Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლის გაყიდვის პოეტური ამბავი


რადიო თავისუფლების მსმენელს ხშირად მოუსმენია ეკა ქევანიშვილის ჟურნალისტური ნამუშევრები, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ ეკა ასევე ძალიან კარგი პოეტიც არის. ამ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „საუნჯემ“ ეკა ქევანიშვილის მესამე პოეტური კრებული გამოსცა. წიგნს ,,სახლის გაყიდვა“ ჰქვია და ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს აერთიანებს. ეკა ქევანიშვილის პოეზია ყოველდღიური ყოფის სიღრმისეულად, პოეტურად გააზრების მცდელობაა. იგი თითქოს ხაზგასმულად ცდილობს, ვიღაცისთვის მეტისმეტად ყოფით დეტალებში მოიხელთოს ის ემოციური მუხტი, რაც ამ დეტალებს პოეზიად აქცევს. ამიტომაც მისი თითქმის ყოველი ლექსი ძალზე კონკრეტულია, განსხვავებით ძალიან ბევრი პოეტის ლექსებისაგან - აქ კონკრეტულიდან მივდივართ ზოგადი განცდისაკენ, პიროვნული გამოცდილებიდან უამრავი ადამიანის განცდებამდე.

ყველაზე უფრო მეტად ეკას ლექსების კითხვისას გამახსენდა იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და ერთი, მის დროს აღიარებული, პოეტის ამბავი.

ეს პოეტი თანამედროვეობაში ძალიან დაფასებული იყო და ხალხი მის შემოქმედებას აღტაცებული ეგებებოდა. აღტაცებას იწვევდა ისიც, რომ პოეტს შეეძლო ნებისმიერ თემაზე ექსპრომტად შეექმნა ლექსი - ფორმის თვალსაზრისით, თითქმის უნაკლო და წუნდაუდებელი. ერთხელაც თავისი მშობლიური ქალაქიდან მან გოეთეს ჩააკითხა. გოეთემ იცოდა მისი ამ უნარის შესახებ და პოეტს სთხოვა, იქვე დაეწერა ლექსი გაზაფხულზე. დაჯდა ეს პოეტიც და მართლაც შესანიშნავი ლექსი დაწერა, სადაც ზოგადად აღწერდა გაზაფხულს, კვირტების გაშლას, ხეების გაფოთვლას და ყველაფერს, რითაც ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია გაზაფხული. გოეთემ წაიკითხა ლექსი და პოეტს უთხრა: ,,იცით რა, მე გთხოვეთ, ლექსი დაგეწერათ თ ქ ვ ე ნ ს გაზაფხულზე, აქ კი, საერთოდ, ყველას გაზაფხულზე წერთ და ამიტომაც თქვენი ნამუშევარი ჩემთვის საინტერესო არ არისო“.

ეკა ქევანიშვილი კი სწორედ იმით არის საინტერესო პოეტი, რომ ის ყოველთვის თავის ,,გაზაფხულზე“ წერს, იმაზე, რაც თვითონ განუცდია, პიროვნული გამოცდილებით გაუვლია და რაზე ლაპარაკიც მის ლექსებს ლოზუნგურობის, დეკლარაციულობის საფრთხეს არიდებს, თორემ, საერთოდ, ისე ღრმად იჭრება მასთან სოციალური თემატიკა, რომ, ზემოთქმული ,,დამცავი მექანიზმის“ გარეშე, მოსალოდნელი იყო ამ ლექსებიდან ჩვეულებრივი ,,ენჯეოშნიკური“ დეკლარაციები ანდა ჟურნალისტური ოპუსები მიგვეღო. მძლავრი პიროვნული საწყისი კი ქევანიშვილის პოეზიას ნამდვილ ლიტერატურად აქცევს, სადაც ტონალობა მუდამ ზუსტად არის შერჩეული და გულწრფელობის ისეთი ხარისხია, რომ პოეტი მკითხველსაც ძალაუნებურად თავისი ამბის თანამონაწილედ ხდის.
მე, რაც დრო გადის, სულ უფრო მეცვლება აზრი (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია და ბევრი იქნებ არც დამეთანხმოს, მაგრამ...) ოცდამეერთე საუკუნის პოეზიის შესახებ. მე აღარ ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ისეთი ფორმის, როგორც იყო ადრე, ვთქვათ, სანტიმენტალური, რომანტიკული...
ეკა ქევანიშვილი


კიდევ ერთი რამ, რითაც გამოირჩევა ეკას პოეზია, უფრო სწორად, რაც ავტორის პროფესიაზე - ჟურნალისტიკაზე - მიგვანიშნებს, არის ის, რომ მის ლექსებში ყოველთვის მნიშვნელოვანია ამბავი, ოღონდ ეს არ არის ჟურნალისტური ნიუსი, ეს ეკას ცხოვრების ამბებია, წვრილმანები, რომლებიც ხშირად ცხოვრებისეულ ემოციურ და აზრობრივ მიმართებებს აყალიბებს.

ყოველ შემთხვევაში, პოეზიის ტრადიციული გაგების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, ნარაცია, თხრობა ამ ჟანრის ნაკლად განიხილებოდა და მიიჩნევდნენ, რომ ლექსმა ამბავი რამდენიმე ემოციურ ფრაზაში უნდა ჩასტიოს, ქევანიშვილი თამამად ჰყვება ამბებს და პროზაიზმები, რომელიც ამით შეიძლება ლექსის სივრცეში შემოიჭრას, არ აშინებს.

ამაზე თვითონ ეკა ქევანიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

,,მე, რაც დრო გადის, სულ უფრო მეცვლება აზრი (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია და ბევრი იქნებ არც დამეთანხმოს, მაგრამ...) ოცდამეერთე საუკუნის პოეზიის შესახებ. მე აღარ ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ისეთი ფორმის, როგორც იყო ადრე, ვთქვათ, სანტიმენტალური, რომანტიკული და ა. შ.. მე მომხრე ვარ, რომ მასში შემოვიდეს უფრო მწვავე, უფრო ბასრი, უფრო სოციალური მოტივები. რატომაც არა?! მე ამას არ ვუთვლი ნაკლად პოეზიას“.
ნაკლად კი არა, მაგალითად, ჩვენს მეორე რესპონდენტს, პოეტ პაატა შამუგიას ეს სტილისტიკა პოეზიის თანამედროვეობის ნიშნადაც და, ამდენად, გარკვეულ ღირსებადაც მიაჩნია და აცხადებს:
ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი
,,თანამედროვე პოეზიაში ეს რეპორტიორული სტილი ნამდვილად ცოტა ჭარბობს, რაც, პრინციპში, დროის ამბავიც არის, როდესაც გინდა, მოკლედ გადმოსცე რაღაც მნიშვნელოვანი ამბები, ასე ვთქვათ, არ გამოტოვო პატარა დეტალიც კი. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. უარყოფითი შეიძლება ის იყოს, რომ რაღაც პოეტური ქარგა შეიძლება შევიწროვდეს და სწორედაც რომ ამბავმა შეავიწროოს პოეტური გამოხატვის ფორმები, თუნდაც მეტაფორები, ეპითეტები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ის, რაც ძალიან კარგად ასახავს თანამედროვე ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ თუ პოეზიას უნდა იყოს ზედროული, ის, პირველ რიგში, უნდა იყოს დროული და, ამ თვალსაზრისით, ეკას პოეზია ძალიან დროულია. ვნახოთ, იქნება თუ არა ზედროული“...

სუბიექტივიზმის მოძალება ქართულ პოეზიაში, არსებითად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, შეიძლება, იმ დროიდანაც, როცა ბესიკ ხარანაულმა ერთ ლექსში განაცხადა: ,,მხოლოდ ის აღწერს სამყაროს სრულად, ვინც თავის თავს სრულყოფით აღწერს..“

ზოგჯერ ეს თეზა, საკუთარი თავით დაინტერესების ეს ჟინი სრულიად ეგოისტური სახითაც ვლინდებოდა, როცა თითქოსდა პოეტს აღარავინ აინტერესებდა თავის თავის მეტი.

ეკა ქევანიშვილისათვის კი საკუთარი თავი მხოლოდ საშუალებაა, რითაც, უბრალოდ, ათასობით ადამიანის, ათასობით მისნაირის - გნებავთ, ქალის - განცდასა და ემოციას გამოხატავს.
ეკა ქევანიშვილის პოეტური ენა არის ძალიან არააპოლოგეტური, ნეიტრალური პოეტური ენა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი არის ძალიან ჩართული, თითქოს პირადი განცდებია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგად თემებზე წერს...
პაატა შამუგია


წიგნის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქევანიშვილი მეტისმეტად გულწრფელია - ზოგჯერ აგრესიულად გულწრფელიც კი - და არასოდეს ლაპარაკობს ევფემიზებულად, გადაკვრით იმაზე, რაზეც ხმამაღლა და პირდაპირ უნდა ისაუბროს.

პრინციპულად, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ერთადერთი მხატვრული სამკაული, რასაც ის ლექსის წერისას გამოიყენებს, თორემ ეკა ქევანიშვილი საგანგებოდ გაურბის ყოველგვარ მხატვრულ ხერხს, რამაც, შესაძლოა, ლექსის ტონალობა დათაფლულობისაკენ გადააქანოს. საერთოდ, პოეტური ენა, რომელიც საგანგებოდ სადაა, მაგრამ არა პრიმიტიული, ძალზე საყურადღებოა ეკა ქევანიშვილის ამ კრებულში. პაატა შამუგიას თქმით:

,,ეკა ქევანიშვილის პოეტური ენა არის ძალიან არააპოლოგეტური, ნეიტრალური პოეტური ენა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი არის ძალიან ჩართული, თითქოს პირადი განცდებია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგად თემებზე წერს, მაგალითად, როდესაც აღწერს პატრიარქალურ სამყაროსგან შეწუხებულ ან შევიწროებულ ქალს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ნათლად წარმოვიდგინოთ, ვიზუალური ხარისხი შევქმნათ ამ პოეზიის. ამ მხრივ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია“.

ეკა ქევანიშვილი საგანგებოდ გაურბის დეკლარაციულობას გამოხატვის დონეზე, მაგრამ თემები, რომელთაც ის შეეხება, გარკვეულწილად თავადვეა დეკლარაციული. ეს განაპირობებს ამ პოეზიის მეორე თავისებურებას: მონათხრობი შესაძლოა სრულიად არაპოეტური იყოს, მაგრამ თვითონ ამბავი, ის, რაზედაც მოგვითხრობს ავტორი, არსისეულად არის პოეტური. როგორც პაატა შამუგია ამბობს:

,,ჯერ ერთი, ეს არის, რა თქმა უნდა, სოციალური პოეზია, მაგრამ მე უფრო დავწვრილმანდებოდი, ასე ვთქვათ, და ვიტყოდი, რომ ეს არის ფემინისტური პოეზია, გარკვეული გაგებით, ანუ პოეზია, რომელიც იკვლევს არა ქალთა რაღაც შინაგან სამყაროს, არამედ აღადგენს იმ მიზეზებს, რის გამოც არის ეს ქალთა სამყარო ასე შევიწროებული თანამედროვე გარემოში და, განსაკუთრებით, ქართულ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს განსხვავებული სასმისით სადღეგრძელოებში ქალების შექება, მაგრამ ჩვენ მაინც განსხვავებულ ადამიანებს ვდევნით ხოლმე, ქართული საზოგადოება, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი. ასე რომ, ეს პოეზია არის არა მხოლოდ რაღაც აქტუალურ თემებზე, არამედ აქტიურია. ეს თემებია აქტიური და ეს თემები თან ისეთი რამაა, მხოლოდ დღეს არ არის. ნებისმიერ საზოგადოებაში ყოველთვის იქნება მჩაგვრელი და ჩაგრული და, შესაბამისად, ამ ტიპის პოეზია ყოველთვის იქნება ცოცხალი და აქტუალური“.

თუ ამ კუთხით განვიხილავთ, ეკა ქევანიშვილის პოეტური კრებულის სათაურიც კი გარკვეული მეტაფორაა. სახლის გაყიდვაში აქ იგულისხმება ყველაფერი იმისაგან თავის დაღწევა, იმ ყველაფრის თავიდან მოშორება, რაც პატრიარქალური გარემოს ოდინდელ ადათებს აკანონებს. სახლი, სადაც ადამიანი - და განსაკუთრებით ქალი - დადგენილი წესრიგის სივრცეს ემორჩილება და ამიტომაც ნელ-ნელა კარგავს პიროვნულობას, საკუთარ იერსახეს. ამიტომაც ყიდის ეკა ქევანიშვილი სახლს, რათა მერე ამით უფრო მნიშვნელოვანი, ღია სივრცეში სიცოცხლის უფლება შეიძინოს. ეს სივრცე პოეზიის სივრცეა და აქ ყველა ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ამბავი იმაზე, თუ როგორ და რატომ უნდა გავყიდოთ სახლი.
XS
SM
MD
LG