Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა (14.06.14)


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ ბევრს წერდა უკრაინის შესახებ. სამშაბათს, 10 ივნისს, გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ახალი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა: „თავად პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ეს კონფლიქტი მალე გადაიჭრება, სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით, და ამიტომ მან სხვა მეთოდებს მიმართა - მუქარას, დარწმუნებას და შეხსენებას. დონბასის გატანჯულ ხალხს ავიწყდება, რომ რეგიონის ეკონომიკა არ დაუნგრევიათ კიევში მყოფ „ფაშისტებს“. ... ამასთან, მან დემონსტრაციულად ილაპარაკა რუსულ ენაზე - ეს იყო ჟესტი მათ მიმართ, ვინც ცდილობს ენასთან დაკავშირებული უთანხმოება იდეოლოგიურ დაპირისპირებად აქციოს. ახალმა ლიდერმა პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონებს უფლებებიც გაუფართოვდებათ. ეს სწორი ჟესტების სერია იყო აღმოსავლელი უკრაინელების მიმართ“.

პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ყოველდღიური გამოცემა „რჟეჩპოსპოლიტა“ 10 ივნისს გამოეხმაურა ბულგარეთის გადაწყვეტილებას, გააუქმოს „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის გეგმა. გეგმის გაუქმებას ევროკავშირი მოითხოვდა - ბრიუსელი ეწინააღმდეგებოდა ბულგარეთის მხრიდან კონტრაქტის რუსეთის კონსორციუმისთვის მინიჭებას. გამოცემა მიესალმა მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას, რადგან ის, უწინარესად, უკრაინაში რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგაა მიმართული: „ეს არის რუსეთსა და პუტინთან დაპირისპირების სწორი სტრატეგია. დიალოგის დაწყების მცდელობას შედეგი არ მოაქვს. სამწუხაროდ, ფაქტები ამას აჩვენებს. თავისი მეზობლების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლებების დაცვას რუსეთს მხოლოდ იმ გეგმებში ჩარევა აიძულებს, რომლებიც მას ევროპასა და მსოფლიოში ამოძრავებს. ... გასაკვირი არ არის, რომ ბულგარეთის ნაბიჯს მოსკოვში შეშფოთება მოჰყვა. სხვა თუ არაფერი, „სამხრეთის ნაკადი“ „გაზპრომისთვის“ ერთ-ერთი უმთავრესი ინვესტიციაა და სოფიას გადაწყვეტილება წინაღობას უქმნის ამ რუსული მონოპოლისტის გაფართოების გეგმებს“.

დასავლეთის პრესა აქტიურად ეხმიანებოდა ერაყში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს. „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული, ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ჯგუფის წევრებმა 11 ივნისს კონტროლი დაამყარეს ქალაქ თიქრითზე, ერთი დღით ადრე კი მოსულს დაეპატრონენ და თურქეთის 80 მოქალაქე აიყვანეს მძევლად. დანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „პოლიტიკენი“ 13 ივნისის ნომერში ერაყის მოვლენებთან მიმართებით დასავლეთს აკრიტიკებდა: „მადლენ ოლბრაიტმა ახლახან ერაყის ომს უწოდა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. სამწუხაროდ, ყოფილი სახელმწიფო მდივანი სწორია. მსოფლიო მხოლოდ ახლა იწყებს იმ ძალების ამოცნობას, რომლებიც ბუშის მთავრობამ და სხვა ქვეყნებთან ერთად დანიასთან მისმა ალიანსმა გამოათავისუფლა, როცა 2003 წელს სადამ ჰუსეინი დაამხო. ... იდეა, რომ დასავლეთი ერაყში სამხედრო ფორმით დაბრუნდება, არც რეალისტურია და არც სასურველი. ახლა ბაღდადში შიიტურ მთავრობაზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა მან სუნიტი უმცირესობაც შეიერთოს. მხოლოდ მისი დახმარებით იქნება შესაძლებელი ექსტრემისტულ ჯგუფებთან დაპირისპირება. ... სად არიან ის კონსერვატიული პარტიები, რომლებიც ერთ დროს ამ ომის თავგადასავალს ედგნენ სათავეში? დემოკრატიის დამყარების ნაცვლად, ამ მთელმა წამოწყებამ მხოლოდ ტერორიზმის ურჩხული ასაზრდოვა“.

პრესა ბევრს წერდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესახებაც, რომელიც 12 ივნისს გაიხსნა ბრაზილიაში. ჩეხეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“ 12 ივნისს წერდა: „ეს მოვლენა ყველას მონუსხავს, განურჩევლად ეროვნებისა, ეთნიკური კუთვლინებისა, რელიგიისა თუ კულტურისა. მისი ყურება ერთნაირად ჰგვრის სიამოვნებას ჯიჰადისტებსაც და მათთან მებრძოლ ძალებსაც. მისი ძალა ტოტალურად იზოლირებულ ჩრდილოეთ კორეამდეც კი აღწევს. ეს ფეხბურთს აქცევს უმცირეს საერთო მნიშვნელად კაცობრიობის საერთო ინტერესისთვის. ... ეს ბოლო ამგვარი ღონისძიებაა, რომელშიც პროგრესული დასავლეთი ითმენს გულშემატკივართა ნაციონალიზმს. მსოფლიო ჩემპიონატები ეროვნული ტრიუმფებისა და ტრაგედიების ასპარეზადაა ქცეული. ისინი, ვინც თვლის, რომ ფეხბურთის ჩემპიონატები პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელებაა, კლიშეებით მსჯელობენ. მაგრამ ეს სიმართლეა“.
XS
SM
MD
LG