Accessibility links

logo-print

კანდიდატთა სიმრავლე და წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები ქუთაისში


ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თითქმის ერთი თვეა აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მერობის 7 და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 90 კანდიდატი ქუთაისის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამომრჩევლებს საკუთარ პროგრამას აცნობენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატებიც. ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 8 დამოუკიდებელი კანდიდატიდან ორმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. საინიციატივო ჯგუფების მიერ საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილმა მამუკა ჩიხლაძემ და არჩილ იაშვილმა განაცხადეს, რომ მხარს მმართველი კოალიციის კანდიდატებს დაუჭერენ. საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებიდან 36 ქალია. ორი ქალი ქუთაისის მერის თანამდებობაზე აცხადებს პრეტენზიას. მათი კონკურენტები მამაკაცებიდან 3 ქალაქის ყოფილი მერია.

ხათუნა მაჭავარიანი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ბლოკიდან „თვითმმართველობა ხალხს“, ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდი და კონკურენტუნარიანია. მისი თქმით, რამდენიმე ერთეული დარღვევის გარდა, რომლებიც კონკრეტული ადამიანების სუბიექტური მოქმედებით გამოიხატა, ხელისუფლების მხრიდან ხელის შემშლელი ფაქტორები არ დაფიქსირებულა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მონიტორინგის შედეგად მომზადებულ მეორე შუალედურ ანგარიშში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიაში არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობის სავარაუდო ფაქტები შეიტანა. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ეფექტური ცვლილებები უნდა განახორციელოს.

ქუთაისში დაფიქსირებული ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც კოალიცია არასაპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა, კანონით აკრძალულ ადგილებში სარეკლამო-სააგიტაციო პლაკატების განთავსებაა. არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ავტოქარხნის ოლქში, გოგი წულაიამ, საარჩევნო პლაკატები ადმინისტრაციულ შენობაზე გააკრა, რითაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა პლაკატების გარე განათების ბოძებზე გაკვრა გააპროტესტა.

წინასაარჩევნო გარმოს შეფასებისას კანდიდატთა სიმრავლეს და კანდიდატი ქალების აქტიურობას პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის - „თაობათა დიალოგის“ - გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე და, ამავე დროს, ამომრჩეველთა ნეგატიურ განწყობასა და ნიჰილიზმზე ამახვილებს ყურადღებას.

15 ივნისს ქუთაისელი ამომრჩეველი, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ქალაქის მერს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება ახალი საკრებულოც, რომლის 25 წევრიდან 10 მაჟორიტარული წესით, 15 კი პროპორციული სიით იქნება არჩეული.
XS
SM
MD
LG