Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საარჩევნო კამპანია ზუგდიდში პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს


ზუგდიდს მერობის ოთხი და რაიონს გამგებლობის ექვსი კანდიდატი ჰყავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები წარდგენილი ჰყავს პოლიტიკურ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პოლიტიკურ გაერთიანებას „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“, საარჩევნო ბლოკს „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა-ჩიხრაძე“, პოლიტიკურ მოძრაობას „ერთიანობის დარბაზი“ და „სახალხო პარტიას“. წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებიდან - 24 აპრილიდან - თითოეული მათგანი მეტ-ნაკლები აქტიურობით ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.

კამპანიის დაწყებიდან დღემდე განსაკუთრებული დაძაბულობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის იგრძნობა. ყოფილი მმართველი გუნდი მოქმედს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში, საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც „ქართული ოცნება“ უარყოფს. პირველი ორი ინციდენტი, სადაც ყოფილმა მმართველმა პარტიამ მოქმედი საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში დაადანაშაულა, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე მოხდა.

პირველი ინციდენტი 10 აპრილს ანაკლიაში დაფიქსირდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავას ბრიფინგი „ქართული ოცნებისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა ჩაშალეს. შედეგად, სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტს, გივი ლუკავას, 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ასევე 12 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრას. ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეხვედრის მიზანმიმართულად ჩაშლაში კვლავ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.
ოჯახს თავისი გაჭირვება ისედაც ყოფნის და კიდევ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მოგვივარდნენ აქ „ოცნების“ აქტივისტები ლანძღვა-გინებით, შემდეგ ღობეზე შემოძრომას ცდილობდნენ...
თენგიზ გუნავა


წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ ინციდენტთაგან განსაკუთრებით მწვავე გასულ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტია. 6 ივნისს შტაბთან თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის გარდაცვლილი ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მისი მონაწილეები საქმის გამოძიებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის, თენგიზ გუნავას, და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდნენ.

„ოჯახს თავისი გაჭირვება ისედაც ყოფნის და კიდევ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მოგვივარდნენ აქ „ოცნების“ აქტივისტები ლანძღვა-გინებით, შემდეგ ღობეზე შემოძრომას ცდილობდნენ“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გაემიჯნა მომხდარს და პროვოკაციაში თავად „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

„უცნაურია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა, ეს ტრაგიკული მოვლენა გამოყენებულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ავანტიურის ინსტრუმენტად“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.

ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერები აქციაზე იმყოფებოდნენ არა პარტიული, არამედ ქარდავების ოჯახთან ახლობლობისა და მეგობრობის ნიშნით. მათ საპასუხოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ბრალდებები გაიხსენა.
თუ არ შეუძლიათ აქციების მოწყობა „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, მოვიდნენ ჩემთან პირადად და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მასტერკლასს ჩავუტარებ აქციების კულტურულად და ორგანიზებულად ჩატარების საკითხში...
თენგიზ ჯგუშია

„ამოიღონ პრაიმერისის კადრები, როცა დავით ბაქრაძე იყო ჩამოსული, კადრები, როცა ანაკლიაში 200 კაცით მოგვივარდნენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ. ის არაერთხელ შეჰპირდა ჟურნალისტებს, რომ გაასაჯაროებდა კადრებს, სადაც ჩანს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები როგორ ხევენ სააგიტაციო მასალას. დაპირება პარტიას ამ დრომდე არ შეუსრულებია, ისევე როგორც არ შეუსრულებიათ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის წარმოებისას იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და, საჭიროების შემთხვევაში, ამას ფაქტებით დაადასტურებენ. მაგალითისთვის, აი, რას აცხადებს ვახუშტი ფარცვანია, ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი „სახალხო პარტიიდან“:

„მიდის შანტაჟი, მიდის ტერორი, მიდის ამომრჩევლების მოსყიდვა. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, მე დავასახელებ იმ პირებს, თუ რა თანხას აძლევენ კოორდინატორებს“.

განსაკუთრებული აქტიურობით და ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ბრალდებების რაოდენობით გამოირჩევა „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა-ჩიხრაძის“ ზუგდიდის ორგანიზაცია - კერძოდ, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია. მან არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატთან ერთად არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, გააპროტესტა დევნილთა ცუდი საცხოვრებელი პირობები კოლექტიურ ჩასახლებებში, რამდენიმე სოფელში წყლის მილების მოპარვის საქმე, მედპერსონალის დაბალი ხელფასები, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და კიდევ სხვა საკითხებიც. ამასთან, მან, როგორც აქციების გამოცდილმა ორგანიზატორმა, „მასტერკლასები“ შესთავაზა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს:

„თუ არ შეუძლიათ აქციების მოწყობა „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, მოვიდნენ ჩემთან პირადად და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მასტერკლასს ჩავუტარებ აქციების კულტურულად და ორგანიზებულად ჩატარების საკითხში“.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა და პოლიტიკური სუბიექტები მმართველ გუნდს სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებენ, საარჩევნო პროცესში ჩართული კანდიდატები ადასტურებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წინასაარჩევნო გარემო განვითარდა. ხელისუფლება ამომრჩეველს 15 ივნისს მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებს ჰპირდება.
XS
SM
MD
LG