Accessibility links

logo-print

გორში მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ოქროს ფასი აქვს


გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება. ქალაქშიც და თემშიც კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერავინ შეძლო. კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ზურაბ ჯირკველიშვილს, ამომრჩეველთა 41-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი „ქართული პარტიიდან“, კახა ერგემლიძემ, 29 პროცენტი მიიღო. გორის თემში კოალიციის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა 46, „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა ბონდო ვათიაშვილმა კი 27 პროცენტი აიღო. ნაადრევი გამოდგა წუხელ გაკეთებული განცხადებები როგორც ირაკლი ოქრუაშვილის, ისე ზურაბ ჯირკველიშვილის მხრიდან, რომლებიც უპირობო გამარჯვებაზე ლაპარაკობდნენ. დღეს გორის მერობის კანდიდატი „ქართული პარტიიდან“ კახა ერგემლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესულ ხმებს ითვლიან კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მეორე ტურში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

გორში „ნაციონალური მოძრაობა“ მესამე ადგილზე გავიდა. პარტიის გამგებლობის კანდიდატი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ დაბალი აქტივობის ფონზე მათმა კონკურენტებმა შეძლეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, ტოლიაშვილის აზრით, გორელების ნაწილმა ოქრუაშვილის ტყუილი დაპირებებიც დაიჯერა. მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ამომრჩეველთა ხმებს ოქროს ფასი აქვს. კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ჯერ არ უფიქრიათ, მეორე ტურში მათი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება საკრებულოების შემადგენლობას, გორის თემის 35-კაციანი საკრებულოს უმრავლესობას კოალიცია „ქართული ოცნება“ აკომპლექტებს, მათმა მაჟორიტარებმა 16 საარჩევნო ოლქი მოიგეს. ქალაქის საკრებულოში კი ამ დრომდე გაურკვევლობაა -მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას, ამ დროისთვის 15-კაციან საკრებულოში მათ მხოლოდ 7 წევრი შეჰყავთ, ამიტომ ღიად რჩება საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი, რადგან უმრავლესობის შესაქმნელად ერთი დეპუტატის ხმა სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG