Accessibility links

თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ ლიდერობს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგად პროპორციული სისტემით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“ ხმების 50,74%, მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 22,31% და მესამეზე - "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" 10,29%. თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის ყველა ოლქში ლიდერობენ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 8 თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად საჭირო იქნება მეორე ტური. თბილისში, სადაც დათვლილია უბნებიდან მიღებული შედეგების 98%-მდე, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ნარმანიას აქვს ხმების 46,11% , მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია 27,94%-ით. მერად არჩევისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გადალახეს ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში. კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, თუმცა 50%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება 15 თვითმმართველ თემშიც. მეორე ტური სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG