Accessibility links

logo-print

გამომძიებელი ჟურნალისტი ფიფას „კრიმინალურ ოჯახს“ ადარებს


ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ჯენინგსი, უწინარესად, ფიფაში (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციაში) კორუფციის შესახებ თავისი ჟურნალისტური გამოძიებით არის ცნობილი. ფიფას ის უწოდებს „განგსტერთა ჯგუფს“, რომელიც მასშტაბურ კორუფციულ გარიგებებშია ჩაბმული. შესაბამისად, ბრიტანელი ჟურნალისტი არ გააკვირვა ცნობამ იმის შესახებ, რომ ფიფა ახალ სკანდალში გაეხვა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კატარში გამართვის გადაწყვეტილების გამო. ბრიტანეთის „სანდეი ტაიმსის“ განცხადებით, გამოცემამ მოიპოვა მტკიცებულება, რომ კატარის წარმომადგენლებმა ფიფას მუშაკებს, ქრთამის სახით, 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რათა მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ ჩემპიონატის ადგილად კატარის შერჩევის საქმეში. კატარი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ბრალდებების გარშემო გამოძიება დაიწყო. საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში კატარს შესაძლოა ჩამოერთვას ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი.

ამ სკანდალის ფონზე, ბრიტანელ ჟურნალისტ ენდრიუ ჯენინგსს ინტერვიუ ჩამოართვა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, ნატალია გოლიცინამ. ჯენინგის თქმით, ფიფა უკვე დიდი ხანია შემჩნეულია კორუფციასა და ქრთამის აღებაში:

„ფიფას შესწავლა 10 თუ 12 წლის წინ დავიწყე და თავიდანვე მეცა მძაფრი უსიამოვნო სუნი. ძალიან მალე დავინახე, რომ ფიფას აღწერა შეიძლება ორგანიზებული დანაშაულის პრინციპებით მოქმედ ოჯახად. შემოსავალი მოდის ეროვნული ასოციაციებიდან და გარკვეული საქონლიდან, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებიდან, გრანტებიდან, რომელთა შემოწმება არ ხდება. მე მას განგსტერთა ჯგუფად მივიჩნევ, არ ვენდობი და ვთვლი, რომ არც არავინ უნდა ენდოს“.
ფულს ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე იხდიან. გერმანიამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში გადაიხადა. ამის შესახებ გერმანიის მედიაში ბევრი დაიწერა...



„სანდეი ტაიმსის“ სტატია მსოფლიო ჩემპიონატის მოსყიდვის შესახებ შეთქმულებაზე გვიყვება. თქვენ რამდენად გჯერათ შეთქმულებების? - ვკითხეთ ბრიტანელ ჟურნალისტს:

„ფულს ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე იხდიან. გერმანიამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში გადაიხადა. ამის შესახებ გერმანიის მედიაში ბევრი დაიწერა - რომ ყოფილი ტელემაგნატი ლეო კირხი დიდ მოგებას ნახავდა 2006 წლის ჩემპიონატის გერმანიაში გამართვით და ამიტომ 2000 წელს მისი ხალხი ფულს უხდიდა ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. ეს არ ყოფილა ჩემი რეპორტაჟი, მაგრამ ვიცი, რომ სიმართლეა - გერმანელმა რეპორტიორებმა მაშინ გარკვეული დოკუმენტები გადმომცეს. ეს ასეა, სადაც უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი. სამხრეთ აფრიკაში ფული სამშენებლო კომპანიებმა გააკეთეს, ტელეტრანსლაციის უფლებები კი მთლიანად ფიფასი იყო. საწყალი რიგითი გადასახადების გადამხდელის გარდა, ყველა აკეთებს ფულს. .. სამხრეთ აფრიკისგან კიდევ უფრო მეტის მოპარვა შეძლეს, რადგან იქ ფინანსური კანონმდებლობა ძალიან სუსტია. ახლა ბრაზილიას მიადგნენ - [ფიფას პრეზიდენტმა] კორუმპირებულმა [ზეპ] ბლატერმა მსოფლიო ჩემპიონატი მისცა [ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს], კორუმპირებულ [რიკარდო] ტექსეირას”.

თქვენ ამბობთ, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას, ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი ამა თუ იმ ქვეყანას მიანიჭოს, ხშირად კორუფცია უძღვის წინ. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ქრთამი რუსეთმაც გადაიხადა 2018 წელს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ დაუსვა ენდრიუ ჯენინგსს:
არა, მე საერთოდ არ ვენდობი მაიკლ გარსიას. ის არ არის სახელმწიფო პროკურორი. ცივილიზებულ სამყაროში სასამართლო პროცესებზე ყველგან მტკიცებულებებს წარმოადგენს ხოლმე პროკურატურაც და დაცვის მხარეც...


„სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ - ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა ან ვინმემ რუსეთიდან გადაიხადა ფული. მაგრამ ვხედავთ, რომ კატარის ამბავს ძალიან ცუდი სუნი ასდის და უკვე ბევრი მტკიცებულებაა, რომ იმ ხალხს, ვინც ხმა კატარს მისცა, ფული გადაუხადეს. ამდენად, ჩემი აზრით, თუ კატარი გაუქმდა, - ეს კი აუცილებლად უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა გაიმართოს ხელახალი კენჭისყრა, - მაშინ გამოდის, რომ რუსეთს ხმა იმავე თაღლითებმა მისცეს, ვინც კატარს დაუჭირა მხარი. ამდენად, კენჭისყრა ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების შესახებ კენჭისყრა თავიდან უნდა გაიმართოს“.

კატარის სკანდალთან მიმართებით მექრთამეობას და კორუფციას იძიებს ფიფას ეთიკის კომიტეტის წევრი მაიკლ გარსია, რომელიც აშშ-ის ყოფილი პროკურორია. ჩვენმა კოლეგამ ბრიტანელ ჟურნალისტს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ გარსია მიუკერძოებლად შეძლებს მუშაობას:

„არა, მე საერთოდ არ ვენდობი მაიკლ გარსიას. ის არ არის სახელმწიფო პროკურორი. ცივილიზებულ სამყაროში სასამართლო პროცესებზე ყველგან მტკიცებულებებს წარმოადგენს ხოლმე პროკურატურაც და დაცვის მხარეც. შენ, როგორც მოქალაქეს, შეგიძლია გადაწყვიტო, ვის დაუჯერებ - პოლიციას თუ ინდივიდს. ეს ამოცანა მოსამართლეს და მსაჯულებს ეკისრებათ. ახლა კი ზეპ ბლატერმა ფიფას ეთიკის კოდექსი ისე გადაწერა, რომ მტკიცებულებები იმალება და მხოლოდ ვერდიქტი ქვეყნდება. მე ამას სტალინის საჩვენებელ სასამართლოებს შევადარებდი, 1930-იანი წლებისას, როცა გატყობინებდნენ, რომ გუშინ დაგხვრიტეს. დემოკრატიულ სისტემაში ეს შეუძლებელია. მაგრამ ფიფა დემოკრატია არ არის - ის ბლატერის კერძო, მოკრიმინალო კლუბია“.
თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს ფიფაში კორუფციის აღმოფხვრისთვის? რა სახის რეფორმა უნდა გატარდეს საამისოდ? - ვკითხეთ ჯენინგსს:

„ვფიქრობ, ორი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, შვეიცარიის მთავრობამ უნდა გაიღვიძოს და ფიფასა და შვეიცარიაში მოქმედ სხვა სპორტულ ფედერაციებს - მათ შორის, ოლიმპიურ კომიტეტს - მონაცემების ინტერნეტში განთავსება უნდა მოსთხოვოს. წარმოიდგინეთ, რომ შემეძლოს იმის ნახვა, რა შემოსავალი აქვთ ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს, ამერიკელებს. ყველაფერი ღია უნდა იყოს, ინტერნეტში ხელმისაწვდომი. ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, რა შემოსავალი აქვს ბლატერს ფეხბურთის ორგანიზაციიდან, წარმოგიდგენიათ? აი, ასეთი თაღლითია ის. შვეიცარიის მთავრობამ რომ ბრძანოს, ან ყველაფერი ინტერნეტში განათავსეთ, ან ქვეყანა უნდა დატოვოთო, მონაცემებს გამოაქვეყნებდნენ, რადგან ქვეყნის დატოვება მათთვის დამამცირებელი იქნებოდა. ამასთან, ვთვლი, რომ გაერომ ან ევროკავშირმა უნდა თქვან: საკმარისია ამ თაღლითების ქცევა, ის, თუ როგორ აფუჭებენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშს - გავმართავთ კონფერენციას და მოვიფიქრებთ როგორ ვმართოთ ფეხბურთი ბლატერისა და მისი ბანდის გარეშეო. ამის გაკეთებას შეძლებენ. ამის გაკეთებას ევროპის პარლამენტიც შეძლებს. ევროკავშირის ქვეყნების ყველა მთავრობა, თავად ევროკავშირი, ევროპის პარლამენტი ძალიან შეშფოთებულნი არიან. პარიზში ევროკავშირის არაერთ ორგანოსთან მქონია შეხვედრა და ყველა ძალიან გაბრაზებულია. მოვიდა დრო ეს საკითხი კომისიის წინაშე დააყენონ და განაცხადონ, რომ მეტს აღარ მოითმენენ. ბლატერი იტყვის, ჩვენ ვერ შეგვეხებითო. და მაშინ უნდა უპასუხონ: ფეხბურთის ადგილობრივ მესვეურებთან დაგაპირისპირებთ და ისინი გაიძულებენ წესები დაიცვათო. ბლატერის ხალხი ამბობს, რომ ის ძალიან ძლიერია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს მხოლოდ ბაქიბუქია“.
XS
SM
MD
LG