Accessibility links

logo-print
15 ივნისს თბილისში საარჩევნო უბნები დილის შვიდ საათზე გაიხსნა და რვა საათიდან ამომრჩევლების პირველი ნაკადიც მიიღო. თბილისის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, იყო გარკვეული ხარვეზებიც - ზოგიერთ უბანზე ცალკეული პარტიების წევრები აგიტაციას ეწეოდნენ, ზოგან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების არაკომპეტენტურობა გამოიკვეთა. საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები კი, თავის მხრივ, ამომრჩევლის პასიურობაზე ჩიოდნენ და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს წინა წლების არჩევნებს ადარებდნენ.

თბილისის საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პასიურობა შეინიშნებოდა. ყველაზე ხშირად სწორედ ამაზე ჩიოდნენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები და გასულ არჩევნებს იხსენებდნენ. 22-ე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლალი ბჟინავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა ამომრჩევლის აქტიურობა წინა არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო, თუმცა თავად პროცესი, მისი შეფასებით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა:

„შვიდ საათზე გავხსენით უბანი, რვაზე არჩევნებიც დაიწყო და ცხრის ხუთ წუთზე უკვე პირველი ამომრჩეველიც გვყავდა. აქტიურობა არც ისე მაღალია, პროცესიც ნორმალურად მიდის, დარღვევების გარეშე“.

ამომრჩევლის აქტიურობა აკლდა მე-12 საუბნო-საარჩევნო კომისიის მდივანს ლიანა ქაჯაისაც. მისი თქმით, შუადღის პირველი საათისათვის უბანზე მხოლოდ 200-მდე ამომრჩეველი იყო მისული:

„შარშანაც მდივანი ვიყავი და წელსაც და რა შედარებაა. რომ ვუყურებ, გული მიკვდება, ასე ცოტა ხალხი რომ მოდის. 12 საათისთვის 177 ამომრჩებველი - ცოტაა. ვნახოთ, იმედია ხალხი მოიმატებს“.

ნინო ჯანელიძემ ხმა მე-16 უბანზე მისცა. მას ესმის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მნიშვნელობა და საკუთარი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, პასუხისმგებლობაც. არჩევნებზეც ამ განწყობით მივიდა:

„მე მივეცი ხმა მომავალს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, პასუხიმსგებელია იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება ეყოლება მას, ადგილობრივი იქნება ეს თუ, ზოგადად, ქვეყნის, ამიტომ ჩემთვის ეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა, რომ ხმა მივცე იმ კანდიდატს, ვინც ჩემთვის უფრო სასურველი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მართვაში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა, რადგან ერთპარტიული მმართველობა რასაც ნიშნავს, ეს უკვე ვნახეთ“.

ამავე მე-16 უბანზე მისული კიდევ ერთი ამომრჩეველი კი გვეუბნება, რომ ცვლილებების დიდი იმედი არა აქვს, თუმცა, არჩევნებზე მაინც მივიდა:

„მე მგონია, რომ ვისაც უნდა იმას დასვამენ და ფორმალობაა, მაგრამ მაინც მოვედი, იქნებ და არ მოხდეს ასე და ჩემმა ხმამ რამე შეცვალოს?“

შუადღისათვის ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა, რომლის თანახმად, დღის განმავლობაში ყველაზე მეტად მთელი საქართველოს მასშტაბით რაჭა-ლეჩხუმი აქტიურობდა, ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი კი თბილისის საარჩევნო უბნებზე მივიდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, თბილისის ცალკეულ უბნებზე სხვადასხვა სახის ხარვეზებიც შეინიშნებოდა. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველს“ ცნობით, სამგორის საარჩევნო ოლქის #79 უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან სამ საათში აღმოაჩინეს, რომ უბანზე #117 უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესი შეაჩერა და მომხადრის შესახებ საოლქო კომისიას შეატყობინა. ხოლო მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ყუთში არსებული ყველა ბიულეტენი გაუქმდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს ირჩევდა. მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები კანონის თანახმად, ოთხი წლის ვადით ირჩევიან. თბილისის მერობისთვის სულ 14 კანდიდატი იბრძოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. მათ შორის, ცესკო-ში რეგისტრაცია შვიდმა საელჩომ გაირა, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთისა და შვედეთის საელჩოებმა.

თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დილიდანვე გააკეთეს. ყველა მათგანი მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ხმა ქვეყნის მომავალს მისცა.

კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ეს არჩევანი საბურთალოს #1 უბანზე დააფიქსირა.

„არჩევანი იმ ძალის სასარგებლოდ გავაკეთე, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი უნდა განავითაროს და უკეთესი მომავალი უნდა შეუქმნას ჩვენს პატარებს, თითოეული კატეგორიის ადამიანს. ხმა მივეცი იმ ძალას, რომელმაც დედაქალაქში ძალიან ბევრი საქმე უნდა გააკეთოს განაშენიანების, ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით. იმ ძალას, რომელიც ერთობლივი ზრუნვით, საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოახერხებს იმას, რომ უკეთეს დედაქალაქში აცხოვრებს ჩვენს მომავალ თაობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მთაწმინდის #6 უბანზე მივიდა საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს დღე უმნიშვნელოვანესი დღეა ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში.

„იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ და ამავე დროს ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი და დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მისი თქმით, ხმა ქვეყნის მოწესრიგებას მისცა. #24 საარჩევნო ოლქში მისულმა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ „უნდა დამთავრდეს ერთსისტემური მმართველობა და ქვეყნის ერთიანობისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მთაწმინდის #6 უბანზე მისცა ხმა. მისი თქმით, თბილისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველა ადამიანის მერი იქნება.

"ჩემი აზრით, ძალიან პრაგმატული და რაციონალური არჩევანი გავაკეთე. ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან. დარწმუნებული ვარ, თბილისელები გააკეთებენ ასეთ ზუსტ, ასეთ პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან, ბრმად ავტორიტეტზე გაყოლა არის ის, რამაც კარგი ვერ მოგვიტანა. ამის ნათელი მაგალითი ერთი წლის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს", - აღნიშნა ნიკა მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბარში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი, რომელმაც ხმა ვაკის #11 საარჩევნო უბანზე მისცა, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა პირობა იყო შექმნილი არჩევნების მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად. როგორი იქნება სადამაკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნა და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგები, ეს უკვე უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG