Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნება“ მარნეულში საკუთარ თანაპარტიელს კანდიდატურის მოხსნისაკენ მოუწოდებს


კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ. „ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებლო კანდიდატი. იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცენდენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში. მარნეულში 6 ივნისს დაძაბულობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კიდევ ერთ კანდიდატს აკმამედ იმამყულიევს გაუუქმა რეგისტრაცია საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე, ანუ იმის გამო, რომ მარნეულის გამგებლობის კანდიდატს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში. საოლქო კომისიის გადაწყვეტილებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შეიჭრნენ და, მათი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის აქტიურობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად შეაფასა. მომხდარის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრმა და მმართველმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG