Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: "ირანი ყველა ღონეს იხმარს „5+1“-თან საბოლოო შეთანხმებისთვის“


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ირწმუნება, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებს მსოფლიო ექვსეულთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. 10 ივნისს ანკარაში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე როჰანიმ განაცხადა: „ირანი ყველა ღონეს იხმარს „5+1“-თან საბოლოო შეთანხმებისთვის“. „5+1“ ფორმატი შედგება გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყნისა (ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ) და გერმანიისგან. ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ირანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ექვსეულის სხვა წევრებთანაც იმისათვის, რომ „უკეთესად გამოიკვეთოს განსხვავებები“. ირანსა და მსოფლიო ექვსეულს 20 ივლისამდე აქვთ ვადა ირანის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 16-20 ივნისს ვენაშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG