Accessibility links

logo-print

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 2014 წლის დასაწყისში


ავტორი: ირინა გურული

ქვეყანაში შემომავალი ინვესტიციების დონე ძალზე ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს: რამდენად სტაბილურია ქვეყანა, როგორია მისი ეკონომიკური პოლიტიკა, საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური და დარგობრივი ზრდის პერსპექტივა და ასე შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, საინტერესოა მიმოვიხილოთ რამდენად დიდი იყო ინვესტიციების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში და რომელი სექტორები იყო, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, წამყვანი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელდა 260 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ეს მონაცემი დაახლოებით 15 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე და მცირედით ჩამოუვარდება 2012 წლის მაჩვენებელს.

სექტორულ ჭრილში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში - მთლიანი ინვესტიციების 34 პროცენტი. მეორე და მესამე ადგილზე, ინვესტიციების მოცულობის მხრივ, დამამუშავებელი მრეწეველობა და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ლიდერ პოზიციებს იკავებდა, 88 პროცენტით შემცირდა ინვესტიციების ნაკადი და პირველი კვარტალისთვის მხოლოდ 5 მილიონი დოლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი მატება, ინვესტიციების მოცულობის მხრივ, შეეხო დამამუშავებელ მრეწველობას, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორს, სადაც ინვესტიციები დაახლოებით 17 პროცენტით არის გაზრდილი. 64 პროცენტით იკლო უცხოური ინვესტიციების შედინებამ სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორებში და 1,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 0.5 პროცენტია.

გეოგრაფიულ ჭრილში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია - ამ ქვეყანაზე მთლიანი ინვესტიციების 28 პროცენტი მოდის. ნიდერლანდები, უკვე მეორე წელია, ინვესტიციების შემოდინების სტაბილური წყაროა. პირველ კვარტალში აღინიშნა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომავალი ინვესტიციების 62- პროცენტიანი ზრდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეცვლილია ინვესტორი ქვეყნების ხუთეული: კერძოდ, ხუთეულს დაემატა თურქეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი.

2014 წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. მეორე მხრივ, ეს მხოლოდ პროგნოზია და ზრდის ამ სცენარს რისკები ახლავს. ამ რისკებს შორის არის გლობალური ფინანსური სისტემის სისუსტეები, სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის გაურკვევლობა, როგორიცაა ფისკალური პოლიტიკა და საინვესტიციო რეგულაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად. რთული სათქმელია, თუ რა მოცულობის ინვესტიციის შემოდინებაა საქართველოში ნავარაუდევი. მაგალითად, 2013 წელს საქართველოს მთავრობა 2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას პროგნოზირებდა, თუმცა რეალურად მხოლოდ 914 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
XS
SM
MD
LG