Accessibility links

logo-print
კენჭისყრის პროცესის მსგავსად, არც საარჩევნო უბნების დახურვას ჩაუვლია ზუგდიდში ინციდენტების გარეშე. გვიან ღამით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის საარჩევნო უბანზე ათზე მეტი შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომლებსაც თან ჰქონდათ ცესკოს ბეიჯები და დათვლილი ხმების ამსახველი მონაცემების გადასწორებას ცდილობდნენ. კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, პოლიციის გამოჩენისთანავე მათ ფანჯრების ჩამტვრევა და გადახტომა მოახერხეს, თუმცა მიმალვა ვერ შეძლეს. წუხელ სამართალდამცველებმა დაკავებული ახალგაზრდები სამხარეო პოლიციის შენობაში დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალგაზრდები ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით მიიყვანეს სამმართველოში და წუხელვე გაათავისუფლეს. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ლაშა გვასალიას განცხადებით, ეს პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ლაშა გვასალია წუხელ ღამის ხუთ საათამდე ახალსოფლის უბანთან იმყოფებოდა. იქ სწორედ ამ დროს დაასრულეს კენჭის დათვლის პროცედურა და ყუთი საოლქო კომისიაში გადაიტანეს.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაცია. დესანტთა ჯგუფია ჩამოსული, ასე ვიცოდით ჩვენ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, და ზუსტად ეს მოხდა“.

ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი გია ვოლსკი. მისი თქმით, ახალგაზრდების ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ წაგებული შედეგების შეცვლას ცდილობდა:

„ეს ხალხი დკავშირებულია გიგა ბოკერიასთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან. მასთან ერთად იყვნენ ისინი სხვა უბნებზეც გამოჩენილი“.

მომხდარ ინციდენტს, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები ლაპარაკობენ, არ ადასტურებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ტატო ლაგვილავა, რომელიც წუხელ სამართალდამცავებმა უბანზე აიყვანეს და პოლიციის შენობაში დაკითხეს:
’ქართულმა ოცნებამ’ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მეთოდებით გადაეწერა ეს შედეგები, რომელიც დაფიქსირდა. სწორედ მას შემდეგ, რაც იქ დაიწყო კონფლიქტი, აქედან მივლენილ იქნა ეს ჯგუფი, რომელიც იქ აკვირდებოდა...


​„არანაირი შევარდნა, არანაირი შეჭრა, წესრიგის დარღვევა არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის თქმით, ის ახალსოფლის უბანზე პარტიის აქტივისტის სტატუსით იმყოფებოდა.

უბანთან დაძაბულობა სამართალდამცველების მობილიზების შემდეგ განიმუხტა, თუმცა მოგვიანებით ამ ფაქტზე ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოხდა. სამხარეო პოლიციის შენობასთან დაკავებულთა მდგომარეობის გასარკვევად მოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და ნუგზარ წიკლაურს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამდენჯერმე ხელი დაარტყეს ნუგზარ წიკლაურს. აქაც არეულობის განმუხტვა სამართალდამცველების დახმარებით მოხერხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პოლიციის შენობა რამდენიმე საათის შემდეგ დატოვეს. ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ახალსოფელში მომხდარი ინციდენტის გამო დაკითხეს:

„’ქართულმა ოცნებამ’ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მეთოდებით გადაეწერა ეს შედეგები, რომელიც დაფიქსირდა. სწორედ მას შემდეგ, რაც იქ დაიწყო კონფლიქტი, აქედან მივლენილ იქნა ეს ჯგუფი, რომელიც იქ აკვირდებოდა. არავინ - არც პოლიცია და არც არავინ - არ ადასტურებს, რომ ჩვენი დამკვირვებლები რამენაირად უგულებელყოფდნენ კანონს“.

ახალსოფლის საარჩევნო უბნის კომისიის წევრების თქმით, მომხდარ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია ხმის დათვლის პროცედურაზე, რომელიც კანონის სრული დაცვით ჩატარდა და მიღებული ბიულეტენები ზუგდიდის საოლქო კომისიაში წუხელვე გადაიტანეს.
XS
SM
MD
LG