Accessibility links

logo-print

აშშ-მა დაგმო თიქრითში მეამბოხეების მიერ ერაყელი ჯარისკაცების დახოცვა


აშშ-მ დაგმო ერაყელ მეამბოხეთა მიერ ჩადენილი „საზარელი“ ხოცვა-ჟლეტა. დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ ერაყის ჩრდილოეთის ქალაქ თიქრითში დახოცა ასობით ერაყელი შიიტი სამხედრო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ 15 ივნისს განაცხადა, რომ ერაყის საჰაერო ძალების შიიტი ახალწვეულების დახოცვა არის “სისხლის წყურვილის საზარელი და ნამდვილი გამოხატულება“. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ არის „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც ერაყის ჩრდილოეთსა და დასავლეთში მნიშვნელოვან ტერიტორიას, მათ შორის ქალაქებს - თიქრითსა და მოსულს აკონტროლებს. სამხედროების დახოცვის დასადასტურებლად მეამბოხეებმა ინტერნეტით გაავრცელეს ფოტოები. მასალის მიხედვით რთულია მსხვერპლის რაოდენობის განსაზღვრა. თუმცა, ერაყის არმიის წარმომადგენელმა გენერალმა ყასიმ ალ მუსავიმ დაადასტურა ფოტოების ავთენტურობა და ის, რომ მათზე სულ ცოტა 170 დახოცილი ჯარისკაცია ასახული. მეამბოხეების განცხადებით, ერაყის არმიის შიიტი ჯარისკაცები მათ თავიანთი მეთაურის მკვლელობის გამო შურისძიების ნიშნად დახოცეს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ მასაც აქვს ცნობები „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების მიერ თიქრითსა და მოსულში ადამიანების უსაფუძვლოდ, გაუსამართლებლად დახოცვის შესახებ. ვაშინგტონმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოს დაცვა გააძლიერა, თანამშრომლების ნაწილი კი გახიზნა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დაიქადნა, რომ მეამბოხეების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს დაიბრუნებს. გენერალ-ლეიტენანტმა ყასემ ატტამ 15 ივნისს განაცხადა, რომ ბაღდადის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლაში უპირატესობა დაიბრუნეს სამთავრობო ძალებმა.
XS
SM
MD
LG