Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, 15 ივნისის არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების შესახებ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდის საელჩოების ერთობლივი განცხადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. პეტრიაშვილის თქმით, სამი ქვეყნის პოზიციაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებით გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი. სახელმწიფო მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მცირედი ხარვეზების მიუხედავად, 15 ივნისის არჩევნები იყო მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ. “ეს არის სერიოზული გამოხატულება იმისა, რომ საქართველო არის შემდგარი და კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, პლურალიზმის მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდის ელჩებმა გასულ საღამოს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც 15 ივნისის არჩევნებს უწოდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი და საქართველოს წარმატებული საარჩევნო დღე მიულოცეს. ელჩებმა მთავრობას მოუწოდეს, მეორე ტურამდე ობიექტურად გამოიძიოს არჩევნების დღემდე არსებული ბრალდებები ზეწოლისა და ძალადობის შესახებ.
XS
SM
MD
LG