Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ექსტრემისტების პოზიციები მყარდება


ერაყი, 2014 წლის 11 ივნისი
ერაყი, 2014 წლის 11 ივნისი
ერაყში ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა კიდევ ერთი ქალაქი, ცენტრალურ ერაყში მდებარე თიქრითი, დაიპყრეს. ეს ცნობა გავრცელდა სულ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მოსულზე. თავდამსხმელები მიჩნეული არიან „ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ“ ცნობილი ჯგუფის წევრებად.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი გარბის მოსულიდან, ერაყის ამ ქალაქის ექსტრემისტების ხელში გადასვლის შემდეგ. „ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ“ ცნობილი ჯგუფის მებრძოლებმა 10 ივნისს გამოაცხადეს, რომ, რამდენიმედღიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, კონტროლი დაამყარეს მოსულსა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ნინევიის პროვინციის დიდ ნაწილზე. 11 ივნისს კი ექსტრემისტებმა ცენტრალური ერაყის ქალაქი თიქრითი დაიპყრეს.
მინისტრებსა და ჩემს კოლეგებს აღვუთქვი, რომ უკან დავახევინებთ ტერორისტებს, „ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს“, და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება ბაღდადსა და ქურთების რეგიონალურ მთავრობას შორის...
ჰოშიარ ზებარი

„სასიკვდილო საფრთხე“ ერაყისათვის - ასე შეაფასა ბოლოდროინდელი მოვლენები ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ, რომელიც ათენში ჩავიდა ევროკავშირისა და არაბული ლიგის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით:

„მინისტრებსა და ჩემს კოლეგებს აღვუთქვი, რომ უკან დავახევინებთ ტერორისტებს, „ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს“, და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება ბაღდადსა და ქურთების რეგიონალურ მთავრობას შორის, რათა ერთად ვიმუშაოთ და შევეცადოთ ამ უცხოელი მებრძოლების განდევნას“.

ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ასევე, რომ მომხდარზე სწრაფად რეაგირებაა საჭირო.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა. პარლამენტი 12 ივნისს განიხილავს ამ მიმართვას.

ერაყში შექმნილი ვითარება, ბუნებრივია, არამარტო ამ ქვეყანაში იწვევს შეშფოთებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯინ ფსაკის განცხადებით, ვაშინგტონი ემხრობა ძლიერ, კოორდინირებულ საპასუხო ზომებს აგრესიის მოსაგერიებლად.
ჯინ ფსაკი
ჯინ ფსაკი
„საფრთხე, რომელსაც ქმნის ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ არის საფრთხე არა მარტო ერაყისთვის ან ერაყის სტაბილურობისათვის, არამედ არის საფრთხე რეგიონისათვის. მზარდი საშიშროება ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა თემის წარმომადგენელი ერაყელების ერთად მუშაობა საერთო მტერთან დასაპირისპირებლად და მოსახლეობიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფების გასარიყად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.

ერაყში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც. მან ერაყის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა ერთსულოვანი მოქმედებისაკენ, რათა გაუმკლავდნენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ერაყი დგას.

თუმცა ეს განცხადებები ჯერ კიდევ მანამდე გაკეთდა, ვიდრე 11 ივნისს გავრცელდებოდა ცნობა ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების მიერ მორიგი ქალაქის, თიქრითის, აღების შესახებ. თიქრითი სალაჰედინის პროვინციის დედაქალაქია და ბაღდადსა და მოსულს შორის, დაახლოებით, შუა გზაზე მდებარეობს. ნათელი არ არის, როგორ გაუმკლავდება ერაყის ხელისუფლება ექსტრემისტებს ამ ქალაქებში, თუკი ჯერ ვერაფერს გახდა დასავლეთ ერაყში, სადაც ექსტრემისტები იანვრიდან აკონტროლებენ ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის ზოგ რაიონსა და ქალაქ ფალუჯას.
XS
SM
MD
LG