Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობა მთელ რეგიონს აძლევს ხელს


ჟოზე მანუელ ბაროზუ
ჟოზე მანუელ ბაროზუ
„საქართველო ლიდერია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ თბილისში მიმდინარე ევროკავშირ-საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაზე, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მეტის გაკეთება მართებს. საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები. კონფერენციაზე საუბარი შეეხებოდა ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხიდან 8 მილიონი ევრო საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება და 200 ათასამდე მოქალაქისთვის წყლის უწყვეტად მიწოდებას უზრუნველყოფს. კონფერენციის შემდეგ ბაროზუმ და ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.

ევროკომისიის პრეზიდენმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ საქართველოში თავისი ვიზიტის მეორე დღეს, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის ამოცანაა თავად საქართველოს ხალხის ამბიციების დაკმაყოფილება, ვინაიდან ქვეყანა ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ახდენს მოდერნიზებას იმიტომ, რომ აწუხებს საკუთარი ბედი, და რომ არ ყოფილიყო ასოცირების ხელშეკრულების ამოცანა დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის მოდერნიზაცია, ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ცალკე აღებულიც, როგორც წვლილი იმ პროგრესში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით, ევროპული არჩევანის თავს მოხვევა შეუძლებელია.

თავის მხრივ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ, ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს უმაღლესი დონის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ეს განაპირობებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკურ ზრდას, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების უპირობო გარანტიებსა და დაცვას. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ყველა სიკეთით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოჰყვება, მათაც თანაბრად შეუძლიათ ისარგებლონ:
ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას, იმისათვის რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად საქართველოს კომპანიების მიერ გასაწევი სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს...
გიორგი კვირიკაშვილი

„ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს - აფხაზებს და ოსებს: თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით - იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო რეჟიმი, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა. და, ბოლოს, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ არის პროცესის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი ევროპისკენ მიმავალი რთული და გამოწვევებით აღსავსე გზისა“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროკავშირ-საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაზე ხელი მოეწერა 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის:

„ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას, იმისათვის რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად საქართველოს კომპანიების მიერ გასაწევი სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელი ეწერება შეთანხმებას წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის 8 მილიონი ევროს ფარგლებში. ამას გარდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და, ასევე, სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისათვის სპეციალური დახმარება - 51 მილიონი ევრო“.
მიდის გარკვეული პროპაგანდა იმის დასამტკიცებლად, თითქოს ჩვენი შეთანხმება ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ასე არ არის. ჩვენი შეთანხმება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის გამიზნულია სხვა რამისთვის- თავისუფალი ვაჭრობისთვის...
ჟოზე მანუელ ბაროზუ

უკვე პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ილაპარაკა იმ ეკონომიკურ სიკეთეებზე, რომელთაც საქართველო-ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ითვალისწინებს. ამასთან, განაცხადა, რომ ეს არ არის ტიპიური ხელშეკრულება პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, ეს არის დახმარება ხალხისათვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე გაზის კორიდორის განვითარება საქართველოში - საქართველო უნდა გახდეს ენერგოუსაფრთხოების ხელშეკრულების მონაწილე და ეს შედის სამომავლო დღის წესრიგში.

ბაროზუმ უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უყურებს ის საქართველოს პერსპექტივას იმ თვალსაზრისით, თუ მას ხელი ექნება მოწერილი ევროკავშითან ასოცირების თაობაზე და, იმავდროულად, იქნება სხვა ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის სავაჭრო პარტნიორი:

„მიდის გარკვეული პროპაგანდა იმის დასამტკიცებლად, თითქოს ჩვენი შეთანხმება ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ასე არ არის. ჩვენი შეთანხმება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის გამიზნულია სხვა რამისთვის- თავისუფალი ვაჭრობისთვის. ჩვენ ვაჭრობაში არ ვხედავთ პოლიტიკას, ვაჭრობას განვიხილავთ, როგორც უფრო მეტ შესაძლებლობას ზრდისთვის, მეტი სამუშაო ადგილისთვის. ჩვენთვის ვაჭრობა არის მოგება მოგებისთვის. რაც უფრო მეტად განვითარდება საქართველო, ექნება წვდომა უფრო მეტ ბაზარზე, ეს ჩვენთვისაც უკეთესია, იმიტომ რომ ჩვენც ვისარგებლებთ ამ კეთილდღეობით, ისევე როგორც სხვა, მესამე მხარე. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ვაჭრობას განიხილავენ როგორც კონფლიქტს: თუ ხართ ერთთან, ესე იგი ხართ სხვის წინააღმდეგ. ეს ასე სულაც არ არის, ეს ჩვენი ხედვა არ არის“.

ჟოზე მანუელ ბაროზუს პასუხი მოიშველია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, და თავის მხრივ დასძინა, რომ ხიფათი, რომელიც შეიძლება რუსეთის მხრიდან მოდიოდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უნდა შეფასდეს ეტაპობრივად:

„საფრთხეების შეფასება უნდა მოხდეს მანამდეც და შემდეგაც. მე მირჩევნია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ არ უნდა გავუსწროთ. ჩვენ არ გვსურს გავაჩინოთ მოლოდინი საზოგადოებაში კარგის ან ცუდის, ამიტომ მირჩევნია, რომ სიტუაციის განვითარების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება“.

მანამდე კი საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზუმ მოუწოდა რუსეთს გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და ნეგატიურ ზომებს არ მიმართოს მომავალი ხელმოწერის პროცედურასა და ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით - იქნება ეს საქართველოს თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მიმართებით. ამას არავითარი მიზეზი და გამართლება არ ექნება. ბაროზუმ განმარტა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მთელი რეგიონისთვისაა ხელსაყრელი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG