შავი ზღვის გავლით -ბულგარეთში, იქიდან კი სერბიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, ავსტრიაში. გაზსადენის მეორე შტო ბულგარეთიდან საბერძნეთისა და იტალიისაკენ მიემართება. „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა 2012 წლის მიწურულს დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა პლამენ ორეშარსკიმ გააკეთა განცხადება ამ გაზსადენთან დაკავშირებული სამუშაოების შეჩერების თაობაზე (მიზეზად მან ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისაგან კრიტიკა დაასახელა), ვითარება შეიცვალა: სერბიას, შესაძლოა, ასევე მოუწიოს გაზსადენზე მუშაობის შეწყვეტა.

ორშაბათ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აკრიტიკებს ბულგარეთის გადაწყვეტილებას „სამხრეთის ნაკადზე“ მუშაობის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა ამ ნაბიჯს უწოდა „მცოცავი გადასვლა“ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე.

კრიტიკული იყო რუსეთის ენერგეტიკის ეროვნული უსაფრთხოების ფონდის დირექტორის, კონსტანტინ სიმონოვის შეფასებაც: „ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის კომისიამ კურსი აიღო ამ პროექტისთვის ბოლოს მოღებისაკენ და იყენებს ნებისმიერ პოლიტიკურ ბერკეტს ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე ან მასში გაწევრიანების კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენად. სავსებით ნათელია, რა ხდება სერბიის შემთხვევაში - მას მიანიშნებენ, რომ არ მიიღებენ ევროკავშირში. არადა, სერბიას სურს ევროკავშირში შესვლა, ხორვატიის შემდეგ“, განაცხადა რუსმა ექსპერტმა რუსეთის ტელეარხ „დოჟდTV“-სთან საუბარში.

სერბიის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის ზორანა მიჰაილოვიჩის განმარტებით, ბელგრადს მოცდა მოუწევს, სანამ ბულგარეთი, ევროკავშირი და მოსკოვი გამართავენ მოლაპარაკებას რუსეთიდან გაზის ევროპაში იმპორტის საკითხზე. მოგვიანებით სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდარ ვუჩიჩმა დააზუსტა, რომ ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური გადაწყვეტილება „სამხრეთის ნაკადის“ სერბიის მონაკვეთის მშენებლობის შეწყვეტა-არ შეწყვეტის თაობაზე.

ორშაბათს საყურადღებო განცხადება გააკეთა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა დრაგომირ სტოინევმაც. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ შეჩერდა სამუშაოები „სამხრეთის ნაკადის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც ბულგარეთზე გადის, არ ნიშნავს, რომ ბულგარეთი საბოლოოდ ამბობს უარს სამხრეთის ნაკადზე. სტოინევი „შეუქცევადად და მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს ამ პროექტს ევროპისთვისაც და ბულგარეთისთვისაც.

ბულგარეთს, როგორც ზემოთაც მივანიშნეთ, საკვანძო მნიშვნელობა აქვს „სამხრეთის ნაკადის“ მარშრუტისთვის. გეგმით, გაზსადენი (ის რუსეთისთვის ემსახურება ამოცანასაც, გვერდი აუაროს უკრაინაზე ტრანზიტს) შავი ზღვის გავლით სწორედ ბულგარეთში ჩადის და იქიდან გრძელდება ორი მიმართულებით: ერთი ავსტრიისაკენ, მეორე იტალიისაკენ. რუსეთს სურს „სამხრეთის ნაკადის“ მეშვეობით ევროპას წლიურად მიაწოდოს 63 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

მაგრამ ევროკავშირში სულ უფრო ფრთხილად ეკიდებიან რუსეთიდან გაზით მომარაგების საკითხს - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ დაიწყო გერმანიაში წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადაქაჩვა.
XS
SM
MD
LG