Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში, სავარაუდოდ, "მეგობრულ ცეცხლს" ემსხვერპლნენ


10 ივნისს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 5 ამერიკელი სამხედრო მათ მიერვე დასახმარებლად გამოძახებული ნატოს სამხედრო თვითმფრინავიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. ზაბულის პროვინციის პოლიციის უფროსის ღულამ სახის ინფორმაციით, ხუთი ამერიკელი და ერთი ავღანელი ჯარისკაცი ორშაბათს ღამით დაიღუპა. ნატოს ცნობით, სამხედროები უსაფრთხოების ოპერაციას ახორციელებდნენ. ასეთი ოპერაციები ინტენსიურად ტარდება ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა „სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ არ გამორიცხავს - ამერიკელი სამხედროები ძმათამკვლელს ემსხვერპლა და რომ მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები, სავარაუდოდ, ე.წ. „მეგობრულ ცეცხლს“ ემსხვერპლნენ: „გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი „მეგობრული ცეცხლი“ იყო, უფრო ზუსტად კი - ჰაერიდან გახსნილი „მეგობრული ცეცხლი“". მიმდინარეობს საქმის გამოძიება“. 2001 წლის ოქტომბრიდან დღემდე ავღანეთში 2328 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG