Accessibility links

logo-print

რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდის პრიორიტეტები 2014 წელს


დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, უნდა შეასრულოს თუ არა სახელმწიფომ ინვესტორის როლი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უარი თქვა ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდაზე, რჩება პროექტები, რომლებიც კვლავ აქტუალურია. მათ შორისაა რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდი, რომელიც გასულ წელს სრულად არ იქნა ათვისებული, ამჯერად კი 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილია სულ 515 პროექტის დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მეორე მსხვილ რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტთან - სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან - შედარებით, ბევრად უფრო მასშტაბურია და მოიცავს მსხვილი პროექტების დაფინანსებას.

რეგიონების მიხედვით დაგეგმილი პროექტების გადახედვა შემდეგ სურათს იძლევა:

2014 წელს ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსის მიხედვით, ყველაზე დიდი ნაწილი, 29 %, იმერეთის რეგიონზე მოდის, რაც 1.23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თანხობრივად ეს 34 მილიონი ლარის ტოლია და აღნიშნული რესურსის ფარგლებში დაფინანსდება 130 პროექტი.

მეორე ადგილს, დაფინანსების მასშტაბის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი იკავებს, სადაც გამოყოფილია, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი და შესასრულებელია 66 პროექტი.

პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

2013 წელთან შედარებით, დაფინანსებამ იკლო ქვემო ქართლში და იგი 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, თუ 2013 წელს ქვემო ქართლი პირველ ხუთეულში მეორე ადგილს იკავებდა, ამჟამად მესამე ადგილზეა, კახეთის რეგიონის შემდგომ. სხვათა შორის, სწორედ ქვემო ქართლი იყო ის რეგიონი, რომელშიც 2013 წელს ყველაზე მეტი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, ეს კლებაც ლოგიკურია.

2014 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პრიორიტეტებში - როგორც პროექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისე დაფინანსების კუთხით - ლიდერობს გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. პროექტების საერთო რაოდენობაში მას 45% უკავია, დაფინანსებაში კი - 53%, რაც თანხობრივად, დაახლოებით, 73 მილიონი ლარის ტოლია. შემდეგ ადგილზე წყალ-კანალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებია, რასაც საერთო პროექტების რაოდენობის 27% უკავია, ხოლო ფინანსური რესურსის - 21%. დაფინანსების კუთხით მესამე ადგილს სახლების რეაბილიტაცია იკავებს, 9%-ით. პროექტების რაოდენობით კი ყველაზე მეტი პროექტი სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG