Accessibility links

logo-print
10 ივნისს შს სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა 2008 წელს გაუჩინარებული დათო ცინდელიანის საქმე, რომლის მიხედვითაც, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მოკლა. ეს არის ბოლო დღეებში გახმაურებული ამ ტიპის უკვე მეორე საქმე, სადაც მკვლელობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი რომან შამათავაა დადანაშაულებული.

მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს გაიტაცეს ქუთაისიდან, სადაც ის გაერთიანებულ თათბირზე იყო დაბარებული. მისი გატაცებისა და თბილისში ჩაყვანის დავალება შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისგან მიიღო. თუმცა მას შემდეგ, რაც დათო ცინდელიანი ქ. ქუთაისში ,,ნივის“ მარკის ავტომანქანიდან ცალკე ავტომანქანაში გადასვეს და თბილისისკენ წაიყვანეს, ოდნავ მოგვიანებით ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, ის, თბილისის ნაცვლად, ბათუმში ჩაიყვანეს და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.

გამოძიების მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რაც 10 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა წაიკითხა,
რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, ცინდელიანი კი უარყოფდა:
არსებობს გარემოება, რაც ადასტურებს იმას, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმ დროს საქართველოში. ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და სათანადო წესით წარვადგენთ სასამართლოში...


”რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო”.

გახსნილად გამოცხადებული დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მას უკვე მეორედ დაუმძიმდა ბრალი - 5 ივნისს გახსნილად გამოცხადებული საქმის მიხედვით, ასევე სწორედ შამათავას ხელით არის მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 2008 წლის 27 აგვისტოს შემდეგ.
როცა კოდორის ხეობა საბოლოოდ დავკარგეთ, იმ პერიოდში მის სოფელში - ჭუბერში - იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და მათთან მოუვიდა კამათი. ეს არის ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა ეს სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. ჩვენთვის მარტო ეს არის ცნობილი...


დაცვის მხარე მიჩნევს, რომ, ისევე როგორც ეს ე.წ. ”ხურჩის ტერაქტის” საქმესთან დაკავშირებით იყო, რომან შამათავა ხელისუფლებას, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, არჩევნების წინ ახსენდება. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, ბრალდებულ შამათავას ალიბი აქვს:

”არსებობს გარემოება, რაც ადასტურებს იმას, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმ დროს საქართველოში. ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და სათანადო წესით წარვადგენთ სასამართლოში. გასაკვირია, საერთოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც თავის თავსაც ასახელებენ ამ დანაშაულში, რატომ ბრალს არ უყენებენ?!”

პარალელურად, დათო ცინდელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები შურისძიებაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ბიძის, ოთარ ვიბლიანის, თქმით, მოკლულს სამაგიერო შესაძლოა შს სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ერთი კონკრეტული ფაქტის გამო გადაუხადეს:

”როცა კოდორის ხეობა საბოლოოდ დავკარგეთ, იმ პერიოდში მის სოფელში - ჭუბერში - იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და მათთან მოუვიდა კამათი. ეს არის ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა ეს სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. ჩვენთვის მარტო ეს არის ცნობილი... უსაყვედურა: თოფის გაუსროლელად რატომ დატოვეთ აფხაზეთი, - თუკი მაინც ომს არ აპირებდით, ჯერ მოსახლეობა გამოგეშვათ და მერე თქვენ წამოსულიყავითო”.

დათო ცინდელიანის ნათესავები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათ მიერ დასახელებულ სავარაუდო დამნაშავეთა სია საკმაოდ გრძელია და იქ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმდროინდელი უფროსი თენგიზ გუნავაც შედის. მასვე ადანაშაულებს პაატა ქარდავას ოჯახიც. თუმცა თავად გუნავა, რომელიც 15 ივნისის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის აპირებს ბრძოლას, მისი მისამართით გახმაურებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ყველაფერს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობენ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც. ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეფასებით კი, იკვეთება სისტემური დანაშაულის ნიშნები.
XS
SM
MD
LG