Accessibility links

logo-print

ჭიაბერაშვილი: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს ოკუპანტი დაარქვას


ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო უწოდა BBC-სთან ინტერვიუში რუსეთის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს ოკუპანტი დაარქვას. ჭიაბერაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ფორმულირებები აქვს. „ამან შესაძლოა მოიტანოს შედეგი, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დღის წესრიგში სულ უფრო ქვვით ჩაიწევს, რაც რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ გააკეთოს იგივე, რაც ყირიმში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC World-ისთვის 11 ივნისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი ვითარების ყირიმთან შედარება შეცდომა იქნებოდა, რადგან რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე ფაქტო რესპუბლიკის ანექსიით. მისივე თქმით, საქართველოს ორ ტერიტორიას ე.წ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი ჰქონდა, რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მას შემდეგ პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.
XS
SM
MD
LG