Accessibility links

logo-print
ავტორი: ირინა გურული

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასებისას მნიშვნელოვანია რეგიონალური კონტექსტის მხედველობაში მიღება და იმ დადებითი თუ უარყოფითი გარე ფაქტორების ანალიზი, რომელთაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ქვეყნის ეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული რეგიონის ეკონომიკის მიმოხილვა.

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში, 2013 წელთან შედარებით, ეკონომიკის ზრდა შემცირდება. ამის მიზეზია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი) ეკონომიკური ზრდის შეფერხება და ყაზახეთში წარმოებული ნავთობის კლება. ამის შედეგად, ნავარაუდევია, რომ რეგიონის ქვეყნებში შემცირდება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები.

ანგარიშში, ცხადია, საუბარია საქართველოზეც. აქ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2014 წლისთვის 5 პროცენტით განისაზღვრა. რეგიონში ყველაზე დაბალი - 4,3- პროცენტიანი - ზრდა არის ნავარაუდევი სომხეთში, ხოლო ყველაზე მაღალი - 10,7- პროცენტიანი - თურქმენეთში. საქართველოსა და სომხეთში ნავარაუდევია ერთობლივი მოთხოვნის ზრდა, სახელმწიფოების მხრიდან ფისკალური სტიმულირების ფონზე, კერძოდ, კონკრეტულ დროში და მოცემულ ფასზე ეკონომიკაში არსებულ საბოლოო საქონელსა და მომსახურებაზე.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რეგიონში 1,5 პროცენტით გაიზრდება და 7,5 პროცენტს მიაღწევს, რაც ძირითადად გამოწვეულია ყაზახეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და, ნაწილობრივ, საქართველოში ერთობლივი მოთხოვნის ზრდით. ნიშანდობლივია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ მთელ რიგ სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქციაზე ფასების ზრდის ზედა ზღვარი დააწესა, რამაც შესაძლოა ამ ქვეყნის ინფლაციის პროგნოზი შეამციროს. ინფლაციური ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდება მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების კლების გამოც. 2014 წელს ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 4 პროცენტს გაუტოლდება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება აზერბაიჯანში - 2,4 პროცენტი, და ყველაზე მაღალი - უზბეკეთში, 11,2 პროცენტი. უზბეკეთში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და მაღალი საკრედიტო აქტივობით.

დამატებითი რისკის მატარებელია უკრაინაში არსებული კრიზისი, რომელიც, სავარაუდოდ, რეგიონზე გავლენას იქონიებს სავაჭრო, ფულადი და ფინანსური არხებით, ასევე შეფერხებას გამოიწვევს ბუნებრივი აირის, ნავთობის, მარცვლეულის და ხორბლის წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროში.

ძირითად რეკომენდაციას რეგიონისთვის წარმოადგენს ფისკალური კონსოლიდაცია, კერძოდ, საბიუჯეტო დანახარჯების მაქსიმალურად შემცირება, სახელმწიფო ვალის მდგრადობა, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მდგრადობას რისკების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ საქართველო და სომხეთი 2014 წლისთვის გეგმავენ ექსპანსიური პოლიტიკის გატარებას, რაც ნიშნავს საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას ეკონომიკის სტიმულირებისთვის, 2015 წლიდან ამ ქვეყნებში იგეგმება ფისკალური კონსოლიდაცია. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.8 პროცენტია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ყაზახეთისა და ყირგიზეთის შემდეგ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა ასევე რეფორმების გატარება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად და ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG