Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო არჩევნების შემდეგ: რეალობა და დაპირებები


ჰაშიმ ტაჩი მხარდამჭერების გარემოცვაში
ჰაშიმ ტაჩი მხარდამჭერების გარემოცვაში
კვირას, 8 ივნისს, კოსოვოში გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ქვეყნის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ. მაგრამ პარტიის ლიდერს, ჰაშიმ ტაჩის, თუ მესამე ვადით სურს პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავება, მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მცირე პარტიებთან და ეთნიკურ სერბებთან ერთად.

პრემიერ-მინისტრმა და არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარემ ჰაშიმ ტაჩიმ, რომელიც კოსოვოს ომის პერიოდში პარტიზანთა მეთაური იყო, 8 ივნისს მოპოვებული წარმატება მიულოცა არა მხოლოდ თანაპარტიელებსა და თავის მხარდამჭერებს, არამედ მთელს კოსოვოს: „გილოცავთ კოსოვოს დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას! გილოცავ, კოსოვო!“

კოსოვოელი ამომრჩევლის, სულ ცოტა, ორი მესამედი, თუ კენჭისყრის შედეგებით ვიმსჯელებთ, ჰაშიმ ტაჩის ამ სიხარულს არ იზიარებს. თავად განსაჯეთ: ამომრჩეველთა აქტიურობამ სულ 43% შეადგინა, რაც ანალიტიკოსთა აზრით, აშკარად გამოხატავს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით მოსახლეობის უკმაყოფილებას; ხოლო მათგან, ვინც მაინც გადაწყვიტა ხმის მიცემა, ტაჩის პარტიას მხოლოდ 31-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე გასული კოსოვოს დემოკრატიული ლიგა გამარჯვებულს უმნიშვნელოდ ჩამორჩა - ხმათა 26%.

შესაბამისად, ტაჩისა და მის თანამოაზრეებს, თუ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა სურთ, კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევთ. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა გზას აირჩევს არჩევნებში გამარჯვებული პარტია: თავის მთავარ მეტოქესთან, კოსოვოს დემოკრატიულ ლიგასთან, დიდი კოალიციის შექმნას შეეცდება თუ თავის გარშემო მცირე პარტიების შემოკრებას ამჯობინებს? ჯერჯერობით ჰაშიმ ტაჩი ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება: „ჩვენი ქვეყანა მზად არის, კიდევ ერთხელ აისრულოს სანუკვარი ოცნებები. ჩვენ წინ ვივლით, განვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს დავანახვებთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა მხოლოდ დასაწყისი იყო, და არა დასასრული.“
ჩვენ, ევროპის კავშირის წევრები, ინტერესით ველით კოსოვოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას; მთავრობისა, რომელიც შეუდგება ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი უმთავრესი ამოცანების მოგვარებას...
მაია კოჩიანჩიჩი

დაპირებებს კოსოვოს პრემიერი წინასაარჩევნო პერიოდშიც უშურველად არიგებდა. თუმცა, არა მარტო დაპირებებს. კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე მან 25 პროცენტით მოუმატა ხელფასები საჯარო სექტორის მუშაკებს და ასევე 25 პროცენტით გაზარდა პენსიები. თანაც, პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენის შემთხვევაში ასე მოიქცევა ყოველ წელს - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ექსპერტთა უმრავლესობა განუხორციელებლად მიიჩნევს, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა. უმუშევრობა, ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან ერთად, კოსოვოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. 1,8-მილიონიან ქვეყანაში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 35%-ს აღწევს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მცხოვრებად ითვლება. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ კოსოვოს მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი ეთნიკური ალბანელები არიან და მხოლოდ შვიდ პროცენტს შეადგენენ სერბები, ანუ იმ ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებსაც გამოეყო კოსოვო 1998-99 წლებში წარმოებული ომის შედეგად. დამოუკიდებლობა, რომელიც კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წლის 17 თებერვალს, ამ ექვსი წლის განმავლობაში აღიარა გაეროს წევრმა 108 ქვეყანამ. საქართველო ამ ქვეყნებს შორის არ არის. ბუნებრივია, რომ მათ შორის არ არის არც სერბია, რომელთანაც კოსოვომ მხოლოდ შარშან - და ისიც ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით - გააფორმა შეთანხმება ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე. ევროკავშირმა ბელგრადსა და პრიშტინას სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობის მოგვარება წაუყენა კავშირში სამომავლო გაწევრიანების პირობად. და კოსოვოს ახალ მთავრობას, რომლის მთავარი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირთან დაახლოება იქნება, აუცილებლად მოუწევს დიპლომატიური ძალისხმევის ამ კუთხით წარმართვა.

არჩევნების შედეგის კომენტირებისას, ამ გარემოებასაც შეეხო ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანი მაია კოჩიანჩიჩი: „ჩვენ, ევროპის კავშირის წევრები, ინტერესით ველით კოსოვოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას; მთავრობისა, რომელიც შეუდგება ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი უმთავრესი ამოცანების მოგვარებას, როგორიცაა ეკონომიკური რეფორმა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე 2013 წლის აპრილში მიღწეული შეთანხმების პრაქტიკული ხორცშესხმის გაგრძელება. როგორც ყოველთვის, ევროკავშირი ახლაც გამოხატავს კოსოვოს ევროპული პერსპექტივის სრულ მხარდაჭერას და მომავალშიც დაუჭერს მხარს კოსოვოს ძალისხმევას ამ მიმართულებით.“

დაბოლოს: კოსოვოში გამართული არჩევნები იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ - აქამდე ჩატარებულ კენჭისყრებთან შედარებით - მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო სერბთა უმცირესობამაც. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს უწინარესად ბელგრადისა და პრიშტინის ევროპისკენ სწრაფვით აიხსნება.
XS
SM
MD
LG