Accessibility links

logo-print

ერაყში ექსტრემისტებს შესაძლოა მძევლად ქართველები ჰყავდეთ აყვანილი


როგორც სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მებრძოლებმა ერაყის პროვინცია ნაივანაში მძევლად აიყვანეს საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც მოსულში მდებარე ერაყული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობდნენ. ინფორმაციას ფრანს პრესი ავრცელებს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრეს-სამდივნოზე დაყრდნობით. თუმცა, ამ ფაქტს არ ადასტურებს ერაყში საქართველოს კონსული ბერდია ბექაური. "ქალაქ მოსულის აეროდრომის დაცვაში საქართველოს 25 მოქალქე მუშაობდა. მათგან 5-ს არ გააჩნდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ამის გამო ისინი მიიყვანეს საიმიგრაციო სამსახურში და, იმედი გვაქვს, რომ კვირას მათ გაათავისუფლებენო“, - უთხრა ქართველმა დიპლომატმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს.“ ერაყში განვითარებული მოვლენები საქართველოსათვის კიდევ ერთი პიროვნების გამო შეიძლება იყოს განსაკუთრებით საყურადღებო. როდესაც ისლამისტებმა ქალაქი მოსული დაიპყრეს, ინგლისურენოვანმა საინტერნეტო გამოცემა „ინტერნეიშელენალ ბიზნეს ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი, რომელზეც ექსტრემისტების მიერ ნადავლად ჩაგდებულ ამერიკული ჯავშანმანქანების „ჰამვების“ სალონში ჩანს საქართველოს მოქალაქე, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ალ შიშანი, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერია.
XS
SM
MD
LG