Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის კანდიდატის დაბრუნება მარნეულში


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნათია ჯორბენაძემ დააკმაყოფილა მოქალაქე აკმამედ იმამყულიევის სარჩელი და გააუქმა როგორც მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე ცესკოს 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რეგისტრაცია გაუუქმდა მარნეულის გამგებლობის კანდიდატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აკმამედ იმამყულიევს.

შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და აკმამედ იმამყულიევის მხარდამჭერები. სასამართლოს ეზოში განცხადება გააკეთა თავად გამგებლობის კანდიდატმა, რომლის თქმითაც, დღეიდან იწყება ბრძოლა საქართველოს ასამუშავებლად და იმ ხალხის დასამარცხებლად, ვინც ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და უკეთესი მომავლის მშენებლობას.

აკმამედ იმამყულიევისათვის საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა გოგორიშვილი, რომლის თქმითაც, პოლიტიკურად იყო მოტივირებული როგორც მარნეულის საოლქო კომისიის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ხათუნა გოგორიშვილი იხსენებს იმ ვითარებას, რომელშიც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ იმამყულიევისათვის რეგისტრაციიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„მთელი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა მისი ტელეფონი და ყოველ 2-3 წუთში ერთხელ მისი პასუხი იყო: „არა, ჯერ ვერა“, „ჯერ ვერ მოვაწერე“, „მაცალეთ“ და ა.შ. ფაქტია, რომ ეს იყო პირდაპირი ზეწოლა და ამის დასტური იყო კიდევ ის, რომ მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარემ 6 საათამდე ვერ მოახერხა განკარგულებაზე ხელის მოწერა, 40 წუთის განმავლობაში მარნეულის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს შეკეტილი ჰყავდათ სამუშაო ოთახში და არავინ იცის, რა ხდებოდა იქ და რა პირობებში მოხდა ხელმოწერა“, უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას.

კანონი არის ძალიან ბუნდოვანი, ამიტომ ცესკოს თითოეულ წევრს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამანაც განაპირობა დიდწილად ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები...
თამარ ჟვანია

აკმამედ იმამყულიევს მარნეულის საოლქო კომისიამ იმის გამო გაუუქმა რეგისტრაცია, რომ გამგებლობის კანდიდატს ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში, რასაც საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლი ითხოვს, თუმცა მსგავს ვითარებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და რეგისტრაცია არ გაუუქმა რუსთავის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს, რომელიც 2012 წელს შვიდი თვით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამ ფაქტის კომენტირებისას ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა:

„კანონი არის ძალიან ბუნდოვანი, ამიტომ ცესკოს თითოეულ წევრს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამანაც განაპირობა დიდწილად ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, ვინაიდან ის არის კოლეგიალური ორგანო და წევრთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის:

„უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება დღეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება. უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა - მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციაზე - და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს".
მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, გორის მერობის კანდიდატი, მოხსნილი იქნა არჩევნებიდან იმის გამო, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში, რუსთავის მერობის კანდიდატი კი არ მოხსნა იმის გამო, რომ სასწავლებლად იმყოფებოდა ინგლისში...
ემზარ პაქსაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს 24 საათის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარის ანდა მოპასუხის მხრიდან მესამე პირად ჩართული სადამკვირვებლო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის ემზარ პაქსაძის მიერ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ემზარ პაქსაძემ განაცხადა, რომ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რადგანაც, მისი მტკიცებით, იმამყულიევი საქართველოში ნამდვილად არ იმყოფებოდა 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და, კიდევ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე.

„თუმცა გაურკვეველია ჩემთვის, რა იგულისხმა სასამართლომ, როდესაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღო, როცა საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნული ხასიათის საქმეებზე არ არის ერთგვაროვანი პრაქტიკა. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, გორის მერობის კანდიდატი, მოხსნილი იქნა არჩევნებიდან იმის გამო, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში, რუსთავის მერობის კანდიდატი კი არ მოხსნა იმის გამო, რომ სასწავლებლად იმყოფებოდა ინგლისში. ანუ საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი, რომელიც იყო საზღვარგარეთ გასული გარკვეული პერიოდით, ამ გასვლას ხომ არ მოჰყოლია წყვეტა იმ ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთან, რომლის მოქალაქეც არის“, უთხრა ემზარ პაქსაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG