Accessibility links

„მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. ტატიანა ბაიკოვას სტატია შეეხება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განზრახვას ბრალი წაუყენოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობისთვის, რომლის შედეგადაც 10 რუსი სამშვიდობო დაიღუპა.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ადრე ბრალდებულებს საერთაშორისო იმუნიტეტი იცავდა, რადგან ისინი იკავებდნენ მაღალ პოსტებს საქართველოს მთავრობაში - საუბარია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილზე. ახლა, ვინაიდან მათ ეს იმუნიტეტი მოეხსნათ, შესაძლებელია საქმის განახლება და ძებნის გამოცხადება. მოსკოვის ადვოკატთა კოლეგიის „ნიკოლაივი და პარტნიორების“ წარმომადგენლის, იური ნიკოლაივის განმარტებით, ბრალდება, რომელსაც ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებს წაუყენებენ, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, კომიტეტს ასევე სურდა ბრალი წაეყენებინა მიხეილ სააკაშვილისთვისაც, მაგრამ, როგორც ჟურნალისტთან ადვოკატების კოლეგია „ბარშევსკი და პარტნიორების“ წარმომადგენელი ოსიპ ვისოცკი განმარტავს, სახელმწიფოს მეთაურები, თუნდაც ყოფილი, მაინც ინარჩუნებენ საერთაშორისო იმუნიტეტს, რის გამოც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეუძლებელია.
სტატიის ბოლოს ჟურნალისტი იხსენებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ სააკაშვილის დაკითხვა საქართველოს ახლანდელ მთავრობასაც სურდა, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. სტატიის ბოლოს ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილი ამჯერადაც ამერიკაში ცხოვრობს და ლექციებს კითხულობს, ასევე აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და კიევშიც არაეთხელ ჩავიდა.

მიხეილ ვიგნანსკის სტატიაში, რომელიც „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. „წინა ხელისუფლების რადიკალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში დამღუპველი იყო. ჩვენს დროს განიმუხტა დაძაბულობა და პოლიტიკურმა ტემპერატურამ მინიმუმამდე დაიწია, დაიწყო ხალხებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ, ღარიბაშვილის განცხადებით, ის რუსეთისგან გრძნობს დადებით სიგნალებს და თვლის, რომ რუსეთი არ გააპროტესტებს 27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ მიმდინარე პოლემიკას გამოეხმაურა „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც ინტერფაქსის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. ასევე სტატიაში ვკითხულობთ ციტატას ღარიბაშვილის განცხადებიდან, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა, და მოკლე მიმოხილვას, თუ რა აქციები მიმდინარეობდა თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG