Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებლებმა ამ დროისთვის 17 დარღვევა დააფიქსირეს და 5 საჩივარი დაწერეს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყველაზე მეტი დარღვევა კი ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა. საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულად შეაფასა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.“ ორგანიზაციის მეთვალყურეებს ამ დროისათვის 9 საჩივარი აქვთ დაწერილი.

ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია დარღვევებზე, რომლებიც პარტიის განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოავლინა. მისი ინფორმაციით, ნაძალადევის ოლქის მე-14 უბნის გარეთ ჩხუბი მოხდა, წალკის 34-ე უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატი უბანზე ეწეოდა აგიტაციას, ბოლნისის 48-ე უბანზე კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ძმამ სამკერდე ნიშანი ჩამოგლიჯა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარე უბანზე აღარ უშვებდა. პარტიის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ შიდა ქართლის სოფლებში დიცსა და არბოში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ. ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, ბათუმში 102-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ "ქართული ოცნების" აქტივისტები აგიტაციას და ჯგუფების მობილიზებას ეწევიან და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას.

კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებით, ზოგიერთ ოპონენტს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი აქვს. კოალიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს გაუგზავნეს მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის კოალიციის ლიდერებზე, საარჩევნო ტემპერატურის აწევის და ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს მოუწოდა, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის და ქვეყნის მომავალს და საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის საკეთილდღეოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. "ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ხმა თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 54-ე უბანზე მისცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი არჩევნების შედეგად საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული საკრებულოები და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მერები და გამგებლები. დავით უსუფაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის აჟიოტაჟის საგანი არჩევნების მეორე ტურის თემა. „იქნება თუ არა მეორე ტური, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო" - განაცხადა უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG