Accessibility links

logo-print
15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ამ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა 3 მილიონ 429 ათასმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს თვითმმართველობათა როგორც წარმომადგენლობითი ორგანოების -საკრებულოების - წევრების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების - გამგებლებისა და მერების - ვინაობა. ამასთან, 2014 წლის 15 ივნისს, საქართველოს ისტორიაში პირველად, პირდაპირი წესით აირჩევენ გამგებლებსა და მერებს 59 მუნიციპალიტეტსა და 12 თვითმმართველ ქალაქში. რა უფლებამოსილება აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფო ორგანოების სისტემაში და რა გამოარჩევს თვითმმართველობის არჩევნებს სხვა - მაგალითად, საპარლამენტო - არჩევნებისაგან?

საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. შესაბამისად, როგორც თვითმმართველობის სპეციალისტი დავით ლოსაბერიძე ამბობს, პარლამენტისგან განსხვავებით, თვითმმართველობები არ განსაზღვრავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. თვითმმართველობების უმთავრესი ამოცანა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა:

„ეს არის საზოგადოებრივი სერვისების მიწოდება, მოსახლეობასთან სიახლოვე, მათი რეალური მოთხოვნებისადმი ადეკვატური პასუხისმგებლობა და პასუხის გაცემა. ეს არის უმთავრესი ფუნქცია თვითმმართველობისა, ისევე როგორც არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, წყალმომარაგება, დასუფთავება, საბავშვო ბაღები, სკოლამდელი აღზრდა; ისეთი საკითხები, როგორიცაა ტრანსპორტის ორგანიზება, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული, ეკონომიკური, სოციალური პროგრამების განხორციელება და ა.შ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თვითმმართველობა განავითარებს ეკონომიკას ან შექმნის სამუშაო ადგილებს, მაგრამ ის შექმნის შესაბამის გარემოს ამისათვის, თუ მან რეალურად იმოქმედა“.

თვითმმართველობების რეალურად ამოქმედებისათვის კი უნდა გაიზარდოს მათი როლი და კომპეტენციები. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გია ჟორჟოლიანის თქმით, თვითმმართველობის ახალი კოდექსი იძლევა საშუალებას არჩეულმა საკრებულოებმა, გამგებლებმა და მერებმა გადაჭრან ამომრჩევლებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რისთვისაც საჭიროა როგორც კომპეტენცია, ასევე ფინანსური რესურსები:

„კომპეტენციის რესურსების ზრდა მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ აირჩევს კომპეტენტურ ხალხს, იქნება კომპეტენტური თვითმმართველობა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, ჩვენ გარდამავალი დებულების სახით მთავრობას დავავალეთ, წარმოადგინოს წინადადებები ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე. ეს შეეხება გადასახადების ნაწილის პირდაპირ გადამისამართებას თვითმმართველ ერთეულებში. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ცენტრალური ტრანსფერები, მაგრამ წილობრივი მონაწილეობა გადასახადებში მნიშვნელოვნად გაზრდის სტიმულირებას თვითმმართველობებისას, რომ მან განახორციელოს დამოუკიდებელი პროექტები“.

გია ჟორჟოლიანის თქმით, 2014 წლის სექტემბრამდე შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილების სქემას განსაზღვრავს. ამჟამად ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ქონების გადასახადიდან მიღებული თანხები რჩება, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის მთავარ წყაროს კი ცენტრალური მთავრობიდან მიღებული ტრანსფერები წარმოადგენს, რაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, თვითმმართველობის სრულფასოვან განხორციელებას შეუძლებელს ხდის.

„მწირი ადგილობრივი შემოსავალი, რომელიც აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, არ ყოფნის მინიმალურადაც კი ადგილობრივი ხარჯების თაფინანსებას. ამიტომ საბიუჯეტო სისტემა ჯერჯერობით არ იძლევა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას, თუმცა მთავარია, რომ ტრანსფერები განაწილდეს რეგიონების მიხედვით მეტ-ნაკლებად ობიექტურად, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ის ქალაქი ან რაიონი, სადაც შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციამ, შესაძლოა ცენტრალურმა ხელისუფლებამ დასაჯოს და შეუმციროს ტრანსფერის მოცულობა“, უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე კანდელაკი ამბობს, ბევრი რამ დამოკიდებულია თვითმმართველობების პერსონალურ შემადგენლობაზეც. შესაბამისად, ამომრჩეველს დიდი დაფიქრება მართებს არჩევანის გაკეთების წინ:

„ბევრი რამ დამოკიდებულია ახლად არჩეული მერების, გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების უნარზე - იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებლად იმოქმედებენ და შეძლებენ ადეკვატურად პრიორიტეტების გადანაწილებას, ანუ განსაზღვრავენ, პირველ რიგში რა პრობლემებია მოსაგვარებელი და ოთხწლიან ციკლს გამოიყენებენ ამ პრობლემების გადასაჭრელად“.

სამწუხაროდ, თვითმმართველობის მოქმედი კოდექსით, ამ ეტაპზე სოფლის დონეზე თვითმმართველი ერთეულები არ ყალიბდება, თუმცა, გია ჟორჟოლიანის თქმით, გარდამავალ დებულებაში გაკეთებული ჩანაწერით, 2014 წლის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული სოფლად საზოგადოებრივ თვითმმართველობათა ჩამოყალიბების შესახებ კანონი. რაც შეეხება თვითმმართველობების საქმიანობასა და კომპეტენციას რეგიონის დონეზე, გია ჟორჟოლიანის თქმით, 15 ივნისს არჩეულ თვითმმართველობებს ამ მიმართულებით ფართო ასპარეზი მიეცემათ.

„არჩეული გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალური პროექტების განხილვაში. მათ ექნებათ შესაძლებლობა თავადაც წარმოადგინონ ეს ინიციატივები. ისინი იქნებიან წარმოდგენილი გუბერნატორებთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოში. ეს ნიშნავს იმას, რომ იმაზე უფრო მსხვილი პროექტები, ვიდრე ადრე წარმოადგენდნენ ხოლმე, იქნება მუნიციპალიტეტების განსჯის საგანი, ესე იგი, პროექტები რომლებიც რეგიონალურ განზომილებას შეიძენენ და არ იქნებიან მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული. ამის გამო, ეს პროექტები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს წმინდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით - მაგალითად, საწარმოების მშენებლობის ან საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისთ და ა.შ.“, უთხრა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ჟორჟოლიანმა, რადიო თაივსუფლებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი საკრებულოების წევრობისათვის 15 ათასი კანდიდატი იბრძვის, მანდატი კი მხოლოდ 2 ათასზე უნდა განაწილდეს.
XS
SM
MD
LG