Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო გარემო და არაინფორმირებული ამომრჩეველი


ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ნაწილი არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობს. განსაკუთრებულ პრეტენზიებს არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები გამოთქვამენ. მაგალითად, “საქართველოს გზის” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იაგო წიკლაური ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად მობილიზებულია ადმინისტრაციული რესურსი, როცა მათ ორგანიზებულ შეხვედრებს უწყობენ პედაგოგებთან, სპორტსმენებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან. გარდა ამისა, წიკლაური აღნიშნავს, რომ მედია მათი საარჩევნო პროგრამით არ ინტერესდება.

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პრეტენზიას ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თამარ კოდოშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატს კამპანიის დროს საჯარო მოხელეები დაჰყვებიან. კოდოშვილი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება არ ეკრძალებათ, მაგრამ იგი კამპანიაში მოხელეების ასეთი ფორმით მონაწილეობის წინააღმდეგია.

წინასაარჩევნო მონიტორინგს გორში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. მათ ამ პერიოდში სერიოზული დარღვევები ჯერ არ დაუფიქსირებიათ. საჯარო მოხელეები აქტიურად კი არიან ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ მათ შვებულება აქვთ აღებული.

პოლიტიკოსებიც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ 15 ივნისს საქართველოში ყველაზე რთული არჩევნები ჩატარდება, ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონე კი დაბალია. მაგალითად, სტუდენტების ნაწილმა მხოლოდ ის იცის, რომ სამი ბიულეტენი ექნება, ხოლო ვის აირჩევენ, ამის შესახებ ცოტა რამ იციან. ზოგი ამბობს, რომ რაიონი ქალაქს მიუერთეს და გორის მერს სოფლების მოსახლეობაც აირჩევს. ნაწილს ჰგონია, რომ საკრებულოს არჩევა აღარ მოხდება და მხოლოდ ვიცე-მერს აირჩევენ.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი განმარტავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნები მართლაც ახალი სისტემით ტარდება. ქალაქის მოსახლეობა მერს, ხოლო მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლები თემის გამგებელს აირჩევენ. აირჩევა ასევე საკრებულო მაჟორიტარი კანდიდატებითა და პროპორციული სისტემით.

გორის საკრებულო 15-კაციანი იქნება. 5 წევრს მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ, ხოლო 10 კაცი საკრებულოში პროპორციული სიებით მოხვდება.
XS
SM
MD
LG