Accessibility links

logo-print

შესაძლოა, მეორე ტურამდე გაგრძელდეს წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აცნობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოცხადებული მორატორიუმი საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩართული პირების სამართლებრივ დევნას შეეხებოდა. მინისტრს დღეს შეკითხვა დაუსვეს მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტზე. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და მისი დასრულებისთანავე საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. 16 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც პარტიის განცხადებით, ერთ-ერთ უბანზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენების ჩაყრას ასახავს. ეს ინფორმაცია უარყო მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბმა. მისი განცხადებით, ვიდეომასალაში ფიგურირებს მარნეულის მოქმედ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული წევრის ჯაფრაილ უსუპოვის ცოლის ძმა ნაზი მალიევი, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ პროვოკაცია თავად ამ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG